ანდრეი ილარიონოვი: 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო

  16:02:21     30-06-2012

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა, რუსეთი მუდმივად ცდილობს ყველგან აღნიშნოს, რომ ეს ომი მას არ დაუწყია და კვლავ აგრძელებს მცდელობას აგრესორის როლში საქართველო გამოიყვანოს. კრემლი ამის „დასამტკიცებლად“ რა ხრიკებს აღარ მიმართავს. რაც მთავარია, მას სამ ხმაში მაშინათვე აჰყვებიან–ხოლმე აფხაზი და ოსი სეპარატისტებიც.

თუმცა ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ცნობილია. მით უმეტეს, რუსები ისე უნამუსოდ იტყუებიან ამ საკითხის გამო, რომ მათი უკვე ნაკლებად თუ სჯერა ვინმეს. თანაც, ფაქტია, თვით რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტებიც კი უკვე ღიად აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ კი არა რუსეთმა დაიწყო და ამას სათანადო მტკიცებულებებითაც ამყარებენ.

2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო – ასეთი განცხადება გააკეთა ამჯერად, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ცნობილმა რუსმა ეკონომისტმა და სახელმწიფო მოღვაწემ, ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ანდრეი ილარიონოვმა.

მან ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რუსეთ–საქართველოს ომისადმი მიძღვნილი სპეციალური მოხსენებით გამოვიდა და ეს განცხადებაც სწორედ იქ გააკეთა.

განცხადება განცხადებად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ანდრეი ილარიონოვმა კონფერენციაზე წარმოადგინა მტკიცებულებანი იმის თაობაზე, რომ 58–ე არმიამ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ ბრძანება მიიღო არაუგვიანეს 5 აგვისტოს დილისა.

ამ ომში ჩართულები იყვნენ ასევე ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალები. ფაქტებზე დაყრდნობით, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ირწმუნება, რომ კრემლის ყველა განცხადება, თითქოს ომი საქართველომ წამოიწყო, მტკნარი სიცრუეა.