შეხვედრა ალექსანდრე ვერშბოუსთან

  10:36:26     30-06-2012

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ დღეს  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში მონაწილეობამდე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.    „ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და მაქვს საშუალება სიტყვით გამოვიდე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. თავდაცვის მინისტრ ბატონ ბაჩო ახალაიასთან ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა მქონდა და მადლობელი ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მონაწილეობა ავღანეთის მისიაში და სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ეს ჩემი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ძალიან კარგი შეჯამება იყო.“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე ვერშბოუმ.   „ჩვენ გვქონდა საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და პერსპექტივებზე ამ მიმართულებით. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ბატონი ვერშბოუ როცა იყო ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ჩვენ მასთან ერთად დავიწყეთ ცალკეული რეფორმები, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოში და ამ მიმდინარე რეფორმების პროგრესზეც გვქონდა საუბარი. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.“ - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.    შეხვედრაზე მხარეებმა ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ნატოს ეგიდით მიმდინარე  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ალიანსთან აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საქართველო-ნატოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. თავდაცვის სამინისტრომ სურვილი გამოთქვა ალიანსთან „გონივრული თავდაცვის“ ფარგლებში ითანამშრომლოს და სხვადასხვა მრავალეროვნულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.    საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დღეს თავდაცვის მინისტრმა  ბაჩო ახალაიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა.  ბაჩო ახალაია აშში-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ენდრიუ ვებერს, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვოლანდერს, კონტრადმირალ მარკ მონტგომერს და კონფერენციის სხვა მონაწილეებს შეხვდა. ინდივიდუალური შეხვედრების გარდა კონფერენციის ფარგლებში დღეს ავღანეთთან „ვიდეო ხიდი“ გაიმართა.   mod.gov.ge