დავით ბაქრაძე: სახელმწიფო, Must carry–ის მონაწილე მხარეებს წაახალისებს

  17:46:41     29-06-2012

საქართველოში ე.წ. Must carry–ის პრინციპის დანერგვის საკითხი დაკანონებულია. საკანონმდებლო ორგანომ მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით, მომზადებული კანონპროექტი 103 მომხრე ხმით ერთხმად დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, საკაბელო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან წინასაარჩევნო პერიოდისთვის შემოღებული სავალდებულო ტრანზიტი, არჩევნების დანიშვნის მომენტიდან სამ დღეში აამოქმედონ და არჩევნებამდე 60 დღის ვადით განახორციელონ. თუმცა,  პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო იმ საკაბელო კომპანიებსა და სატელევიზიო არხებს წაახალისებს, რომლებიც თანამშრომლობას ამ პრინციპის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელებენ.

სპიკერის თქმით, თუ საკაბელო კომპანიები და სატელევიზიო არხები  შეთანხმებას მოახერხებენ, რომ თანამშრომლობა არჩევნების დასრულების შემდეგაც გააგრძელონ, როცა პარლამენტის მიერ დაკისრებული ვალდებულება დასრულდება, სახელმწიფო მათ წაახალისებს.

„ის, რომ არჩევნების დღეს სრულდება ვალდებულება საკაბელო ოპერატორებსა და მაუწყებლებს შორის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ურთიერთობა ამ დღეს ავტომატურად გაწყდება. არ არსებობს იმის ვალდებულება, რომ ამ დღეს მაუწყებლის სიგნალის შეჩერება მოხდეს. თუ საკაბელო მაუწყებლები და სატელევიზიო არხები შეთანხმებას მოახერხებენ, რომ მისაღები კომერციული კომპრომისის ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდეს, მას ჩვენ მხოლოდ მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება ე.წ. Must carry–ის პრინციპს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების დღემდე განსაზღვრული პერიოდის გარდა, არჩევნების მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში და შუალედური არჩევნების დროსაც იმოქმედებს.

ამასთან, ცვლილებებით, თუ საკაბელო კომპანიები სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს არჩევნების დანიშვნიდან ერთი დღის ვადაში არ განახორციელებენ, ამაზე გაფრთხილებას მიიღებენ. გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში კი, დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების დარღვევა, მათთვის ერთი წლის ვადით ავტორიზაციის ჩამორთმევას გამოიწვევს.

კანონპროექტის მიხედვით, ამ კუთხით ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამოვლენიდან ან მაუწყებლისაგან შესაბამისი განცხადების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

პროექტით კონკრეტდება, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს. საქალაქო სასამართლო საჩივარს ორი კალენდარული დღის ვადაში განიხილავს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილებას საჩივრის შეტანიდან ორი  კალენდარული დღის ვადაში იღებს.  თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, საბოლოოა და არ საჩივრდება.

გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და მაუწყებლებს ორი კვირის ვადაში ინფორმაცია მიაწოდოს და განსაზღვრულ სუბიქტთა ნუსხაც გამოაქვეყნოს.

რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, საკაბელო კომპანია ვალდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში, აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირის არხი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის. ამ შემთხვევაში კი, მაუწყებელს არ წარმოეშვება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი კი, ვალდებულია მომხმარებლისთვის მაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით  მიწოდება უზრუნველყოს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა. საკითხზე, თავდაპირველად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ Must Carry-ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, დავით ბაქრაძე  ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ პრინციპს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა. მოგვიანებით კი, პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო.