სირია-თურქეთი ომის ზღვარზე: მხარეებმა სამხედრო ტექნიკის მობილიზება დაიწყეს
17:38:10     29-06-2012
თურქეთი აცხადებს, სირიის საზღვართან სამხედრო ტექნიკა მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად გადაისროლა.
ტექნიკის მობილიზება ანკარამ 27 ივნისს დაიწყო, გუშინ კი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საზღვრისპირა პროვინცია ხატაის მიმართულებით კვლავ დაიძრა დამატებითი ჯავშანტექნიკა, ტანკები, არტილერია და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. საინფორმაციო საშუალებების ცნობით კი, სამხედროებს მიცემული აქვთ ბრძანება, პასუხი გასცენ სირიის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკა მეზობელ პროვინციაშიც იყრის თავს.
პარალელურად, CNN-ის ცნობით, თურქეთი ემზადება იმისათვის, რომ სირიასთან საზღვარზე ბუფერული ზონა შექმნას, რადგან 22 ივნისს სირიის მიერ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ანკარა თვლის, რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.
პარალელურად, სამხედრო ტექნიკის მობილიზება დაიწყო საზღვართან სირიამაც. თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში უკვე ბაშარ ასადის 170 ტანკია თავმოყრილი. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ტექნიკას ან საზღვრის გასწვრივ განალაგებენ, ან მისი გამოყენებით იერიშს მიიტანენ იქვე განლაგებულ დასახლებულ პუნქტებზე, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.
სირიის ბედი დღეს სანკტ-პეტერბურგშიც წყდება, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ლავროვმა აღიარა, რომ სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტის მომხრე მაინცდამაინც არც დასავლეთია, რადგანაც მისი თქმით, ნატოს ქვეყნებს არ სურთ „ლიბიის კატასტროფის“ განმეორება.
თუმცა რუსეთი, რომელიც მართალია ამტკიცებს, რომ „ასადზე ჯვარი დაწერილი არ აქვს“, საბოლოოდ ჯერ არც კოფი ანანის მეორე გეგმას დასთანხმებია, რომელიც სირიაში გარდამავალი ერთობის მთავრობის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თავის მხრივ, დაკომპლექტებული იქნება ნახევრად ოპოზიციონერებისგან, ნახევრად კი ასადის რეჟიმის წარმომადგენლებისგან. მოსკოვმა თითქოსდა ამ გეგმაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ არანაირ ტექსტზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს. და საერთოდ, უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ კოფი ანანის გეგმის ტექსტი მედიაში გავრცელდა.
ამასთან, შაბათს, ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, ჟენევაში გაეროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის ინიციატივით კონფერენციაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი, ერაყი, კუვეიტი და კატარი. კოფი ანანს იმედი აქვს, რომ ისინი სირიაში დროებითი მთავრობის შექმნის იდეას მხარს დაუჭერენ.
თუმცა ასეთი გეგმის მიღებას, როგორც ჩანს, საერთოდაც არ აპირებს ბაშარ ასადი, რომელმაც დღეს ირანული ტელევიზიის ეთერით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება კრიზისის გადაჭრას „გარედან არ მიიღებს“ - იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასეთი წინადადება მისდამი მეგობრულად განწყობილი ქვეყნებისგან იქნება ინიცირებული.