
რუს ხელშეუხებელთა კასტა (ვიდეო)
14:53:49     29-06-2012
ფონდ Hermitage Capital-ის ხელმძღვანელი ბილ ბრაუდერი, რომლის იურისტიც სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის იზოლატორში მოკლეს, აცხადებს, რომ რუსეთიდან მასაც ემუქრებიან. ბრაუდერი ამბობს, რომ ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე არაერთი მუქარის წერილი მიიღო. „მე და ჩემმა კოლეგებმა განადგურების მუქარით მოსკოვიდან 11 წერილი მივიღეთ“ - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც ცდილობს სერგეი მაგნიტსკის მკვლელების დასჯას მიაღწიოს.
ამ დღეებში კი ის ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც რადიო „ამერიკის ხმას“ ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ სერგეი მაგნიტსკი რუსეთში მოქმედმა კრიმინალებისა და ჩინოვნიკების ერთობლივმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოკლა.
- მე ვაშინგტონში ორი მიზეზის გამო ჩამოვედი. პირველი, ეს არის მაგნიტსკის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ახლა სენატში განიხილეს და ჩვენი მოლოდინი გამართლდა, როცა სენატის კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ეს ნიშნავს, რომ დარჩა ფინალური ეტაპი, როცა კანონპროექტს კენჭი მთელმა კონგრესმა უნდა უყაროს.
მეორე მიზეზი კი დოკუმენტური ფილმის პრემიერაა, რომელიც სერგეი მაგნიტსკის მეგობრებმა შექმნეს. ჩვენ ჩვენებაზე მოვიწვიეთ სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს აშშ-ის პრეზიდენტსა და ფინანსთა სამინისტროს, ძალიან მკაცრი სანქციები დაუწესონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც მაგნიტსკის მკვლელობის უკან დგას. სენატორი აპელირებს პრეზიდენტის 13581 განკარგულებაზე, რომელიც ამერიკის ხელისუფლებას უფლებას აძლევს იგივე ზომები გამოიყენოს დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრთა მიმართ, რასაც ტერორისტების წინააღმდეგ იყენებს - განაცხადა ბრაუდერმა.
ამ სანქციების ძალა მართლაც მნიშვნელოვანია. ამერიკელი მოქალაქეები და ამერიკული ბანკები ვეღარ შეძლებენ საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ არა მარტო სანქციის ქვეშ მოხვედრილ პირებთან, არამედ მათთანაც, ვისაც ამ პირებთან აქვთ ურთიერთობა და კავშირი.
ფილმში, რომლის პრემიერაც ვაშინგტონში შედგა, - „ხელშეუხებელთა კასტა - მე-4 ნაწილი“, ამ თემას 18 წუთი ეთმობა. ფილმში ნაჩვენებია ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების ისტორია, მისი პირველი დანაშაულებები, რომლებიც 8-9 წლის წინ ჩაიდინეს და ეს მაგნიტსკისთან არის კავშირში. ამ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ თავისი მოღვაწეობა 8 წლის წინ დაიწყო - ბიუჯეტიდან საგადასახადო შემოსავლებს იპარავდა. შემდეგ დაიწყეს ადამიანების გატაცება. მერე ისევ გადასახადებთან დაკავშირებული დანაშაულები, ისევ გატაცებები, რომელიც საბოლოოდ, სერგეი მაგნიტსკიმ აღმოაჩინა.
ყოველი დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, როგორც ირკვევა, დამნაშავეები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ჩინოვნიკები - ყველა ერთად, შვებულებებში მიდიოდნენ. ფილმში არის მტკიცებულება: ბილეთები, რეგისტრაცია საზღვარზე, როგორ ერთად მიდიოდნენ ისინი დუბაიში, ჟენევაში, სტამბულში, ყველა ერთად - დამნაშავეები და ჩინოვნიკები, - დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
კითხვაზე, თუ რატომ არ სურს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საჯარო გახადოს იმ პირთა ვინაობა, რომლებზეც სანქციები გავრცელდება, ბრაუდერი ამბობს, რომ რუსეთში, კრიმინალური ელემენტები იმდენად არიან ხელმძღვანელობასთან ათქვეფილები, რომ მათი გავლენა ძალიან დიდია. ბრაუდერი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინი დაემუქრა კიდეც ბარაკ ობამას მექსიკაში და მოითხოვა მისგან, „მაგნიტსკის სია“ არ გახმაურებულიყო.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მაგნიტსკის მკვლელობაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არიან ეჭვმიტანილები და არა სასამართლოს წესით ბრალდებულები, - ანუ მათი ბრალი დადგენილი არ არის, უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, როცა ასე ხელაღებით მათ სანქციებს უწესებენ. თუმცა ბრაუდერს საკმაოდ მარტივი პასუხი აქვს: ამერიკაში შესვლისთვის ვიზა და ამერიკულ ბანკებში ანგარიშების გახსნა არა ადამიანის უფლება, არამედ პრივილეგიაა. აშშ-ის ვიზის მიღებისა და ამერიკაში ჩასვლის უფლება არავის აქვს ღმერთისგან ბოძებული, ამაზე ნებისმიერს შეიძლება უარი უთხრან და ამისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საჭირო. ამდენად, ბრაუდერის აზრით, აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
ბრაუდერი თავის დროზე რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო. მან 4,5 მილიარდი დოლარი ჩადო. თუმცა ქვეყნიდან გააძევეს იმის გამო, რომ პრეტენზიები ჰქონდა კორუფციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრეტენზიების შემდეგ ბრაუდერის ოფისებში დაიწყეს ჩხრეკები, დოკუმენტაციის ამოღება, მას წაართვეს კომპანიები და ბოლოს, იურისტიც მოუკლეს. ბრაუდერმა რუსეთიდან მთელი თავისი ფული უკან გაიტანა და ამბობს, რომ ფულის გადინება ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს ამ თანხამ 85 მილიარდი დოლარი შეადგინა, წელს, პირველი 4-5 თვის განმავლობაში კი 40 მილიარდი.
„ყველა გამოცდილ და ჭკვიან ადამიანს ახლა ფული გააქვს რუსეთიდან“ - ამბობს ის და დასძენს, რომ 7 მილიარდის ჩადებით, რომელიც ამჯამად უცხოელ ინვესტორებს აქვთ რუსეთში დაბანდებული, ისინი სერიოზულად რისკავენ.
„ნებისმიერ ფულს, რომელსაც თქვენ ახლა რუსეთში ჩადებთ, სავარაუდოდ, დაკარგავთ. ინვესტორებს ისევ აქვთ ხელისუფლებასთან პრობლემები, წესითა და უწესოდ, მათ ქონებას ართმევენ. კონტრაქტები არ სრულდება, რადგან სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალიზებულია. ასე რომ, უცხოური ინვესტიციების ოდენობა შემცირდება. ვინც იცის, თუ რა ხდება რეალურად რუსეთში, არასოდეს მოისურვებს იქ ინვესტორობას“ - ამბობს ბრაუდერი. ხოლო იმისათვის, რომ რუსეთი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, მას ასეთი რეცეპტი აქვს:
ქვეყანა ადამიანებისთვის და ფულისთვის უსაფრთხო უნდა გახადონ. ხოლო ეს რომ მოხდეს, კრიმინალიტეტისა და კორუფციის ბატონობის კულტურა უნდა მოსპონ, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს მართავს. მაგრამ ეს, ალბათ, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება და მოხდება მაშინ, როცა რეჟიმი შეიცვლება.
„რუსეთი ხომ მდიდარი ქვეყანაა. ახლა კი დაითვალეთ - ბოლო პერიოდში რამდენი ახალი გზა დაიგო ქვეყანაში, რამდენი საავადმყოფო აშენდა, საბავშვო ბაღი? ძალიან ცოტა და იმიტომ, რომ ყველა ფულს იპარავს. და მაშინაც, თუკი რუსეთში გზას აშენებენ, მისი ღირებულება 10-20-ჯერ მეტია, ვიდრე ასეთივე გზის მშენებლობა გერმანიასა ან ფინეთში. და ისევ იმიტომ, რომ ფულს იპარავენ. გამოდის, რომ ადამიანთა არცთუ დიდი ჯგუფი ფულს პარავს თავის 140 მილიონ მოქალაქეს და ასე, დიდხანს ვერ გაგრძელდება“.
ბრაუდერს, რომელიც 10 წელი ცხოვრობდა რუსეთში, იმედი აქვს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეჟიმი შეიცვლება. იმედი აქვს, რადგან ამბობს, რომ 10 წლის წინ ამ რეჟიმის წინააღმდეგ მარტო გამოდიოდა, ახლა კი ამას რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე აკეთებს.