
არიელ კოენი: პუტინის რეჟიმი, გადატრიალების შედეგად დაემხობა
12:06:59     29-06-2012
პარიზულ Le Figaro–სთან ინტერვიუში, რომელიც ასეა დასათაურებული „პუტინის რეჟიმი გადატრიალების შედეგად დაემხობა“, ამერიკულ ფონდ Heritage–ის ექსპერტი რუსეთის საკითხებში, არიელ კოენი აცხადებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ამასწინანდელი აქციების „არაბულ გზახფულთან“ შეადარებითი ანალიზი გააკეთა და შემდეგ შეკითხვებზე უპასუხა:
„შედგება თუ არა რუსული გაზაფხული, მიუხედავად პუტინის მცდელობისა დააშინოს ოპოზიცია? რატომ რეაგირებს ასე მტკივნეულად რუსეთის ხელისუფლება ახალგაზრდა ლიბერალების, მწერლებისა და მოსკოველ ინტელექტუალთა მიერ ორგანიზებულ რამდენიმე ათასკაციან დემონსტრაციებზე?“
ამ ინტერვიუს სრულად გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არიელ კოენის გაზეთის საიტზე, ისიც მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ ინტერვიუში, კოენმა პუტინის ხელისუფლების მალე დასრულება იწინასწარმეტყველა.
„კრემლს, ყველაზე მეტად მემარცხენე ძალების ეშინია, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა უდალცოვი, რომლებსაც შეუძლიათ დიდი რაოდენობით ადამიანები მიიზიდონ. პარადოქსალურია ის, რომ დღევანდელი მოპროტესტეები მიეკუთვნებიან უზრუნველყოფილ მასას, ხოლო ხელისუფლებას კი ღარიბების ეშინია“ – აღნიშნავს კოენი.
როგორც 1900–1917 წლების პერიოდში, ხელისუფლება არ აწარმოებს დიალოგს, ოპოზიციას უპატივცემულოდ ეკიდება, არ ცვლის რეპრესიულ კანონებს. დეკემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ, ნაწილობრივი რეფორმები განხორციელდა, რომელიც გუბერნატორებისა და პარტიათა რეგისტრაციის გაადვილებას შეეხებოდა, მაგრამ კრემლმა რეგიონებში კონტროლი აღადგინა და ეწინააღმდეგებოდა პარტიული კოალიციების ჩამოყალიბებას.
კიდევ ერთი–ორი წელი პუტინის რეჟიმი შეინარჩუნებს სიტუაციაზე კონტროლს, მაგრამ ის მაინც უფსკრულისკენ მიექანება. „ჯერ რეჟიმი სტაბილურად გამოიყურება, მაგრამ ის დაემხობა მკვეთრად, როგორც 1990 წელს“, – მიაჩნია კოენს.
მისი ლეგიტიმურობა ქრება, ნებისმიერი ახალი რყევა სულ უფრო საშიში ხდება.
ექსპერტი ასახელებს ორ შესაძლო პირობას: ნავთოზე ფასის დაცემა და საგარეო ომი, რომელსაც შეუძლია რუსეთის დასუსტება. კიდევ ერთი საშიშროებაა ახალგაზრდების ემიგრაცია, რომელიც დღეისათვის 3 მილიონ კაცს აღწევს, ხაზს უსვამს კოენი.
ოპოზიციის დაქსაქსულობაზე საუბრისას კოენმა მიუთითა, რომ მსოფლიო დემოკრატიის თვალსაზრისით, რუსეთისათვის საუკეთესო საშუალებაა ხელისუფლებაში ლიბერალური მოძრაობის მოსვლა.
ლიდერებს შორის იგი აღნიშნავს იაშინსა და რიჟკოვს, ასევე ნავალნის, რომელიც შესაძლებელია გახდეს ნაციონალისტთა და ლიბერალთა გამაერთიანებელი ფიგურა.
კითხვაზე სირიის შესახებ, კოენი აღნიშნა, რომ რუსეთი შეცდომას უშვებს, ალავიტებისა (ალავიტების კლანს მიეკუთვნება პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ფ.დ.) და ირანის მხარდაჭერით, რადგანაც ეს მის წინააღმდეგ მთელ სუნიტურ მსოფლიოს ამხედრებს.
P.S. აქვე უნდა აღნიშნოთ ერთი ნიუანსიც, რომელსაც ანალიტიკოსები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. ესაა ინტერვიუს სათაური, რომელიც ფრანგულიდან ორნაირად შეიძლება ითარგმნოს: როგორც „დაემხობა გადატრიალების შედეგად“, ან როგორც „დაემხობა ერთი დარტყმით“, ანუ მკვეთრად, მოულოდნელად.