პაოლო იაშვილის დაბადების დღე (გურამ ასათიანის წერილის გაგრძელება)
09:32:29     29-06-2012
ზოგიერთი ბიოგრაფის აზრით დიდი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი, პაოლო იაშვილი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს. ეს თარიღი ძველ სტილს აღნიშნავს კალენდრისას, მაგრამ, რადგან ასეა მითითებული ლექსიკონებსა თუ ცნობარებში, ჩვენც დღეს აღვნიშნოთ მისი დაბადების დღე. მთავარია, არასოდეს დავივიწყოთ მისი შესანიშნავი შემოქმედება.
გუშინ, გურამ ასათიანის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, კრიტიკოსის ბიოგრაფიასთან ერთად გამოვაქვეყნეთ მისი შესანიშნავი წერილის „პაოლო იაშვილის“ დასაწყისი. დღეს კი პაოლოს დაბადების დღის აღსანიშნავად გავაგრძელოთ ამ წერილის კითხვა.
მანამდე გავიხსენოთ დიდი პოეტის ბიოგრაფია და ლექსი.
მომავალი პოეტი დაიბადა სოფელ არგვეთში, იმერეთში, ბაბილინე ბარონის ასულ მდივნისა და ჯიბრაილ იაშვილის მრავალრიცხოვან ოჯახში. მამა, ჯიბრაილი შეძლებული აზნაური იყო, განათლებული კაცი, ფარმაცევტი, სტუმართმოყვარე ქართველი. პავლეს გარდა ჯიბოს (ჯიბრაელს) კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.
1900 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქვე სწავლობდნენ მისი მომავალი განუყრელი მეგობრები, ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.
1911 წლიდან სწავლა განაგრძო ანაპაში, ვოზნესენსკისა და შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში.
1913 წელს გაემგზავრა პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად. გატაცებული იყო ფერწერით. პარიზში გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას (მას ხშირად ნახავდით თურმე ვერლენის ძეგლთან მჯდომარეს). პარიზშივე გაიცნო რუსი სიმბოლისტი კონსტანტინე ბალმონტი და სხვები.
1915 წელს პაოლო სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დასახლდა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ - პაოლოს პირველთქმით. ეს მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული. მისი რედაქტორობით ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”. რედაქციები მამამისის სახლში იყო განთავსებული.
1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი. პაოლო მწერალთა კავშირის წევრი გახდა...
ნათარგმნი აქვს პუშკინის, მაიაკოვსკის, სევერიანინის, სოსიურას, ვაგიფის, ბოდლერის, რემბოს, ვერჰარნის, უაილდის ნაწარმოებები.
მის გარდაცვალებას მივუძღვენი საგანგებო წერილი. ჩემი აზრით, ეს იყო პროტესტის უმაღლესი ფორმა, არაკაცი ბოლშევიკების წინააღმდეგ. ამიტომ, ამ თემაზე დღეს აღარ გავაგრძელებთ. სჯობს პაოლოს ლექსი, „წერილი დედას“, გავიხსენოთ და განვაგრძოთ გურამ ასათიანის წერილის, ”პაოლო იაშვილი“ კითხვა. აღნიშნული ლექსი ნახსენები აქვს გურამ ასათიან თავის წერილში.
წერილი დედას
დავტოვე სოფელი -
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მარენები
და კატის კნუტები,
სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილი,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე - სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება, კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე - როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,
ღმერთო! აპატიე -
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
პაოლო იაშვილის ლექსებს კვლავ გავიხსენებთ. ახლა კი განვაგრძოთ გურამ ასათიანის წერილის კითხვა.
გურამ ასათიანი
პაოლო იაშვილი
(II ნაწილი)
1934 წელს, საბჭოთა მწერლების პირველ ყრილობაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოწინავე ლიტერატორები ესწრებოდნენ, პაოლო იაშვილი გამოვიდა შესანიშნავი სიტყვით. ვინც ამ ყრილობის სტენოგრამას გაეცნობა, თვალნათლივ დაინახავს, რომ არც ერთ გამოსვლას, თვით მოხსენებებსაც კი არ გამოუწვევია იმდენი ტაში და აღტაცება, რაც პაოლო იაშვილის პატარა სიტყვას ხვდა წილად.
როდესაც ქართველი მკითხველი პაოლო იაშვილის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ წიგნს იღებს ხელში, არ შეიძლება მან არ იგრძნოს ნამდვილი პოეტის ელვარე შთაგონება, ძლიერი, მჩქეფარე ტემპერამენტი, მდიდარი და დახვეწილი პოეტური კულტურა და, რაც მთავარია, უაღრესად თვითმყოფადი ტალანტი, ის თანდაყოლილი მკაფიო ნიჭიერება, რომელიც იგრძნობა მის ლირიკულ ლექსებშიც, პატარა მოთხრობებშიც და თარგმანებშიც.
პაოლო იაშვილის მიერ თარგმნილი პუშკინის ნაწარმოებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე ქართული მწერლობისა. ეს არის ჭეშმარიტად პოეტური თარგმანის საინტერესო, ორიგინალური ნიმუში.
პაოლო იაშვილი მოწოდებით მხატვარი იყო. როგორც ცნობილია, ის სწორედ ამ მიზნით გაემგზავრა თავის დროს პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად.
უფრო გვიან პოეზიით გატაცებამ მას თითქმის მთლიანად ააღებინა ხელი ფერწერაზე.
მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ თვით მის პოეტურ შემოქმედებაში არის ისეთი თვისებები, რომლებიც მხატვრის ნიჭზე, თავისებურ მხატვრულ ოსტატობაზე მეტყველებენ.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი „ავტოპორტრეტი“, „ტრიპტიხი“, დავით კლდიაშვილისადმი, ნიკო ლორთქიფანიძისადმი, ვალერიან გაფრინდაშვილისადმი, ტიციან ტაბიძისადმი, გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსები.
ეს არის შესანიშნავი პოეტური პორტრეტები, რომლებშიც ზუსტი შტრიხებით, კოლორიტული დეტალებით, თვით პოეტური სტილის თავისებურებით, გახსნილია თითოეული ამ პიროვნების ხასიათი და შინაგანი ბუნება.
აი, როგორი ცოცხალი, ზუსტი საღებავებით არის წარმოსახული პოეზიის ენაზე ნიკო ლორთქიფანიძის პორტრეტი:
ხარ მოელვარე ვით სატევარი,
ემორჩილები მზეს და იადონს,
მომეცი ნება, როგორც მწევარი,
ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.
გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა,
მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი,
მიმონებს შენი დარდიმანდობა
და იშვიათი ჩვენში პროფილი.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილით არის დაწერილი პაოლო იაშვილის ლირიკული მიძღვნები „ცისფერყანწელებისადმი“.
აქ გამოკვეთილია არა მხოლოდ გარეგნული თვისებები პოეტის მეგობრებისა, არამედ მათი შემოქმედებითი ბუნებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც.
ინდივიდუალური კოლორიტის შესაქმნელად პაოლო იაშვილი ხშირად მიმართავს თავისებურ პოეტურ იმიტაციას. ასე მაგალითად, ვალერიან გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი დაწერილია უარღესად დახვეწილი, რაფინირებული სტილით.
აქ ზუსტად დაჭერილია „დაისების“ ავტორის თავისებური ინტონაცია, მისი მეტაფორისტიკის დამახასიათებელი ელფერი.
თვით პაოლო იაშვილი ჰყვებოდა, რომ „ცისფერყანწელებმა“ როგორღაც გადაწყვიტეს, ვალერიან გაფრინდაშვილისთვის მისი დაბადების დღეს მიერთმიათ 25 ახალი რითმა.
ეს ლექსიც ამ მხრივ თითქოს ძვირფას საჩუქარს წარმოადგენს პოეტისთვის, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა რითმის სიახლეზე და კეთილხმოვანებაზე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ლექსში პირველად იქნა ნახმარი თავისი დროისათვის უაღრესად ორიგინალური ქართული რითმა: „უკაცრავად – გაუკაწრავად“, რომელიც შემდეგ ზოგიერთმა სხვა პოეტმაც გაიმეორა.
აი, ორი სტროფი გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდან:
როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.
გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად!
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს გაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.
სრულიად სხვა ინტონაციით, სხვა პოეტური ასოციაციებით, სხვა წყობით არის დაწერილი გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსი:
შენი ლექსი წითელ ძროხის ჯოგია,
შენი გული ყვითელ ოქროს მორგვია,
შენი სული აღდგომის ელოგია.
არ ამცილდეს შენთან ძმური ერთობა.
შენ ოცნებით თამარისკენ წახვედი,
ჰგავხარ ლაშარს ანთებული სახეთი,
მოდი ვნახოთ შენი გარე კახეთი,
სადაც სიტყვა წარსულით გაერთობა
პაოლო იაშვილის ორიგინალური პოეტური ტალანტი თავისებურად გამოვლინდა „დარიანული ლექსების“ ციკლში, რომელიც ლირიკული გარდასახვის იშვიათ მაგალითს წარმოადგენს უახლესი დროის ქართულ პოეზიაში.
პაოლო იაშვილმა შექმნა შესანიშნავი პოეტური მისტიფიკაცია, მომხიბლავი ლეგენდა ახალგაზრდა მეოცნებე ქართველ ქალზე. ნატიფი სახეებით გადმოსცა მისი ინტიმური სამყარო, მისი სულის ფარული თრთოლვა, მისი ვნებები, მისი სევდა და ოცნებები.
მართალია, ამ ციკლის ზოგიერთ ლექსს ატყვია მოდერნისტული განწყობილებების, თავისებური სტილიზაციის დაღი, მაგრამ უმრავლესობა ამ ლირიკული შედევრებისა დღემდე გვხიბლავს განცდის სიცხოველით და ბრწყინვალე პოეტური არტისტიზმით.
აქ გვხვდება ისეთი სტრიქონები, რომლებიც ლექსის მუსიკალური გააზრების, ევფონიის თვალსაზრისით, ნამდვილ მარგალიტებს წარმოადგენენ XX საუკუნის ქართულ ლირიკაში:
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით,
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის ნეტარებით,
და ლოყაზე
დარჩა
ფარჩა
ცხელ პირის მიკარებით…
. . . . . . .
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად გადაგვარებით…
საოცარი სიზუსტით, შინაგანი კდემამოსილებით არის გამხელილი ამ ლექსებში ახალგაზრდა შეყვარებული ქალის განცდები, მისი განწყობილების ცვალებადობა, მისი მარადქალური, მგრძნობიარე, ნაზი ბუნება.
აქ ყოველ ემოციურ გამმას აქვს თავისი მდიდარი შინაგანი ნიუანსები:
მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით,
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის.
ყველას გიყვარდათ – სიყვარული მეც დამანებეთ,
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის
და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის.
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით…
განსაკუთრებით რბილი, შეკავებული ტკივილის გამომხატველი ნახევარტონებით არის დაწერილი ელენე დარიანის უკანასკნელი გამოსათხოვარი ლექსი:
უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები,
უნდა ბალახი დილამ დათრთვილოს,
მე ამ ზაფხულზე დავინიშნები
და მივატოვებ ჩემს საქართველოს…
პაოლო იაშვილი იყო დაბადებით პოეტი, სიყრმითგანვე „პოეტური შთაგონებით დასნეულებული“, შემოქმედების ჟინით შეპყრობილი პიროვნება.
პოეტურ სიტყვასთან ჭიდილს მისთვის მოჰქონდა დიდი ბედნიერება და ამ სიხარულს იგი უხვად, ნამდვილი ქართული ხელგაშლილობით ხარჯავდა.
პოეტის ტვირთს იგი ატარებდა მომხიბლავი სიმსუბუქით, ლაღად, თითქოს სხვათა შორის, მაგრამ მისთვის უცხო არ ყოფილა სულიერი კრიზისის მძიმე წუთებიც, ის დიდი სატანჯველი, რომელიც მან თავის ცნობილ ლექსში „პოეზიაში“ გაანდო მკითხველს.
1918 წელს დაწერილ თავის ლირიკულ აღსარებაში პაოლო იაშვილი გვიყვება, როგორ იგრძნო მან პირველად პოეტის შთაგონებით დასნეულება:
თორმეტი წლიდან აღარ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები…
პოეტის ხვედრი მას მაშინ საბედისწერო ელფერში წარმოუდგებოდა:
ღმერთმა სიგიჟე გარდმომივლინა,
რადგანაც ხშირად ვიყავ მშიერი.
დედა მიტირებს მე ბაბილინა
და ჯიბრაელი მამა ძლიერი.
პაოლო იაშვილის გვიანდელ ლექსებში ეს პირადი უბედურების, მიუსაფრობის, განწირულობის მოტივი თითქოს სამუდამოდ დაინთქა და განქარვდა.
ცხოვრება მის თვალწინ გაიხსნა ახალი კუთხით და მისმა პოეტურმა შთაგონებამაც სრულიად სხვა, საღ, აუმღვრეველ წყაროს მიაგნო.
სამშობლოს გულთან მკერდით შედუღებულმა პოეტმა იგრძნო დიდი შვება, უმაღლესი სიხარული მიწაზე დაბრუნებული შემოქმედისა.
ლექსში „მაგიდა – ჩემი პარნასი“ განუმეორებელი უშუალობით, სისადავით, ბრწყინვალე პოეტური ხატოვანებით არის გამხელილი ეს ნათელი გრძნობა:
თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს,
გამიადვილდა უეცრად შრომა.
ციდან მოსმენილ შუადღის ჟღერის
მონად გამხდარა ლექსების ზომა.
მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი,
აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი
და მღერის, მღერის კალამის წვერი
კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი.
ჭეშმარიტი პოეტი თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიას, შთამომავალთა მეხსიერებაში ის რჩება თავისი ლექსებით, მის მიერვე შექმნილი სახეებით გარშემორტყმული. დროს მიაქვს ცხოვრების წვრილმანები და ტოვებს მთავარს, არსებითს, იმას, რაც პოეტმა ქაღალდზე დაღვარა და სამუდამო სიცოცხლისთვის ჩაბერა სული.
მაგრამ პოეტის პირადი ბედ-იღბალი მაინც განსაკუთრებულ ელფერს სძენს მის შემოქმედებით პიროვნებას.
პაოლო იაშვილმა თავისი სიცოცხლე დაასრულა დრამატული ჟესტით.
გერონტი ქიქოძე თავის მოგონებაში წერს:
„ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა.
1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა თითქმის დამშრალი ჩანჩქერების პირას“.
შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც თანამედროვეებმა, ახლობლებმა პაოლო იაშვილს მხოლოდ მისთვის უკანასკნელ 1937 წელს შეამჩნიეს, სინამდვილეში გაცილებით ადრე დაგუბდა პოეტის სულში.
იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა მის შეგნებაში იმ დროს, საკმარისია კოლაუ ნადირაძისადმი 1934 წელს მოსკოვიდან მოწერილი ლექსის წაკითხვა:
ქართულად ვთარგმნი პუშკინის ამბავს,
ახლა ჯერშია მისი „ციგნები“,
მაგრამ სიჩუმე საუბარს აბამს:
„მარტო ხარ, მარტო, მარტოც იქნები!“
ვკითხულობ შოთას, ვაჟას და საბას
და ვერ მშველიან მათი წიგნებიც,
ვწვები… თავამდე ვიხურავ საბანს,
მესმის: „მარტო ხარ, მარტო იქნები“.
„ფერად ბუშტებში“ პაოლო იაშვილი, სხვათა შორის, იგონებს ერთ ნაწყვეტს არსენას ლექსიდან:
წუხელი სიზმარი ვნახე,
სისხლით ვიღებავდი წვერსა…
როგორც ცნობილია, ეს სტროფი ასეთი სიტყვებით მთავრდება:
ძალით თუ არავინ მომკლა,
ნებით გამოვიჭრი ყელსა!
პაოლო იაშვილს არავისთვის არ მოუხვევია თავს ის ჯოჯოხეთი, რომელსაც სულის სიღრმეში ატარებდა. მარტოობის ჟამს მას, ალბათ, ხშირად აგონდებოდა თავისივე ძველი ლექსი:
ჩემო ქვეყანა, მეტად ძნელია
შენი დაკარგვა და დატოვება,
სოფლის ბავშვები აღარ მელიან,
არ მელის მუხა ათასრტოება…
პაოლო იაშვილი შთამომავალთა მეხსიერებაში დარჩება ქართული პოეზიის ნამდვილ რაინდად, თავისი წმინდა სახელით, მშვენიერი ლექსებით და ასევე ლამაზი, შეუბღალავი ბიოგრაფიით.
როგორც ამბობენ, პოეტის ღვაწლი, როგორც სიკეთე, სანთელ-საკმეველივით გზას არ კარგავს. და ეს დიდი სინათლე მაინც მოვიდა ჩვენამდე, სამუდამოდ დაესაკუთრა ქართველი ადამიანის გულს.
პაოლო იაშვილის ლექსები იქცნენ ჩვენი ხალხის, დღევანდელი საქართველოს, თბილისის, მისი მიწისა და მზის განუყოფელ ნაწილად.
აღსრულდა პოეტის სურვილი და წინათგრძნობა:
მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო, ბინა შენ!
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.
ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორ კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.
შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები,
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების!