ანეტა იურკევიჩი - „აკაკის“
09:31:20     29-06-2012
პოეტი ანეტა (ანა) იურკევიჩი ცნობილი ქართველი პოეტისა და მოღვაწის ვიქტორ იურკევიჩის (1854-1920) ქალიშვილი გახლდათ. მამამისი ძირითადად საჩხერეში ცხოვრობდა. ფსევდონიმად რუს-იმერელს იყენებდა. თანამშრომლობდა „დროებასთან“, „სახალხო ფურცელთან“, „ივერიასთან“ და სხვა.
ვიქტორ იურკევიჩის ოჯახი მეგობრობდა აკაკისთან. ანეტა იყო პედაგოგი, გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა ჭიათურაში. ლექსებს აქვეყნებდა „ცნობის ფურცელში“, „ივერიაში“.
1904 წლის ზამთარში აკაკი ავად ყოფილა. დიდ პოეტს მრავალი წერილი და დეპეშა მოსდიოდა თაყვანისმცემელთაგან. 7 დეკემბერს დაუწერია ლექსი „უკანასკნელი“. ლექსში დიდმა აკაკიმ აღტაცება გამოთქვა, გამოწვეული მკითხველთა სიყვარულით. აკაკი წერდა:
„მე კი მშვიდობით... ჩემს წინაპრებთან
მივდივარ მეცა განსასვენებლად,
და ხინჯად გულში მიმყვება მხოლოდ,
რომ ვერ გავმხდარვარ სამშობლოს მსხვერპლად.
ამ ლექსზე პასუხად ანეტა იურკევიჩმა დაწერა ლექსი „აკაკის“, რომელსაც დღეს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს.
შემდგომში, გარდაცვალების წინ აკაკის სარეცელთან ეჯდა ხოლმე ანეტა იურკევიჩი და მისივე თხოვნით უკითხავდა დიდ პოეტს საყვარელ ნაწარმოებებს. ლევან ასათიანი წერს: „აკაკი თხოულობს წაუკითხონ რაიმე მისი ნაწერებიდან. აკაკის ახალგაზრდა მეგობარი, პედაგოგი-ქალი ანეტა იურკევიჩი საათობით უზის ავადმყოფ მგოსანს და უკითხავს მის ლექსებს. „აკაკი ისმენს და შენიშვნებს იძლევა. ზოგს იწონებს და ზოგი ადგილების მოსმენის დროს ხელს ჩაიქნევს“... დროგამოშვებით აკაკი კვლავ თხოულობს, რომ წაუკითხონ რაიმე მისი ნაწერებიდან. ანეტა იურკევიჩი „ომს“, „გამზრდელს“, ლირიკულ ლექსებს...
ანეტას მამის, ვიქტორ იურკევიჩის ლექსებს სხვა დროს გავიხსენებთ.
აკაკის
გული უზომო ტანჯვით მევსება,
თვალთაგან მცვივა მდუღარე ცრემლი,
მას შემდეგ, რაც რომ გადავიკითხე
მე შენი ლექსი „უკანასკნელი“.
რამ დაგაღონა გმირო მგოსანო?
რამ შეარყია ეგ მტკიცე გული?
არა ერთ-გვარი ჭირის მნახველი
რისგან ხარ აგრე შეშინებული?
ნუთუ მისგან, რომ ავადმყოფობამ
მცირე რამ ხნობით მოგაკლო ძალი?
არა, მან ყველას უნდა გაუძლოს,
შენებრ ვისაც სჭრის გონების თვალი.
მიეშურები შენ წინაპრებთან,
გინდა მოგვაკლო შენი ნათელი
და მის სანაცვლოდ გსურს დაგვიტოვო
მხოლოდ ღა მარტო „უკანასკნელი“.
მაგრამ, მგოსანო, ვერ გაგიმეტებთ,
ჯერ ჩვენ არ ძალგვძს შენი შელევა,
და მისთვის მარად გავედრებ ჯვარცმულს,
რომ იმან მოგცეს შენ ჭირთა ძლევა!
მრავალ-ჟამიერ იცოცხლე კვლავაც,
ისრად და ეკლად შენი მტერისთვის...
სნული თვალი მიაპყარ აწმყოს
ტანჯვით აღსავსეს ჩვენი ერისთვის;
საღი თვალით კი დასტკბი მომავლით,
მიეცი ლხენა შენ დატანჯულ გულს
იმ, იმ მომავლით, რომელსაც ხედავ
თავისუფლებით კვლავ აყვავებულს...
და შენებურად უმღერე მამულს
ახალი ნათლის სხივით შემკობილს,
სადაც შეხედავ შეკავშირებულს
შენს თანა-მოძმეთ და მამულის შვილს!
მანამდისინ კი, სულის მკურნალო,
ნუ დაგვაჯერებ „უკანასკნელით“,
გამამხნევებელს შენგან მოძღვრებას,
სულ სხვა იმედით.. ველით და ველით!
1904 წლის 15 დეკემბერი, „ცნობის ფურცელი“. # 2708