როგოზინის ნაციონალ–პატრიოტები რუსეთში შეიარაღებულ პატრულირებას აპირებენ
08:52:14     29-06-2012
გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, 1992 წელს ამჟამად მოქმედი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი როგოზინის მონაწილეობით დაფუძნებული და 2011 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული უკიდურესად ნაციონალ–შოვინისტური, როგორც საკუთარ თავს უწოდებენ ისინი – საერთაშორისო საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაერთიანება „კონგრეს რუსკიხ ობშჩინ“ (კრო), ანუ ჩვენებურად „რუსულ სათვისტომოთა კონგრესი“ რუსეთში ეროვნებათშორისი დაძაბულობის პრობლემით, თურმე, სერიზულადაა შეშფოთებული.
ამიტომაც კრო–ს გადაუწყვეტია ეროვნებათშორის ნიადაგზე კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით „რუსეთის კონფლიქტური რუკა“ შექმნას და ასევე შედარებით ფეთქებადსაშიშ რაიონებში პატრულირების დაიწყონ, აცნობა „იზვესტიას“ ამ გაერთიანების თავკაცმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა „ედინაია როსიადან“, ალექსეი ჟურავლიოვმა.
„საშიში წერტილები რუსეთში არა ორი, ან სამია. ამაზე თვალი რომ დავხუჭოთ ისეთი რამე მოხდება, რომ მტერსაც არ ვუსურვებ. უკვე ხდება რაღაც–რაღაცეები. და ისე დავიჭიროთ თავი, თითქოს არაფერი ხდება, სისულელეა“, – მიაჩნია პარლამენტარს. ამიტომ, „აუცილებელია, შეიქმნას „ცხელი წერტილების“ სია და მუდმივად ვადევნოთ თვალყური სიტუაციას“,– დარწმუნებულია დეპუტატი.
ჟურავლიოვისვე ღრმა რწმენით, ამისათვის აუცილებელია შეიქმნას ეროვნებათშორისი კონფლიქტების პროგნოზირების მექანიზმი და ესეც, მისი აზრით, გადაუწყვეტელ ამოცანად სრულებითაც არ ჩანს. რეგიონების ხელმძღვანელებმა ხომ მშვენივრად იციან, რა ხდება ოლქებში.
კრო–ს წარმოდგენით, „ცხელ წერტილებში“ სიტუაციას ეროვნებათშორისი თანხმობის რაზმეულები გააკონტროლებენ, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში სამართლდამცველ ორგანოებს დაეხმარებიან. ამას გარდა რაზმეულების შტაბები გახდებიან ასევე საზოგადოებრივი მისაღებები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ კონფლიქტების პროფილაქტიკა ქუჩების პატრულირების ჩათვლით, ამ ცხელ წერტილებში სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედებანი“, – აცხადებს ჟურავლიოვი.
რაზმეულები მუშაობას უახლოეს დროში დაიწყებენ და იმ მომენტისათვის კონგრესის ხელმძღვანელობამ უნდა მოიფიქროს ლეგალური ვარიანტი რაზმეულების წევრთა იარაღით მოსამარაგებლად. „არც ისე სწორია შიშველი ხელებით სიარული და ყველას სიტყვითა და მზერით დარწმუნება. ჩვენ მოვძებნით კანონიერ ხერხს, თუ სწორად როგორ შევაიარაღოთ ისინი“, – აცხადებს ჟურავლიოვი.
რაზმეულები მუშაობას უახლოეს დროში დაიწყებენ და ამ მომენტისთვის კრო–ს ხელმძღვანელობამ უნდა მოიფიქროს კანონიერი ხერხი, მათ სწორად შესაიარაღებლად“’ ირწმუბება დეპუტატი.
თუმცა როგოზინ–ჟურავლიოვისა და კრო–სგან განსხვავებით, ექსპერტებს მათ მიერ შეთავაზებულ ღონისძიებათა ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ.
მაგალითად, მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ნიკოლაი პეტროვი აღნიშნავს. რომ სრულფასოვანი „კონფლიქტური რუკის“ შექმნა შუძლებელია, რადგან რუსეთს მეტად ჭრელი ეთნიკური შემადგენლობა ჰყავს და ეროვნებათშორისი კონფლიქტი ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს. ამას გარდა, ეთნიკურად არაერთგვაროვან რეგიონში ჩვეულებრივი ყოფითი კონფლიქტი, ადვილად შესაძლებელია, ეთნიკურში გადაიზარდოს. პატრულირების იდეამაც საეჭვოა გაამართლოს, რაზეც მოწმობს მსგავსი ინიციატივები, მაგალითად, კაზაკთა რაზმეულები.
რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ეროვნებათშორის ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლაი სვანიძე საერთოდ ვარაუდობს, რომ უსარგებლო რაზმეულების შექმნის სანაცვლოდ უმჯობესია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური რეფორმირება. სიტუაციაზე კონტროლი ხომ სწორედ მის მოვალეობაში შედის. შემდეგი ნაბიჯი სოციალური, რაც ეთნიკური კონფლიქტების კატალიზატორს წარმოადგენს, გადაწყვეტა უნდა გახდეს.
როგორ გადაწყვეტენ საბოლოოდ ამ საკითს, ეს რუსების თავსატეხია, მაგრამ რასაც როგოზინ–ჟურავლიოვი და მათი სთავაზობს, ესაა „ზონგერჯგუფების“ოფიციალურად დაკანონება, რაც ეთნიკურ ჯგუფებს შორის კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს და საბოლოოდ დაშლის რუსეთს კიდეც. რაც ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი. ოღონდ, ამისათის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ.