რუსებმა აფხაზები მწარედ მოატყუეს - სანატორიუმი „სოხუმი“ ისევ სადაოა

  08:40:38     29-06-2012

გასულ წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში მდებარე სამხედრო სანატორიუმ „სოხუმიდან“ 1069 თანამშრომელი გაათავისუფლა. მოულოდნელად სამსახურის გარეშე დარჩენილების პროტესტის მიუხედავად, რუსულ მხარეს „მყარი“ არგუმენტები ჰქონდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თითქოსდა, სანატორიუმს აუცილებელი კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა.

ეს 2011 წლის 31 სექტემბერს მოხდა. თუმცა დღეს ირკვევა, რომ არანაირი რემონტი სანატორიუმში არ დაწყებულა და არც აპირებენ დაწყებას. ამის გამო კი ყოფილი თანამშრომლები პროტესტის მორიგ ტალღას იწყებენ. მათ უკვე გაუგზავნეს წერილი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერსა და ე.წ. პრემიერს, რომ საფუძველი (ანუ რემონტი), რის გამოც ისინი გაათავისუფლეს, ბუნებაში არ არსებობს.

ამასთან, ირკვევა ისიც, რომ სანატორიუმის ტერიტორიაზე დღემდე ფუნქციონირებს განყოფილება, რომელიც ერთგვარი სასტუმროს ფუნქციას ასრულებს და გარკვეული რაოდენობის ადამიანებს მასპინძლობს კიდეც - მთელი თავისი კომფორტით: საბილიარდოთი, რესტორნით, საპარიკმახეროთი და კაზინოთიც კი. კაზინოს არსებობამ საერთოდ, გაოგნება გამოიწვია, რადგან აფხაზეთში ასეთი დაწესებულებების მუშაობა რამდენიმე წლის წინ მკაცრად აიკრძალა. თანაც, არანაირი კონტროლი და საბუღალტრო დოკუმენტაცია არ წარმოებს.

„სოხუმის“ ყოფილი თანამშრომლები სასწრაფოდ სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რათა ყველაფერთან ერთად დადგინდეს სანატორიუმის საბოლოო იურიდიული სტატუსი, თანამშრომლები კი ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, თუ რა უფლებები აქვს ობიექტის მესაკუთრეს. რადგან: თუკი სანატორიუმში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართლაც რემონტს ატარებს ან აპირებს, დათხოვნილ თანამშრომლებს ამ პერიოდში საშუალო ანაზღაურების 2/3 უნდა გადაუხადონ. ხოლო თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს სანატორიუმზე, მაშინ კოლექტივს მისი აქციონირების უფლება აქვს. ამასთან, ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი მოატყუეს როგორც რუსებმა, ისე საკუთარმა ხელისუფლებამ, რადგან გაშვებულ თანამშრომლებს, პროტესტის ჩაცხრობის მიზნით, გასულ წელს კომპენსაციებს სწორედ აფხაზური მხარე დაპირდა, მაგრამ ამ თანხას მხოლოდ ერთეულები იღებენ.

სოხუმში თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ მოსკოვი რემონტებითა და სხვადასხვა მიზეზებით  საკურორტო ობიექტებზე საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობდა. მაშინ, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია ამბობდა, რომ სამხედრო სანატორიუმები აფხაზეთში, ზოგადად, მძიმე მდგომარეობაშია: ოფიციალურად ისინი აფხაზეთის საკუთრებაა, მაგრამ რეალურად მიბმულია რუსეთის ბაზასთან და რუსეთის კანონების თანახმად, რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის. ამასთან, არსებობს შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის შესახებ, რომელშიც წერია, რომ სანატორიუმები ამ ბაზის ობიექტებია, თუმცაღა ამ შეთანხმებაშიც ცალკე პუნქტადაა გაწერილი, რომ მათი მართვის საკითხი სპეციალური შეთანხმებით უნდა განისაზღვროს. ასეთი შეთანხმება კი რუსეთთან ოფიციალურად არ გაფორმებულა. ამიტომ გამოდის, რომ რუსეთი, უბრალოდ, ითვისებს იმას, რაც მისი არაა, ისევე, როგორც ზოგადად, მთლიანად აფხაზეთს.