
რუსეთში, “ნაციონალური თანხმობის დასამყარებლად”, შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნიან
17:19:32     28-06-2012
რუსეთში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა იგეგმება, რომლებსაც „ნაციონალურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების“ აღსაკვეთად ქუჩებში გაუშვებენ. ბოლო პერიოდში ასეთი სახის კონფლიქტები საკმაოდ გახშირდა. სამართალდამცავი სისტემა კი, რომელიც „ინტენსიური რეფორმის“ მიუხედავად მაინც ვერ რეფორმირდა, როგორც ჩანს, პრობლემას ვერ აგვარებს.
შეიარაღებული ფორმირებების შექმნის იდეა რუსეთის ვიცე-პრემიერის დიმიტრი რაგოზინის მიერ დაფუძნებულ და „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობით მოქმედ „რუსულ თემთა კონგრესს“ მოუვიდა თავში. დაჯგუფებები, რომლებსაც აუცილებლად შეაიარაღებენ, ქუჩების პატრულირებით დაკავდებიან. თუმცა იარაღის რა სახეობას მისცემენ „ეროვნებათასორისი თანხმობის საძმოებს“, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია, რა კატეგორიის ადამიანებით დაკომპლექტდება შეიარაღებული ფორმირებები.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მმართველი „ედინაია როსიას“ წევრმა ალექსეი ჟურავლიოვმა განაცხადა, რომ „არ არის სწორი შიშველი ხელებით ვიაროთ და ხალხი მხოლოდ სიტყვით დავარწმუნოთ. ჩვენ ვიპოვით კანონიერ საშუალებას, როგორ შევაიარაღოთ საძმოები, რომ ეს სწორი იყოს“.
2009 წელს, რუსეთის შსს თავად აყენებდა იდეას, შექმნილიყო თავდაცვის რაზმები, თუმცა სახელმწიფო დუმამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ კანონპროექტით რაზმების შეიარაღება იყო გათვალისწინებული. ამჯერად „რუსულ თემთა კონგრესს“ კანონმდებელთა თანხმობა არ დასჭირდება. მუშობა უკვე დაწყებული აქვთ. ჟურავლიოვის თქმით, აპირებენ შეადგინონ „კონფლიქტური რუკა“, რომელზეც მონიშნავენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც ეროვნებათაშორისი შეტაკებები შეიძლება მოხდეს. „ეს არც ისე ძნელია. გუბერნატორებმა მშვენივრად იციან, სად შეიძლება მათთან ეს მოხდეს“ - ამბობს ის.
ექსპერტები რაგოზინის ხელმძღვანელობით შექმნილი კონგრესის ინიციატივას არ მიესალმებიან. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ნიკოლოზ სვანიძე ამბობს, რომ საძმოების შექმნის ნაცვლად ხელისუფლებას ურჩევნია შსს-ს წესიერად რეფორმირება მოახდინოს, რადგან სიტუაციის კონტროლი სწორედ ამ სამინისტროს უშუალო ფუნქციაა. გარდა ამისა, სვანიძის თქმით, ვიდრე ქვეყანაში სოციალური პრობლემები არ მოგვარდება, განწყობილებები სულ უფრო გამწვავდება, მათ შორის, ქსენოფობიაც, რადგან როცა ადამიანები უკმაყოფილოები არიან ცხოვრებით, ისინი დამნაშავის ძებნას იწყებენ.