
თაღლითი და მაქინატორი ივანიშვილი
14:48:22     28-06-2012
ბიძინა ივანიშვილმა უკვე მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი და საქართველოშიც ზუსტად იმ მეთოდებით დაიწყო „მოღვაწეობა“, რითაც პოსტსაბჭოთა რუსეთში გამდიდრდა. დროში დაკარგულ მილიარდერს ავიწყდება, რომ საქართველო რუსეთი არ არის და ის კომბინატორობა და მაქინატორობა, რაც რუსეთში მიღებული ამბავი იყო, აქ არ გაუვა.
ამჯერად „პრესა.ჯი“ გთავაზობთ ივანიშვილის კომბინატორობის დამადასტურებელ კიდევ ერთ ფაქტს: ოფიციალურ წერილს, რომელიც მან თავისი კომპანიების ფიქტიურ მფლობელს გაუგზავნა და რომლითაც თავისი კომპანიების შვილზე, უტა ივანიშვილზე გადაფორმება მოითხოვა და სანოტარო აქტს, რომლითაც მილიარდერმა საკუთარი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.
პირველი შემთხვევა ცალსახად მიანიშნებს, როგორი გზებით ცდილობს ივანიშვილი, რეალურად ნაკლები ქონების მფლობელი გამოჩნდეს, რითაც თავს აარიდებს ქონების დაყადაღებას ან სხვა მოსალოდნელ, კანონიერ ქმედებებს მის წილებთან დაკავშირებით.
ხოლო მეორე შემთხვევა ცხადყოფს, რომ 2012 წლის 19 ივნისამდე, ანუ, ამ სანოტარო აქტის შედგენამდე „თხემით ტერფამდე საქართველოზე შეყვარებული“ ბიძინა ივანიშვილი დოკუმენტაციას ხელს ქართულად არ აწერდა - მისი ხელმოწერები რუსული იყო...
და, რაც მთავარია, მესამე: ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს-პარტნიორისთვის წერილს 15 ივნისს აგზავნის, ხოლო უტა ივანიშვილისთვის ქონების გადაფორმების თარიღად 2 მაისის მითითებას ითხოვს - ტიპიური საბჭოთა გამოცდილებაა გამოყენებული - უკანა რიცხვით გადაფორმება. მილიარდერი ივანიშვილი თავადაც არღვევს კანონს და ამასვე აიძულებს ბიზნეს-პარტნიორსაც...
მაშ ასე: 2012 წლის 19 ივნისს, თბილისი, ჭავჭავაძის 39 ა-ში, ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძეს მიმართა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა და მიიწვია ის ერეკლე მეორის მოედანზე, თავის ოფისში, ხელმოწერის ნოტარიული წესით დასამოწმებლად.
ნოტარიუსმა შეამოწმა პირადობა, ქმედითუნარიანობა, დარწმუნდა მისი ნების გამოვლენაში და მისი თანდასწრებით შესრულებული ხელმოწერა დაადასტურა. ეს ქმედება არ ნიშნავს ხელმოწერილი დოკუმენტის დადასტურებას - მისი შესრულებით მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება.
„პრესა.ჯი“ აქვეყნებს როგორც ვინმე ბ-ნ ვასილიადესისთვის გაგზავნილ წერილს, ასევე ნოტარიუსის ჩანაწერს ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით.
აქამდე მის მფლობელობაში მყოფი კომპანიების უტა ივანიშვილისთვის გადაცემის თხოვნის შემცველი წერილი რუსულ ენაზე შედგენილია და ასე გამოიყურება:
„15 ივნისი, 2012 წელი:
ბატონ ვასილიადესის საყურადღებოდ:
ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილისგან
პატივცემულო ბატონო ვასილიადეს!
გთხოვთ, შემდეგი კომპანიები:
TARPAN MANAGEMENT LIMITED
FINSEK LIMITED
SARGANS LIMITED
RINGOLD FINANCE LIMITED
KRISTA INVESTMENT LIMITED
VISALIA ENTERPRISES LIMITED
GILMAR HOLDING LIMITED
FRESNO MANAGEMENT LIMITED
VANITY OVERSEAS LIMITED
გადასცეთ ახალ ბენეფიციარ მფლობელს, უტა ივანიშვილს.
ცვლილებების შეტანის თარიღი 2 მაისი, 2012.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. დაბეჯითებით გთხოვთ, რომ საბუთები გადმოაგზავნოთ მაქსიმალურად ოპერატიულად.
რაიმე სახის დაბრკოლების ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ ჩამაყენოთ საქმის კურსში.
საუკეთესო სურვილებით: ბ. ივანიშვილი“.
რაც შეეხება ნოტარიუსის ჩანაწერს, ის ქართულ და რუსულ ენებზე შედგენილი.