
ბასი: აშშ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს
14:25:33     28-06-2012
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ის გეგმები გააცნო, რომელსაც აშშ-ს მთავრობა და დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების პერიოდში განახორციელებენ.
როგორც ბასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, აშშ-ს მთავრობა სადამკვირვებლო ჯგუფებს დაეხმარება.
ჯონ ბასის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკული ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტს IRI -ისა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს NDI-ის დააფინანსებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას და საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.
ელჩის განმარტებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება აშშ-ს მთავრობასა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს 2 მილიონი დოლარი დაუჯდება.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სამი გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას ივლისიდან ოქტომბრამდე, ასევე, IRI-ის 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას სამი თვით ადრე. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ საქართველოში არჩევნების დღეს, NDI დამატებით 20, ხოლო IRI 30 დამკვირვებელს გამოგზავნის.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს კიდევ ერთი ახალი პროგრამის შესახებ გაახმოვანა ინფორმაცია. ჯონ ბასმა აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა გახსნილად გამოაცხადა, რომელიც არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდაჭერას და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროგრამას NDI, IRI და საერთაშორისო ფონდი განახორციელებენ,
„საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა, აგრეთვე ქალების სრულფასოვანი ჩართულობა პოლიტიკურ საქმიანობაში აშშ-ს იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული. 2008 წლის შემდეგ, აშშ-ს მთავრობამ დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად 120 მილიონი დოლარი გაიღო“,- განაცხადა ბასმა.
„ქორთიარდ მარიოტში“ შეკრებილ ჟურნალისტებს დღეს საშუალება ჰქონდათ აშშ-ს ელჩისთვის შეკითხვები დაესვათ. მედიის წარმომადგენლები არჩევნების საკითხით, ასევე must cerry-სა და must offer-ის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტით დაინტერესდნენ.
აშშ-ს ელჩი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს must cerry-ს პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან, კონსტრუქციულ და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ჯონ ბასმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ზრდის მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს თანაბარი საარჩევნო ველის არსებობას. ბასი მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების ვადებთან დაკავშირებით საუბარი უნდა გაიმართოს და რომ ეს განხილვის თემაა.
აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საკითხსაც შეეხო, სადაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს.
„მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დახმარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი“, –განაცხადა ჯონ ბასმა.
„ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ NDI-ს პრეზიდენტი კენტ ვოლაკი, NDI-ს თბილისი ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო და IRI-ს თბილისის ოფისი ხელმძღვანელი ანდრეა კიბსი. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.