
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილი რეციდივისტია
13:29:17     28-06-2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით ეპითეტებს არ იშურებს. ცოტა ხნის წინ, კანონმდებელმა მილიარდერს „აღზევებული მდაბიო“ უწოდა, ხოლო პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატმა ოლიგარქი „რეციდივისტად“ მოიხსენია.
მმართველი გუნდის წევრმა კოალიციისა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსები, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივ რეციდივისტად იქცა, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით ქართველი ხალხის არჩევანის ყიდვას ცდილობს.
მწვავე გამოსვლისას, წიკლაურს მხედველობის მიღმა არც ივანიშვილის თანამოაზრეები დარჩა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია Must carry-ს ნორმის გავრცელებას არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ითხოვს.
„ბალალაიკას“ ფრაქციის (წიკლაური ბაღათურიას გულისხმობდა) წევრმა პრაქტიკულად პირდაპირ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ 20 დღის განმავლობაში ტელეარხების საკაბელო ოპერატიორებით რეტრანსლირება მათ ხალხის გამოყვანის ორგანიზებისთვის სჭირდებათ. სრულიად ცხადია, რომ აქ საუბარი ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და პოლიტიკური პარტიებისთვის პროგრამების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემას არ ეხება. მათ სულ სხვა, ველური მოწოდებები აქვთ, რომ ქვეყანა დაანგრიონ, თბილისი მკვდარ ქალაქად, ხოლო საქართველო მკვდარ ქვეყნად აქციონ. ასეთი განცხადებები ამ ფრაქციას და მათ მეგობარ პოლიტიკოსებს არაერთხელ გაუკეთებიათ. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, პოლიციელების მოსყიდვის მრავალჯერადი ფაქტები და სასამართლოს იგნორირების ყოვლად უნიჭო მცდელობები იყო. „გლობალ ტვ“–ს ანტენებს არიგებდნენ. ამის შემდეგ დადგება დრო, როდესაც იტყვიან, რომ აუცილებელია, ოჯახებს პლაზმური ტელევიზორებიც გადასცენ, იმისთვის, რომ მათ ინფორმაციის მიღება შეძლონ“, – აცხადებს კანონმდებელი.
დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერი უკვე რეციდივისტად გადაიქცა.
„მინდა, ყველას ესმოდეს, რომ საქმე ჩვეულებრივ რეციდივისტთან გვაქვს, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით ქართველი ხალხის არჩევანის ყიდვას ცდილობს. ქართველი ხალხის არჩევანის ყიდვა, ქართული სახელმწიფოს შერყევა, შეუძლებელია. მან ეს, უახლოესი ორი–სამი დღის განმავლობაში კარგად ნახა და კიდევ ბევრჯერ ნახავს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ რეციდივისტობა არავითარ შემთხვევაში არ გავა. ქართული სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა ძალიან მტკიცეა. ამ არჩევნებში კი, საქართელო აუცილებლად გაიმარჯვებს და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კვლავ შენება გაგრძელდება,“ – დასძინა წიკლაურმა.
აღსანიშნავია, რომ ნუგზარ წიკლაური „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებს. ხოლო, მასთან დაახლოებულ საპარლამენტო ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ – „ბალალაიკას“ უწოდებს.