
ცხინვალელი მარიონეტები სპიკერის სავარძელს ვერ იყოფენ
10:51:16     28-06-2012
ჯერ კიდევ ედუარდ კოკოითის ზეობის ხანაში, ცხინვალის რეგიონში, „პარლამენტის“ სპიკერის პოსტი იქაურ ოს კომუნისტთა ლიდერს, სტანისლავ კოჩიევს ეკავა. თუმცა, მოულოდნელად კოკოითმა მისი სპიკერობა არ ინდომა და კოჩიევიც გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის საბაბი თვით სეპარატისტთა მიერ დადგენილი „იურიდიული ნორმებითაც“ კი არ ჰქონდა.
საქმეც იმაშია, რომ გათავისუფლების მომენტში სტანისლავ კოჩიევი ავადმყოფობდა და ბიულეტენზე იმყოფებოდა. კი უთხრეს, ეტყობა, კოკოითს რომ არ შეიძლება მისი გათავისუფლება, თანაც სხდომას რომ არ ესწრება ისეო, მაგრამ ვერაფერი შეასმინეს.
კოჩიევმაც, როგორც კი ფეხზე წამოდგომა მოახერხა, მაშინვე სასამართლოს მიმართა და საქმეც ყველა ინსტანციაში მოიგო. თუმცა, სპიკერის პოსტი ჯერ ისევ კოკოითის რჩეულს უკავია.
საქმის საბოლოო განხილვა 27 მაისს გაიმართა და ე.წ სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ „პარლამენტის“ გადწყვეტილება სტანისლავ კოჩიევისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შესახებ გააუქმა.
ამის პასუხად კი სტანისლავ კოჩიევმა გამოაცხადა, რომ მზადაა 28 ივნისიდან შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას. თუმცა, დასთანხმდებიან თუ არა ამას ის ეგრეთწოდებული დეპუტატები, რომლებმაც კოჩიევს უნდობლობა გამოუცხადეს, ჯერ უცნობია. გამორიცხული არ არის, მათ კოჩიევის უფლებამოსილების საკითხი ხელახლა დააყენონ. მანამდე კი კოჩიევმა ყველას მოუწოდა „დავივიწყოთ მთლიანად ის რიტორიკა, რომელიც სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა და ხელებაკაპიწებულებმა დავიწყოთ მუშაობა. მზად ვარ ყველა ფრაქციასთან და ყველა დეპუტატთან ვიმუშაო. არანაირ კონფრონტაციას მუშაობაში არ დავუშვებ“’ – განაცხადა მან.
ცნობისათის: სტანისლავ კოჩიევი გაათავისუფლეს გასული წლის 5 ოქტომბერს, „საპრეზიდენტო საარჩევნო“ კამპანიის დაწყების წინ, რადგანაც კოკოითმა იგი არასაკმარისად ლოიალურად პიროვნებად მიიჩნია ამ პერიოდში „პარლამენტის სპიკერის“ პოსტზე. საბოლოოდ, კოკოითის ეჭვები მართლაც გამართლდა, რადგანაც კოჩიევი ალა ჯიოევას მიერ მოგებული არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდა და თავად ედუარდ კოკოითი და მისი მომხრეებიც მკაცრად გააკრიტიკა.
ახლა, მართლია ცხინვალის ე.წ.პარლამენტში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა, მაგრამ იქ კოკოითის მომხრეებს მაინც ძლიერი პოზიციები უკავიათ და ადგილობრივი პოლიტილოგები არ გამორიცხავენ, რომ კოჩიევისადმი ნდობის საკითხი კვლავ დააყენონ, რადგანაც იგი ყველაზე მცირერიცხოვან კომუნისტთა ფრაქციას წარმოადგენს. ასე რომ ბრძოლა სპიკერის სავარძლისთვის ჯერ არ დასრულებულა. შესაძლოა, ის ახლა იწყებოდეს კიდეც.