პოეტ სოსო (სევარიონ) ნადირაძის საქველმოქმედო საღამო
09:03:31     28-06-2012
29 ივნისს, პარასკევს, 19:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პოეტ სოსო (სევარიონ) ნადირაძის საქველმოქმედო საღამო.
საქველმოქმედო საღამოზე გაიყიდება სევარიონ სოსო ნადირაძის ახალი მინი-რომანი "ფქვილდაფქვილ სიარული"
ასევე საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ ცნობილი პოეტები და სიმღერებს შეასრულებენ ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები.
პოეტ სევარიონ ნადირაძეს ექიმების დასკვნით სჭირდება სამედიცინო დახმარება...
სამწუხაროდ, თანხების მოძიება ძალიან გართულდა.
საქველმოქმედო საღამო-აქციის ჩატარების ინიციატივით ორგანიზატორები ფიქრობენ, თავი მოვუყარონ გარკვეულ ფულად სახსრებს, რომ შეძლონ სოსო ნადირაძის დახმარება.
TBC-ბანკში უკვე გახსნილია სევარიონ ნადირაძის პირადი ანგარიშის ნომრები ლარებსა, ევროებსა და დოლარებში, რომელზეც როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეუძლიათ ჩარიცხონ თავიანთი შემოწირულობანი. ამავე ანგარიშზე ჩაირიცხება საქველმოქმედო საღამოზე შეგროვებული თანხაც.
1. ლარებში
საბანკო კოდი TBCBGE 22
ანგარიშსწორების ანგარიში -GE77 TB70 0000 0365 1257 02
სევარიონ ნადირაძე
2. FOR EUR TRANSFER
GE42 TB70 0000 0366 1290 21
SEVARION NADIRADZE
3. FOR USD TRANSFER
GE69 TB70 0000 0366 1290 20
SEVARION NADIRADZE
პრესა.გე-ს მკითხველები და საერთოდ, პოეზიის მოყვარულები კარგად იცნობენ სოსო (სევარიონ) ნადირაძეს. დღეს კიდევ შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ლექსს.
კალამი
კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები...
შენი თეატრი მიატოვეს და უდასოა,
ახლა მინდორში გამოხვედი სახეტიალოდ,
თითო ფოთოლი თუ ანბანის თითო ასოა,
მაშინ ლექსია ყოველი ხის მწვანედ შრიალი...
სასაცილო ხარ, ქარი გითვლის უკვე ნაოჭებს,
და შემოდგომა ყვითელ ნაცარს გაყრის მუჭებით,
ქუჩა ხე არის, შენ ფოთოლი და რომ არ მოწყდე,
მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ებღაუჭები...
ქალაქს ციმციმა ნათურებით შენს წინ შესვამენ
ვარსკვლავის ცეცხლზე მოზეიმე შმაგი დევები,
უცნაურ მთვარეს დარაჯობენ დღემდე შენსავით,
ლექსები, შენზე დაღლილები ღამისთევებით.
ფურცლებზე ტანჯვით გადაწერე სულმა რაც ზიდა,
მხურვალე მზეა ცრემლიანი მიწის საშრობი,
და გული გწყდება, რომ ლექსები ისე გაზრდილან
ნაკვალევიც კი აღარ დაგრჩა მათი ბავშვობის...
ამ ქუჩამ იმ გზას საბოლოოდ ისე დაჰკივლა,
დაფრთხენ კენჭები - ეზოების ლაწირაკები,
ახლა შენც ქარის უხილავი ნაწილაკი ხარ
გარშემორტყმული უხილავი ნაწილაკებით...
გაქრა, წავიდა სიჭაბუკის წვა და აზარტი,
უნდა დატოვო, გზებზე მარტო უნდა აენთნონ,
შუქნიშნებივით ლექსებს ქარში გააქვთ ზანზარი,
ცრემლის ხაზს ხედავთ განწირულნი უერთმანეთოდ.
თვალის გახელაც ვერ მოასწრე ისე შებინდდა,
მიწასაც თითქოს უკვე გასძვრა ქანცი წრებრუნვით,
იმდენი მძიმე ლექსი მოგტყდა უკვე მხრებიდან,
რომ ახლა ლექსის ლოდებს უცქერ განცვიფრებული...
სამყარო შუბს და ქარის წისქვილს ვეღარ შორდება.
უკვე შენც ქართულ - ლამანჩურად აგებ დიალოგს,
ეკლიან ტანზე დაგღმუიან ქარდიდობები,
გზაც ჯამბაზივით ქარის ფსკერზე დახეტიალობს.
კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები.
ფეისბუქელ მეგობრებს...
ერთმანეთს ვიცნობთ ვირტუალურად,
დღეებიც არის ვირტუალური,
ხანდახან ნაბიჯს სევდას გაურევს,
ვირტუალური წვიმის ხმაური...
წლები-კვიცები უცებ გამექცნენ,
მწუხრს და სიბერის უღელს შევები,
და მეგობრების სითბოს დავეძებ,
ვირტუალური ღამისთევებით.
მე თქვენთან ერთად გულივით ვფეთქავ,
თრთოლვით შევყურებ პარტერს, იარუსს,
და ჩემს უმწეო ლექსებთან ერთად,
ვირტუალურად ვსწავლობ სიარულს,
ეს მეგობრობა უნაზესია,
ამაღლებული და უცნაური,
გული გულია, ლექსი, ლექსია.
თუ გინდაც ერქვას ვირტუალური..
***
რა დროს ოცნება და
რა დროს თამაშია,
ჩუმად ლოცულობენ
ირგვლივ ფანტომები,
მიწას ექავება,
რაც კი ყაყაჩოა,
წითლად ამოყრილი
მინდვრის ბატონები...
***
ფეხი დაუცდათ,
ქარაფებზე,
ცხადზე ცხადია
და ბეღურები
განა ფრენენ,
ქარზე დადიან...
***
ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით,
მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით,
არ გაგწირავენ ჩემი ლექსები,
არც არასოდეს მიგატოვებენ..
მერე რა, თუკი დამიძახებენ,
გამოვეწყობი მაინც საშენოდ,
მერე ლექსებში გადავსახლდები,
რომ წიგნებიდან არ მოგასვენო.
დავრჩებით მაინც ბედის ურჩები,
გინდა ჩამთავრდეს ჩვენი იწილო,
მე არასოდეს მოვიღუშები,
შენც ეგ ღიმილი არ მოიცილო...
ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით,
მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით,
არ გაგწირავენ ჩემი ლექსები,
არც არასოდეს მიგატოვებენ..
ამოუხსნელი მეტაფორები
მატარებელი მისდევს ლიანდაგს.
ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების,
და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ
ამოუხსნელი მეტაფორები...
ერთმანეთს ვეძებთ გზებით ირიბით,
და სანამ ზეცას დავიზეპირებთ,
ერთმანეთისკენ სავალ ბილიკებს
ვაწყობთ და ვკეცავთ რებუსებივით....
ჩვენ ვერ ვივიწყებთ ერთურთს ღმერთმანი,
ლაბირინთია მარტო ვნებები
და ჩვენს ქუჩაზე კვეთენ ერთმანეთს
წილადები და განტოლებები...
მატარებელი მისდევს ლიანდაგს.
ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების,
და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ
ამოუხსნელი მეტაფორები...
ცხოვრება ლაბირინთია
ცხოვრება ლაბირინთია
აღლუმების და მარშების,
წვიმიან მინდვრებს ქარები
ქვემეხებივით აშრობენ.
რაის პოეტი - ფურცლების
პატარა სათამაშო ვარ
და ვეჯიბრები თამაშში
კალმიან სათამაშოებს...