ლუკაშენკომ თავისი „დინასტიის“ გამგრძელებელი დაასახელა: 7 წლის კოლია გენერლებისგან უკვე პატაკსაც იბარებს

  08:16:59     28-06-2012

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ვიზიტით ვენესუელაში იმყოფება, ბელორუსის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა გაამხილა და ის უგოჩავესს ოფიციალურადაც წარუდგინა.

ლუკაშენკო, საპრეზიდენტო სავარძლის შთამომავლობით გადაცემას გეგმავს და თავის შემცვლელად, ოღონდ, 20-25 წლის შემდეგ  უმცროს ვაჟს - კოლიას ტოვებს, რომელსაც 8 წელი აგვისტოში შეუსრულდება. ის უკვე რამდენიმე წელია მამის თანმხლებად იქცა თითქმის ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე.

უგო ჩავესი სიხარულს ვერ მალავდა:

„დღეს ვენესუელაში საზეიმო დღეა, ჩვენ ვმასპინძლობთ პრეზიდენტ ლუკაშენკოს და მის ვაჟს“ - განაცხადა ჩავესმა. ლუკაშენკომ კი უპასუხა:

„შენ სწორად თქვი, რომ ჩემს გვერდითაა ჩემი შვილი ნიკოლაი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სერიოზულად და დიდი ხნით ჩავუყარეთ საფუძველი ჩვენს თანამშრომლობას და არის ისეთი ადამიანი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ თანამშრომლობის ესტაფეტას გადაიბარებს“.

ალექსანდრ ლუკაშენკო მესამე შვილის არსებობას კარგა ხანს მალავდა, რაც მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა. 2007 წელს, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრეზიდენტის პრესმდივანს კითხვით მიმართა, განემარტათ, ვინ იყო ლუკაშენკოს თანმხლები ბავშვი, პაველ ლიოგკიმ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა, საიდან აღმოჩნდა მისთვის უცნობი ბავშვი ლუკაშენკოსთან ერთად შაბათობაზე. მერე კი ჟურნალისტს დაპირდა, ობიექტზე მშენებლებს ვკითხავ, იქნებ, მათ იცოდნენო ვინაობა.

კოლიას შესახებ მამამ მხოლოდ 2007 წელს გაამხილა და მას შემდეგ ისინი თითქმის ყველა ღონისძიებას ერთად ესწრებიან. მაგალითად, ერთად შეხვდნენ სომხეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ერთად დადიან სამხედრო წრთვნებზე, ერთად ჩნდებიან საჯარო ღონისძიებებზე, დღესასწაულებზე...

მაშინ მამა ამბობდა, რომ უბრალოდ, ოჯახში, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა. მალე კი ასეთი განაცხადიც გააკეთა:

„ყველაზე პატარას საპრეზიდენტოდ ვამზადებ, შესაძლოა, მხოლოდ მესამე გახდება პრეზიდენტი“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ „უმცროსი - უნიკალურია“.

2008 წელს კი, სამხედრო სწავლების დროს გენერლები პატაკს უკვე არა ერთ, არამედ ორ ლუკაშენკოს - მამას და შვილს აბარებდნენ. მაშინ 4 წლის ბიჭუნას სპეციალურად შეუკერეს სამხედრო ფორმა. წელზე კი ნამდვილი - ოქროს პისტოლეტი ეკიდა, რომელიც ოქროს ტყვიებთან ერთად, მას, დიმიტრი მედვედევმა აჩუქა.

არაოფიციალური ქორწინების შედეგად მოვლენილი ბავშვის შეიარაღებული ძალების წინაშე გამოჩენამ ექსპერტები აღაშფოთა. ბელორუსის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის საქციელს სპექტაკლი უწოდა.

მაგრამ კოლია უკვე პირადად იცნობს უგო ჩავესს, ვლადიმერ პუტინს, ასევე რომის პაპს, რომელსაც ბავშმა რუსული ანბანი აჩუქა...

კოლიას დედის შესახებაც ბევრი არაფერი იყო ცნობილი. თავად ლუკაშენკომ ერთხელ თქვა, რომ ის ექიმად მუშაობს. მედიამ დაასკვნა, რომ ბავშვის დედა ირინა აბელსკაიაა, რომელიც ლუკაშენკოს პირადი ექიმი იყო.

თავიდან, აბელსკაიას კარიერული წინსვლა უსწრაფესი ტემპებით დაიწყო. დედამისი კი  ჯანდაცვის მინისტრადაც დანიშნეს. მაგრამ 2007 წელს აბელსკაია „საპრეზიდენტო საავადმყოფოს“ უფროსობიდან „გააგდეს“, რასაც ლუკაშენკომ თავისი კრიტიკაც მიაყოლა. კოლიას დედა ამის შემდეგ დიდხანს ეძებდა სამსახურს. ახლა კი რიგით ექიმად მუშაობს მინსკის დიაგნოსტიკურ ცენტრში. არ არის ცნობილი, რა პერიოდულობით აძლევენ მას შვილის ნახვის უფლებას.

მაინცდამაინც არც  ოფიციალურ პირველ ლედის გაუმართლა. გალინა ლუკაშენკო, რომელთანაც პრეზიდენტს ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს, სოფელში ცხოვრობს და ძალიან იშვიათად არა მარტო ჩნდება მეუღლესთან ერთად, არამედ, როგორც ამბობენ,  საერთოდაც იშვიათად ნახულობს მას.