აფხაზი სეპარატისტები ექვსპუნქტიან, უტოპიურ „შეთანხმებას“ გვთავაზობენ

  21:03:42     27-06-2012

ნიშანდობლივია, რომ ბოლო ხანებში აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგები, რატომღაც გააქტიურდნენ და ჩრდილოკავკასიელებს არიგებენ ჭკუას. ამ კუთხით განსაკუთრებით თავი გამოიჩინა აფხაზმა ადამიანის უფლებათა დაცვის  ე.წ. საერთაშორისო კოორდინატორმა, ბესლან კობახიამ, რომელმაც აფხაზურ–ადიღურ ურთიერთობებზე ანალიტიკური სტატია გამოაცხო, რომელშიც ჩერქეზებს ძმები ეძახა და მანამდე არ გაჩერდა, სანამ ჩერქეზთა ისტორია მთლიანად აფხაზებს არ მიაწერა.

ამან, ცხადია, ჩერქეზების განრისხება გამოიწვია და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩერქეზთა კავშირის“ კოორდინატორმა, რუსლან კეშმა მას საკადრისი პასუხიც გასცა, რის შესახებაც presa.ge წერდა კიდეც. (ლინკი ).

ახლა ბესლან კობახიამ ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, „აფხაზ და ქართველ ხალხთა მომავალ ურთიერთობებზეც“ დაწერა სტატია, რომ 25 ივნისის apsny.ru–განუთავსებია, რაც მაშინვე „აფსნიპრესმაც“ აიტაცა. სტატიის დასაწყისი მართლაც ცუდი არ არის, მაგრამ... კარგია, რომ ბესლან კობახია მომავალს იმედით შეჰყურებს და ფიქრობს, რომ „ჩვენს ხალხებს შორის ყველა საკითხი გადაწყვეტადია. ოღონდ, საჭიროა ამას ახალი იმპულსი მიეცეს. მაშინ მოვლენები  ელვისებურად დაიწყებს განვითარებას“. თუ როგორ აქვს ბესლან კობახიას ეს „ახალი იმპულსები“ წარმოდგენილი, ამაზე ცოტა ქვემოთ.

როგორც თავად აღნიშნავს, მისმა სტატიამ გამოიწვია რუსლან კეშისა და ექსპერტთა კლუბის რეაქცია“. „ამას გარდა, დაიწყო პოლემიკა იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც ჩემს სტატიაში შევეხე. თავისთავად ამ საკითხების განხილვა ნორმალური მოვლენაა. ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს და ცდილობს გააანალიზოს სიტუაცია,  მომავლის პროგნოზი გააკეთოს. თუმცა ეს კონსტრუქციული მიდგომაა“, – ირწმუნება ბესლან კობახია, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ზოგიერთ გამონათქვამებში წყენაც და გაუგებრობაც იყო გამოთმულიო.

თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ბესლან კობახია რუსლან კეშის საპასუხო სტატიის კომენტირებაზე უარს აცხადებს. კობახია აქ  უფრო „ექსპერტთა კლუბის“ რეაქციას გაუკვირვებია, რადგანაც საქართველო არსად მიხსენებიაო. აქვე დავსძენ, რომ კობახიას ნამდვილად კეშისადმი საპასუხო არაფერი აქვს. რაც შეხება ექსპერტთა კლუბს და ბატონ ლევან კიკნაძეს, თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან კობახიას გასცენ პასუხი, ამას თავადაც კარგად მიხედავენ.

ახლა რაც შეეხება თავად ბესლან კობახიას „ქმნილებას“ ქართველ–აფხაზთა მომავალზე, კარგია, რომ იგი დარწმუნებულია, ეს ურთიერთობანი გამოსწორდება, მაგრამ არა ისე, როგორც თავად გვთავაზობს და არა ისტორიის ისე გაყალბებით, როგორც ეს ამ სტატიაშია გადმოცემული.მართლია, იგი აღიარებს, რომ „იყო პერიოდი (და არა ერთხელ), როცა აფხაზეთი და საქართველო ერთ სახელმწიფოში იყვნენ, იყო პერიოდებიც, როცა ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი იყვნენ...“. არ შევუდგები იმის აბსურდების გადმოცემას, რასაც კობახია სთავაზობს აუდიტორიას 1992 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყების თაობაზე და არც იმას, თურმე როგორ შეუჩერებიათ აფხაზებს, თურმე გამსახურდიას მომხრე ქართველები, რომლებიც არძინბას ეახლნენ  და სთხოვდნენ თბილისის დასალაშქრად წინ გაგვიძეხიო. კობახიას მტკიცებით, თურმე აფხაზეთი თბილისის ცნობილი მოვლენების შემდეგ „სიმშვიდის ერთადერთი კუნძული გახლდათ“. იმაზე არაფერს ამბობს კობახია, როგორ იძარცვებოდა აფხაზეთში მატარებლები, როგორ დათარეშოდნენ იმ ტერიტორიაზე არძინბას მიერ შექმნილი უკანონო ბანდფორმირებანი, რომლებიც იქამდეც კი გათავხედდნენ, რომ გალის რაიონში შეიჭრნენ და მოსახლეობის აწიოკებას თავი რომ დავანებოთ, ენგურის სანაპიროზე დადგნენ, დამოუკიდებლები ვართ, ეს ჩვენი საზღვარიაო.

ყოველივე ამან კი გამოიწვია ის, რაც შემდეგ მოხდა. არც შევარდნაძის, მით უმეტეს, არც კიტოვანისა და იოსელიანის გამართლებას არ ვაპირებ, მათ თავიანთი ცოდვები ისედაც საკმარისად აქვთ, მაგრამ თუ ვინმეა ამ ომის გაჩაღებაში მთავარი დამნაშავე, უპიველესად ეს არის ვალერიან ოსმანის ძე კობახია, ბესლან კობახიას მამა, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოამზადა ის, რაც შემდგომში მოხდა.

დიახ, რომ სწორედ ასეა, რადგანაც ვალერიან კობახიას ცნობილ ქართველთმოძულე, მიხელ სუსლოვთან, ახლო ურთიერთობები აკავშირებდა. სწორედ ანტიქართული პოლიტიკის გამო, ვალერიან კობახია 1975 წელს გაათავისუფლეს სკკპ ცკ–ს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნობიდან, სადაც იგი 1965 წლიდან მუშაობდა. მთელი ამ ხნის მანძილზე მან იმას მოღწია, რომ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებობდა,  საბოლოოდ მოუღო ბოლო. თანაც ეს იმდენად თვალშისაცემი იყო ბოლო ხანებში, რომ კრემლში იძულებულნი გახდნენ  ის გაეთავისუფლებინათ.

ცხადია, რუსებს ვალერიან კობახია უსაქმოდ დიდხანს არ დაუტოვებიათ და საოლქო კომიტეტის მდივნობიდან გამოგდებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. საოლქო კომიტეტის მდივნობიდან გაშვებულს მაგ თანამდებობას ვინ ანდობდა, მაგრამ სუსლოვს და კრემლში მოკალათებულ ანტიქართველებს კობახიასნაირი კადრები ისევ ქართველთა საწინააღმდეგოდ სჭირდებოდათ და ამიტომ, არაპარტიულ, მაგრამ კიდევ უფრო პასუხსაგებ თანამდებობაზე დანიშნეს. მანაც არძინბას ყველაფერი მოუმზადა იდეოლოგიურად იმისათვის, რომ მომხდარიყო ის, რაც შემდეგ მოხდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, 1992 წლის მოვლენების დროს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა იქნებოდა, თუ სხვა ვინმე, აფხაზთა და ქართველთა დასაპირისპირებლად კობახიას ისე ჰქონდა ნიადაგი შემზადებული, რომ ის მაინც მოხდებოდა.

ახლა ამ სულისკვეთების მქონე ოჯახში გაზრდილი ბესლან კობახია, "მომავალი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად", უტიფრად, ქართველებს "გვთავაზობს" შემდეგს:

1.ომის გაჩაღება აფზახეთში აღიარებულ იქნას ქართველი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ დანაშაულად.

2.აღძრულ იქნას სისხლის სამართლის საქმე იმათ წინააღმდეგ, ვინც 1992 წლის აგვისტოში სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მისი დაწყების შესახებ

3.გაიმართოს საჯარო სასამართლო მოსმენები ამ საკითხზე  და მიღებულ იქნას სასამართლო გადაწყვეტილება

4. აღიარებულ იქნას აფხაზეთის დამოუკიდებლობა

5. დამყარებულ იქნას აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობანი, როგორც ეს მთელს მსოფლიოშია მიღებული

6. დაიდოს მეგობრობასა და თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი შეთანხმება.

იქვე კობახია დასძენს, „რა თქმა უნდა, აფხაზეთის აღიარება არსებულ პრობლემებს მაშინვე ვერ გადაწყვეტს. მაგრამ შეუძლია გადაწყვიტოს მთავარი ამოცანა – გახდნენ თანასწორი პარტნიორები და მოილაპარაკონ როგორც თანასწორმა პარტნიორებმა“.

ძალიან ბევრი ხომ არ მოინდომეს კრემლის სატელიტმა, სეპარატისტმა კობახიამ და მისმა პარტნიორებმა?