ძველი აღთქმიდან - ელისე წინასწარმეტყველის დახმარება ქვრივი ქალისადმი

  09:37:15     27-06-2012

14 (ახალი სტილით 27) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წინასწარმეტყველი ელისეს ხსენების დღეს.

წინასწარმეტყველი ელისე იყო წმინდა ელია თეზბიტელის მოწაფე. მას შემდგომ, რაც უფალმა ელია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით აღიყვანა ზეცად, რომლის შემსწრეც მისი მოწაფე იყო, ელისე გახდა თავისი დიდი მასწავლებლის მემკვიდრე წინასწარმეტყველი. მასვე დაუტოვა ნეტარმა ელიამ თავისი ხალენი (მოსასხამი), როგორც ღვთის მადლის სიმბოლო. იგი 65 წლის მანძილზე  იყო ისრაელის წინასწარმეტყველი და უშიშრად ამხელდა ისრაელის მეფეებსაც კი. იცოცხლა 100 წელი. გარდაიცვალა დაახლოებით 835 წელს ქრისტემდე.

ქრისტიანები დიდ პატივს სცემენ ელისე წინასწარმეტყველს. ქართველებისათვის ის და მისი მასწავლებელი, ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არიან - ელია თეზბიტელის ხალენი ებრაელებმა მერე საქართველოში  მოაბრძანეს...

ელისე წინასწარმეტყველმა არა ერთი სასწაული მოახდინა, ამით ეხმარებოდა ადამიანებს და ღვთის რწმენას უმტკიცებდა. საინტერესოა მის მიერ მოხდენილი სასწაული, რომლის მეშვეობითაც მან გადაარჩინა ქვრივი ქალი და მისი ორი ვაჟი. ქვრივს ვალები ჰქონდა და ვერ იხდიდა, მევალეებს მისი შვილები მონად მიჰყავდათ, თუ არ გადაიხდიდა.

წინასწარმეტყველმა ელისემ მოახდინა სასწაული. ქალს მცირეოდენი ზეთი ჰქონდა სახლში, წინასწარმეტყველის რჩევით მან და მისმა შვილებმა ითხოვეს მეზობლებისგან ბევრი ჭურჭელი და მასში ჩაასხეს იმ პატარა ჭურჭელში არსებული ზეთი. პატარა ჭურჭელში ზეთი მანამ არ დაიცალა, სანამ ყველა დიდი ჭურჭელი არ აივსო...

წინასწარმეტყველმა ურჩია გაეყიდათ ზეთი, ვალი გაესტუმრებინათ, დანარჩენი თანხით კი თავი გამოეკვებათ...

ამაზე გვიამბობს ნაწყვეტი ძველი აღთქმიდან, რომელსაც დღეს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს (მცხეთური ხელნაწერი, მეოთხე მეფეთა, 4,1-7).

ჩვენს მკითხველს ვულოცავთ ელისე წინასწარმეტყველის ხსენების დღეს. წმინდა ელისე წინასწარმეტყველი  შეეწიოს ჩვენს ოჯახებს, როგორც იმ ქვრივი ქალის ოჯახს!

წიგნი მეოთხე მეფეთა

4,1-7

1. და დედაკაცი ერთი ძეთა მათგანი წინაწარმეტყუელთა ღაღადებდა ელისეს მიმართ და თქუა: მონა შენი, ქმარი ჩემი, მოკუდა და შენ თჳთ იცოდე, რამეთუ მონა შენი მოშიში უფლისა იყო, და მასესხებელი იგი მოვიდა და მიიყვანნა ორნივე იგი შვილნი ჩემნი მონად თჳსად.

2. და ჰრქვა მას ელისე: რა გიყო შენ, მითხარ მე, რა გიც სახლსა შენსა? და მან თქუა: არარა არს სახლსა მჴევლისა შენისასა გარნა ჭურჭელი ერთი, რომელსა დგას ზეთი საცხებელად ჩემდა.

3. და ჰრქუა მას ელისე: მივედ და ითხოვე შენდად ჭურჭელი მოცალე ყოვლისაგან გარემოთა შენთა და ნუ მცირედ.

4. და შეხჳდე შენ და შვილნი შენნი და დაჴაშ კარი შენი და ისხმიდე ყოველსა მას ჭურჭელსა ვიდრე აღვსებადმდე.

5. და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე. და დაჴშეს კარი მან და შვილთა მისთა. შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭელისა მის.

6. და ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაცა ჭურჭელი! და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.

7. და მივიდა, უთხრა კაცსა მას ღმერთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი, შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მაგით ზეთისათა.