გიორგი ჭალადიდელის (ქოჩაკიძის) „მოგონება“
09:34:47     27-06-2012
1847 წლის 15 (ახალი სტილით 27) ივნისს, სოფელ ფერსათში, იმერეთში დაიბადა ქართველი პოეტი გიორგი ჭალადიდელი (გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე).
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს. მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878 წწ.). მიიღო პოლკოვნიკის წოდება, მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში.
გარდაიცვალა ახალგაზრდა, 51 წლისა, 1898 წლის 1 (ახალი სტილით 13) აპრილს მინსკში. დაკრძალულია სენაკში.
მისი ნაწარმოებები 1869 წლიდან იბეჭდებოდა „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში", „მოამბეში", „ივერიაში", „მნათობში", „კრებულში" და სხვა. გარდა ჭალადიდელისა იყენებდა ფსევდონიმს „სირიაჩქონელი ქიშვარდიანი".
თავადური წარმომავლობისა გახლდათ, მისი შემოქმედება კი გამსჭვალული იყო უბრალო მშრომელებისადმი დიდი თანაგრძნობით („ქება შრომას", 1868; “ფაცხა", 1870); ასევე პატრიოტიზმით ("სიმღერა გარდახვეწილისა", 1870; "გორდის მთაზე", 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით ("მენავე", "მწერლისადმი", ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით ("მოღალური გალიაში", 1872). წერდა სატრფიალო ლექსებს: "სატრფო" (1869), "ქართველო ქალო", "ფარვანა", "სიმღერა" (სამივე 1870). აქვეყნებდა წერილებს "ცივ-ცივი ამბების სახელწოდებით“ "დროებაში". იყო თერგდალეულთა მიმდევარი.
ჭალადიდელის ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა: „მოგონება" („მახსოვს პირველად სასწავლებელში"); „ფაცხა" (მიყვარს ფაცხა მე მეგრული").
გავიხსენოთ მისი „მოგონება“, შესანიშნავი ლექსი, რომელიც ქართველთა არა ერთ თაობას შთააგონებდა, სამშობლოსა და მოყვასისადმი სიყვარულს.
მოგონება
I
მახსოვს, პირველად სასწავლებელში
წასაყვანად რომ მე გამამზადეს:
მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში
და შინაურად მე გამომცადეს.
ჯერ „ანი“ მკითხეს და მერე „ნარი“
მაგრამ ყველაზე ვუთხარ უარი.
რაკი დარწმუნდნენ, არა ვიცოდი,
მაშინ კი ჩუმად გამიღეს კარი
და მითხრეს: „რადგან აქ არ ისწავლე,
სასწავლებელში წადი, იწვალე
იქ გაჩვენებენ შენს თვალის სეირს,
თუ ეს სიცელქე არ მოიშალე“.
II
ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი,
ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი,-
დაღონებული მწარედ ვსტიროდი,
მაგრამ არავის ვებრალებოდი...
მხოლოდ ეს მახსოვს, - გამომყვა დედა
და მითხრა: ,,შვილო, კმარა, ნუ სტირი,
ვინ სახლში დარჩა, რა გააკეთა,
ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?
გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
შრომა და ტანჯვა ნუ გეზარება,
თუ შენი შრომა და შენი ჯაფა
სამშობლოს რადმე გამოადგება...
III
„ეცადე ძლიერ და გქონდეს სმენა, -
კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, -
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო,
არ დაივიწყო სამშობლო ენა.
მერწმუნე, რომა გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია!
გეზარებოდეს ყველასთან შური
და როცა შეგხვდეს კაცი უძლური,
იცოდე, რომ ის შენი ძმა არი,
არ დაუკარგო ღვინო და პური...
IV
„გიყვარდეს შენი მოძმე კეთილი
და მისთვის მუდამ გეწოდეს გული, -
შენ მოძმეთ შორის და შენს მიწაზე
გერჩიოს იყო შენ დამარხული:
ტანი უსულო და უგრძნობარე,
თუ გინდ შინ იყოს და თუნდა გარე,
მაგრამ, როგორღაც, დედაშვილობამ,
სანატრელია სამშობლო მხარე“.
V
ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა
და ეს მას აქეთ დამამახსოვდა, -
რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა.
თვალთაგან ცრემლსა ფრქვევა გაჰქონდა...
1869 წელი, ქუთაისი