ქეთევან დოლიძის პოეზიის საღამო
09:33:47     27-06-2012
28 ივნისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შემოქმედებითი საღამო - ქეთევან დოლიძის პოეზია და პოეტური ნოველები.
„პოეზია ბეწვის ხიდზე სიარულია უკიდეგანო სამყაროში. - წერდა ქეთევან დოლიძე პრესა.გე-ს ფურცლებზე. - შეიძლება მიწაზე არეული ნაბიჯებით დადიოდეს პოეტი, მაგრამ ბეწვის ხიდზე გავლისას, ფეხი არ უნდა დაუცდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე გულწრფელი უნდა დარჩეს უფლისა თუ თავის წინაშე და კიდევ ერთი - "ხიბლი” არ გაიკაროს. ერთი ყალბი ნაბიჯიც საკმარისია, სამყაროს უსასრულობაში დროის დინებასთან ერთად რომ ჩაინთქას და ჩაიკარგოს.
პოეტი მთელი ცხოვრება ნერვზე უნდა იყოს შემდგარი და გულით უზარმაზარ ემოციის ზღვას ატარებდეს... როდესაც ზღვას ერთი წვეთი დაემატება, გადმოდის. ერთი კი არა, ჩემს ზღვას ათასი, მილიონი, მილიარდი წვეთი ყოველდღიურად ემატებოდა და ემატებოდა... და უსასრულოდ გადმოდიოდა თავად ზღვადქცეული ნაპირებიდან. პოეტად უნდა დაიბადო და პოეტურადაც უნდა ცხოვრობდე... შენი წილი ბედიც უნდა დაგყვეს და იღბალიც. არავინ დაიჯეროს, რომ პოეტები უიღბლოები არიან. მათი დაბადება ყველაზე დიდი იღბალი და ბედისწერაა“.
გავიხსენოთ ქეთევანის ორი ლექსი, რომელიც პრესა.გე-ს ფურცლებზე გამოვაქვეყნეთ ადრე.
* * *
რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე...
მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს.
მე ხომ შემთხვევით დედამიწაზე
მომინანქრებულ ფიქრებს დავეცი...
თუმცა ჭიშკარი გადამირაზეს
და დღესაც მტკივა ბეჭი ნალეწი.
მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს...
რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე.
* * *
მოვარდა ქარი მსტოვარი:
- შენზე ფიქრიო უხარის...
მე კი კუთხეში დავმჯდარვარ,
ვაბოლებთ მე და ბუხარი.
- ქარო, ზამთარი წამიღებს...
ატირდებიან მუხანი...
ან არაფერი არ უთხრა,
ან მიყვარხარო - უთხარი.