იოჰან სებასტიან ბახი
09:16:25     27-06-2012
იოჰან სებასტიან ბახი - დაიბადა 1685 წელს, გერმანიის ქალაქ აიზენახში. მისი პირველი მასწავლებელი საკუთარი მამა გახლდათ. ბახი ცხრა წლისა, რომ შესრულდა, დაობლდა, მაგრამ მარტო არ დარჩენილა. მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც ასევე იოჰანი ერქვა, მაგრამ არა იოჰან სებასტიანი, არამედ იოჰან ქრისტოფი. იგი მახლობელ ქალაქ ორდრუფში ცხოვრობდა და ეკლესიაში ორგანს უკრავდა. პატარა იოჰან სებასტიანს უფროსი ძმა ამეცადინებდა. მას ისეთი გასაოცარი მიღწევები ჰქონდა, რომ იოჰან ქრისტოფიც შეაქებდა ხოლმე : "თქვენით კმაყოფილი ვარ, ძმაო, მეტად კმაყოფილიო."
იოჰან სებასტიანის უფროსი ძმა უცნაური ბუნების ადამიანი იყო. მარტო იმას ასწავლიდა უმცროს ძმას, რაც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. სწორედ ამიტომ, ღამღამობით, შეუმჩნევლად, პატარა იოჰანი მიიპარებოდა ხოლმე წიგნის კარადასთან , გამოიღებდა იმ დროის ყველაზე გამოჩენილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, და ერთი მეორეს მიყოლებით იწერდა. მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი უნათებდა, არც ლამფა ჰწონდა და არც სანთელი. ამაზე ოცნებასაც ვერ ბედავდა სებასტიანი. მხედველობა დაეძაბა, მაგრამ მაინც იჯდა, ლამის დაბრმავებულიყო, მაგრამ უკან არ იხევდა, ჯიუტად იწერდა და იწერდა. ეს მძიმე, თითქმის აუტანელი შრომა იყო. მხოლოდ მუსიკით გატაცება, მხოლოდ შეუპოვარი ხასიათი მატებდა ძალას, მხოლოდ დიდი სურვილი, რომ თვითონ დაეკრა ორგანზე და მოესმინა, ეხმარებოდა ბიჭს მუშაობაში. ექვს თვეს მოუნდა ნოტების გადაწერას, ექვს თვეს არ ეძინა. და აი, ნოტები უკვე ხელთ ჰქონდა, თითქმის ყველა გადაწერილი...მაგრამ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა პატარა იოჰანს...
იოჰან სებასტიანს მეცადინეობის დროს უფროსი ძმა დაადგა თავზე - ღამის ჩაჩით თავზე ჩამოფხატული და დაბამბულ ხალათში გამოწყობილი შევიდა ოთახში. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა იოჰან სებასტიანს, ამაოდ ემუდარებოდა გულქვა უფროს ძმას, ეპატიებინა დანაშაული, მაგრამ ვერც ვედრებამ, ვერც ცრემლებ,ა ვერ გაჭრა. ძლივძლივობით გადაწერილი ნოტები ქრისტოფმა ბიჭს წაართვა და ნაკუწებად აქცია...
ამის შემდეგ, გავიდა დიდი დრო. იოჰან სებასტიან ბახი უდიდესი კომპოზიტორი გამოვიდა. იოჰან ქრისტოფი, კი მართალია, ძმას წაართვა ნოტები, რომელსაც საბრალო მთელი ექვსი თვის განმავლობაში გულმოდგინედ იწერდა, მაინც ორდრუფის ეკლესიის ერთ უბრალო ორგანისტად დარჩა. დღეს მისი სახელის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მისი უფროსი ძმა, გენიოსი - იოჰან სებასტიან ბახი!