თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია
09:06:59     27-06-2012
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სირიელმა სამხედროებმა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ქვეყანაში მაღალი საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული. თურქეთი ამტკიცებს, რომ მისი თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს და არა სირიის ტერიტორიაზე, რის გამოც ის პასუხისმგებლობას სირიას აკისრებს.
თურქეთის მთავრობის მეთარი იმასაც აღნიშნავს, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლება „უკვე აღარ არის ლეგიტიმური და აღარ წარმოადგენს სირიელ ძმებს“. ანკარა აპირებს გამოიყენოს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე
ყველა ზომა და დაიცვას თავისი პოზიციები თანაც ისე, რომ თავადვე იტოვებს ამ ზომების გამოყენების დროის, ადგილისა და მეთოდების განსაზღვრის უფლებას. ერდოღანი აცხადებს, რომ ამიერიდან, სირიის სამხედრო ელემენტის თურქეთის საზღვართან მიახლოება განხილული იქნება, როგორც სამხედრო საფრთხე.
ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არინჩმაც. მისი თქმით თურქეთი არ აპირებს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო სირიას ომი გამოუცხადოს, მაგრამ აპირებს მოითხოვოს ბოდიში და კომპენსაცია. „ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც სამხედრო ვნებებს აღვივებს. ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ. ჩვენ სერიოზული სახელმწიფო ვართ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ამასთან, ამას ეტაპობრივად ვაპირებთ“ - განაცხადა არინჩმა მთავრობის სხდომაზე, რომელზეც სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საპასუხო ზომებს განიხილავდნენ.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ანკარა ბოდიშსა და კომპენსაციას მოითხოვს. მან „სხვა ზომების გამოყენებაც“ არ გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ზომებს გულისხმობდა.
როგორც ცნობილია, თურქეთის სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4E, რომელიც 22 ივნისს ავიაბაზა „ერხაჩიდან“ აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა, ცოტა ხანში კი სირიამ განაცხადა, რომ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რადგან მან სირიის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ამ ინცინდენტის შემდეგ კი, თურქულმა მხარემ სირიის მიერ კიდევ ერთი თურქული თვითმფრინავის დაცხრილვის შესახებ გაავრცელა ცნობა, რომელიც, მათი ინფორმაციით ჩამოგდებული RF-4E-ის ნაწილების საძებნად გაუშვეს. არინჩის თქმით, სირიის ანტისაჰაერო თავდაცვამ მეორე თვითმფრინავზე იერიში მიიტანა, თუმცა ის არ ჩამოუგდიათ.
თურქეთი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი RF-4E საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამაგდეს და სირიის ტერიტორიულ წყლებში მისი ნაწილები ჩაცვივდა. ანკარას განცხადებით, თვითმფრინავი „სატესტო და სასწავლო ფრენას ახორციელებდა - ნაციონალური რადარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და მისი ქმედება არ იყო მიმართული სირიის წინააღმდეგ“.
თურქმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილა იარაღი; მისი აფრენის შესახებ კი სირია ადრევე იყო გაფრთხილებული.
თურქულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინცინდენტს ნატო განიხილავს. თუმცა ალიანსი, როგორც ჩანს, თავს იკავებს რაიმე მკაცრი ზომებისგან. ბრიუსელში თურქეთის მიერ ინიცირებული შეხვედრის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის შესახებ მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა. აღნიშნული მუხლი ნატოს მიერ ერთობლივ პასუხს გულისხმობს, მათ შორის, სამხედრო ხასიათის პასუხს იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსის ერთ-ერთი წევრი თვლის, რომ მის უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება. რასმუსენის თქმით, აღნიშნული მუხლის ამოქმედება თავად თურქეთს არ მოუთხოვია. ხოლო თუ რა იქნება ალიანსის პასუხი, ამაზე რასმუსენმა მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინცინდენტები აღარ განმეორდება.