
დავით ბაქრაძე ოპონენტებსა და მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
16:38:42     26-06-2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ მერეთში, „ქართული ოცნების“ ლიდერების – ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას ვიზიტისას მომხდარ ინცინდენტს სწავლობს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საზოგადოებას მოუწოდებს წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი ინციდენტისგან თავი შეიკავონ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოფელი მერეთი საოკუპაციო ზოლთან ახლოს არის განლაგებული და მას ძალიან კარგად ესმის, რამდენად მძიმეა იმ ადამიანებისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ისეთი სიტყვების თქმა როგორც არის – „ომი საქართველომ დაიწყო“ და ის, რომ „ოკუპაცია, რომელიც დღეს ხდება საქართველოს ბრალია“.
სპიკერის შეფასებით, ამ ადამიანებისთვის, ასეთი სიტყვები კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან და საქართველოში ოკუპანტის ინტერესების დაცვასთან ასოცირდება.
„ამის მიუხედავად, დემოკრატია გულისხმობს – ნებისმიერი აზრისა და პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას – მიუღებელის თუ მისაღების. ასევე დემოკრატია გულისხმობს იმასაც, რომ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი, საკუთარ არჩევანს ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან გააკეთებს. ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ წინსაარჩევნო პროცესში, ნებისმიერი ინციდენტს თავი აარიდონ და ვიყოთ თავშეკავებულნი. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ნათქვამი ან პოზიცია, მათ ხალხთან შეხვედრის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – აცხადებს სპიკერი.
დავით ბაქრაძის მოსაზრებით, პოლიტიკურ პროცესებში, საბოლოო ვერდიქტს, ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოიტანს.
რაც შეეხება ინცინდენტის შესწავლას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია და ამ ადამიანების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის გორში, სოფელ მერეთში გამოჩენას ადგილობრივების მხრიდან აგრესია მოჰყვა. ადგილობრივებმა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას „რუსეთის აგენტები“ უწოდეს და ვიზიტის დროს ფიზიკური დაპირისპირების გამო შეხვედრა ჩაიშალა. ამასთან, დაშავდნენ ჟურნალისტებიც და დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა.