აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთავარსარდლის ბრძანების მოლოდინშია
16:11:44     26-06-2012
აზერბაიჯანი ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს, რადგან მსოფლიოში საერთაშორისო ნორმების დარღვევების ტენდენციის გაძლიერებასაც გულისხმობს - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სპეცდანიშნულების ძალების მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებთან გამართულ საზეიმო ცერემონიალზე.
ეს, ასე საჯაროდ გაკეთებული პირველი განცხადება იყო ალიევისა მას შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა, გუშინ თავისი სათქმელი თქვეს.
„სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა... ეს დარღვევები თანდათან ფართო ხასიათს იძენს. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, ჩვენც ვხედავთ, რომ თუკი არ იქნები ძლიერი, შენი უფლებები შეილახება“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ჩვენ უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ვატარებთ ამ გაძლიერების პროცესს, მათ შორის, ჩვენი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისას“.
ალიევის თქმით, ბოლო წლების მანძილზე ქვეყნის სამხედრო ხარჯები 20-ჯერ გაიზარდა. „ამ დროისთვის, ეს ხარჯები 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს... ხარჯები არმიაზე კვლავაც გაიზრდება... საზღვარგარეთიდან შემოდის იარაღის, ტექნიკის, საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა. შემოდის საბრძოლო თვითმფრინავები, საარტილერიო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარები“ - ჩამოთვალა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანში საკუთარი სამხედრო წარმოებაც ვითარდება: შვიდ წელიწადში აზერბაიჯანში შეიქმნა სამხედრო დანიშნულების 20 ქარხანა და საწარმოო გაერთიანება. ამ დროისათვის, ქვეყანა 665 დასახელების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას უშვებს.
ალიევი უფრო მეტადაც დაკონკრეტდა: სამხედრო ძალების გაძლიერება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს. აღნიშნა, რომ „რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი არმია, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებებზე. ამ ორ ფაქტორს შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „აზერბაიჯანი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდება“.
შთამბეჭდავი იყო საზეიმო ცერემონიალზე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის საფარ აბიევის მიმართვაც: „...დღეს ყოველი ჯარისკაცი, ოფიცერი და გენერალი ჩვენი შეიარაღებული ძალებისა, ელოდება ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბატონ ილჰამ ალიევის ბრძანებას, რათა ჩვენი ხალხის ნების შესაბამისად, ჩავერთოთ სომეხი ოკუპანტებისგან ჩვენი მიწების განმათავისუფლებელ ბრძოლაში“ - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
დღეს, აზერბაიჯანი შეიარაღებული ძალების შექმნის თარიღს აღნიშნავს. 26 ივნისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული.