
ლაშა შურღაიამ მეუღლე საძინებელში შეიტყუა და სამზარეულოს დანით მოკლა
11:46:27     26-06-2012
მიმდინარე წელს, თემქაზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
ზუგდიდის მკვიდრი ლაშა შურღაია მეუღლის, მაია ჩილაჩავას განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული. მან თბილისში, თემქის დასახლებაში, 2012 წლის 25 იანვარს, დის - ლელა შურღაიას საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
საქმის მასალების მიხედვით, შურღაია წარსულში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო იყო ბრალდებული და გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრებმა იგი ექიმთან კონსულტაციის მიზნით, თბილისში ჩამოიყვანეს. იმის გამო, რომ ლაშა შურღაია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ეჭვიანობდა მის მეუღლეზე, განიზრახა ამ უკანასკნელის მოკვლა.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შურღაიამ სამზარეულოდან აიღო დანა, მაია ჩილაჩავა შეიტყუა საძინებელ ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, აღნიშნული დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, ხოლო შურღაია დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა ლაშა შურღაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტთა მიერ მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1976 წელს დაბადებული ლაშა შურღაია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.