კრემლმა ბაშარ ასადის გადასარჩენად საიდუმლო გეგმა მოამზადა
05:21:44     26-06-2012
როგორც მასმედიისთვის კარგად ინფორმირებული წყაროებისგან გახდა ცნობილი და ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კიდეც The Sunday Times–მაც, რუსეთი უკვე შეუდგა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დასახსნელად საიდუმლო გეგმის შესრულებას. ეს გეგმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში მდგომარეობს.
როგორც The Sunday Times–ს მოსკოვსა და დამასკოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საქმის კურში მყოფმა ინკოგნიტო რუსმა დიპლომატმა აუწყა, ასადს შესთავაზეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რადგანაც სირიის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკვე ამბოხებულთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა და რუსეთის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ მოქმედ პრეზიდენტს ხელისუფლებაში დარჩენა სულ უფრო გაუძნელდება.
ამასთან უახლოეს მომავალში არჩევნების ჩატარება აღქმული იქნება ოპოზიციისკენ გადადგმულ ნაბიჯად, რაც სირიაში დასავლეთის ქვეყნების ინტერვენციას შეუძლებელს გახდის.
იმავდროულად, როგორც იგივე წყარომ განუცხადა The Sunday Times–ს, რუსეთის მხარე დარწმუნებული არ არის, რომ ბაშარ ასადი ისარგებლებს მათ მიერ შეთავაზებული რჩევით. „არჩევნების ჩატარება მძიმე, მომქანცველი პროცესია. შესაძლოა, მან ეს რჩევა ყურად იღოს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ იგი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს“, – აღნიშნა The Sunday Times–თან რუსმა დიპლომატმა.
ამას გარდა მანვე გამოცემა დაარწმუნა, რომ რუსეთი არ გეგმავს ჯარების სირიაში გაგზავნას, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ამის ძალიან დიდი სურვილი გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ სირიაში აჯანყება 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. იქიდან მოყოლებული სამთავრობო ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა 15 ათასამდე კაცი. ივნისში გაერომ კონფლიქტი ოფიციალურად სამოქალაქო ომად გამოცხადა.
კონფლიქტის დაწყებიდან რუსეთმა არაერთხელ მოახდინა სირიაში სისხლისღვრის დამგმობი რეზოლუციის ბლოკირება. რუს დიპლომატთა მოსაზრებით, რეზოლუციის მიღებას შეეძლო სირიულ დაპირისპირებაში დასავლეთის სამხედრო ჩარევისათვის წინაპირობები შეექმნა.