კონსტანტინე ჭიჭინაძე - „კავკასიონი“
04:47:18     26-06-2012
1960 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი რუსთველოლოგი, კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე.
მომავალი პოეტი დაიბადა 1891 წლის 6 (ახალი სტილით 18) მაისს, სოფელ ხაშმში, რაჭაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1908 წელს. 1924 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „რჩეული ლექსებიდან“. დაწერილი აქვს პოემები: „რიონის აპოლოგია“. „შუა აზია“, „მარინა რასკოვა“.
კონსტენტინე ჭიჭინაძემ თარგმნა „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ნაწილი (კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად), ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.
კონსტანტინე ჭიჭინაძე ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: „ალიტერაცია ქართულ შაირში და „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემა“, „რუსთაველის გარშემო“, „რუსთაველი და მისი პოემა“. 1934 წელს გამოვიდა „ვეფხისტყაოსნის“ ჭიჭინაძისეული გამოცემა. კონსტანტინე ჭიჭინაძემ გამოცემაში პოემის მთელი ტექსტი შეიტანა, რაც ხელნაწერების სახით მოვიდა ჩვენამდე. მათ შორის, ინდო-ხატაელთა ამბავიც. კონსტანტინე ჭიჭინაძემ დაასაბუთა, რომ შინაარსის მიხედვით, ინდო-ხატაელთა ამბავი "ვეფხისტყაოსნის" ორგანული ნაწილია, მისი სიუჟეტის ბუნებრივი რგოლი.
როგორც ვთქვით, კონსტანტინე ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1960 წლის 21 ივნისს. დაკრძალულია დიდუბის მწარალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ადრე პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზეთ კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „პრეისტორია“. დღეს, ჩვენს მკითხველს ვტავაზობთ მის ლექსს „კავკასიონი“, რომელიც დაწერილია 1935 წელს.
კავკასიონი
შეჰყუდებია ცას ტიტანივით,
და გლეტჩერების გასარკულ ფარებს
უზარმაზარი მკერდის განივი
მედგრად ახვედრებს მზესა და ქარებს.
გაჯიუტებულ ჯმუხ სახეებად
იკლაკნებიან ღრუბლები ტანზე;
წვერწაგრეხილი ნაძვის ხეები
გადატეხილი გაწვდილან განზე.
მთების დაყრილა ძირს მაყრიონი,
და ნაპრალების გახსნილი კარით
გადმოღუნულა რუხი რიონი,
როგორც ვეება ჩიბუხის ტარი.
ამპარტავანი და მედიდური,
წარბმონუსხული მრისხანე მზერით,
შემოგარსულა ის ცის კიდურით -
შორს გაზიდული ფირუზის ფერით.
ნისლი, მიჯრილი სუნთქვით ძლიერით,
ოკეანეზე მოხდილი ბრკეა.
გაფითრებულა კორდილიერი
და გასუნგულა მაუნა-კეა.
აჰა, პამირი და ვოგეზები,
კოტოპახი და ვეზუვი ცხელი.
მიაქვთ იმათკენ ორბებს გეზები,
როგორც დიქტორებს, აწყვეტილ ყელით.
მოჩანს ნიგერი ცრემლით ნამული,
და მისისიპის გაწვდილი სირმა.
ამოატბორა ყრუ ჟრიამული
რისხვით გახსნილმა ურიცხვმა პირმა.
მილიონების თვალთა ბრიალი
მწვერვალს აწყდება ლაჟვარდის რღვევით,
და ბედისწერის ფრთების შრიალი
აბრეშუმივით იშლება ზევით.
ის კი პიტალო კლდეს აკალოებს,
ამოზიდულან ძარღვები კისრის,
და ზეაწყვეტილ რკინის პალოებს
ზღვების გადაღმა შხუილით ისვრის.
1935