
ამერიკაში მოკლულ 23 წლის ქართველს, სამშობლოში 28 ივნისს გადმოასვენებენ
09:04:12     25-06-2012
მერილენდის ქალაქ ბალტიმორში მოკლული ქართველის, ბექა ზარდიაშვილის ცხედარს სამშობლოში 28 ივნისს გადმოასვენებენ, ხოლო ოთხშაბათს, თბილისში მისი მშობლები ჩამოვლენ.
ზარდიაშვილის ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლებს მოკლულის ცხედრის ნახვის უფლება ამ დრომდე არ მისცეს და ამერიკელმა სამართალდამცავებმა, ოჯახს ადვოკატის აყვანა მოსთხოვეს, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს.
23 წლის ზარდიაშვილი აშშ-ში, რამდენიმე დღის წინ ბალტიმორში ყელგამოჭრილი ნახეს. ზარდიაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილია 26 წლის ზამანი ოლსონი, რომელიც უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ოლსონი ზარდიაშვილის თანამშრომელი იყო და ქართველი ახალგაზრდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მკვლელობაში ეჭვმიტანილთან ერთად მაღაზიაში მუშაობდა და მასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა კი, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზარდიაშვილმა ეჭვმიტანილს სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება მოსთხოვა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.
ფაქტთან დაკავშირებით, ბალტიმორის პოლიციამ ექსპეტიზა ჩაატარა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ზარდიაშვილს სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი კისრის არეში, რის შედეგადაც ქართველი ახალგაზრდა რეამინაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
ზარდიაშვილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ქართველი ახალგაზრდა ბალტიმორში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ოთხი წლის წინ, მას შემდეგ გადავიდა, რაც მათ ე.წ. მწვანე ბარათი მოიგეს. მათი ცნობით, ბექა ზარდიაშვილი ძალიან მორწმუნე ადამიანი - სტიქაროსანი იყო და ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბალტიმორში იმისთვის გადავიდა, რომ რუსულ ეკლესიაში სტიქაროსანი ყოფილიყო და ამავდოულად, იქ ემუშავა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ზარდიაშვილის ოჯახმა საქართველოს საელჩოს ამერიკაში გამოძიების აქტიური კონტროლის თხოვნით უკვე მიმართა და მათ ასევე დახმარება ითხოვეს ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად, რაზეც უწყებამ დახმარება აღმოუჩინა.