ლუკა სვანიძე: ბიჭი, რომელსაც ყველაფერში მუსიკა ესმის
08:07:46     25-06-2012
ოქროსკულულებიანი ბიჭუნა, ლუკა სვანიძე, შეუძლებელია დაგავიწყდეს, თუკი ერთხელ მაინც ნახე, როგორ უკრავს ინსტრუმენტზე. 4 წლის ქუთაისელი ბავშვი პროექტ "ნიჭიერში" გამოჩნდა და, გადამეტებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზღაპრის გმირს ჰგავს – ნიჭით, გარეგნობით, თანდაყოლილი მომხიბვლელობით. დოლზე დაკვრა უფრო ადრე დაუწყია, ვიდრე ჩამოყალიბებული ლაპარაკი. მისი ნიჭის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მუსიკა ყოველ იმ ხმაში და ხმაურში ესმის, რასაც ირგვლივ სულიერი არსებები, ნივთები თუ საგნები გამოსცემენ.
პატარა მედოლემ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ფინალისკენ გადაინაცვლა. ქუჩაში ყველა ცნობს, აჩერებს და ეფერება. ასეთ ყურადღებას პატარა კონკურსანტი ჯერჯერობით ვაჟკაცურად უმკლავდება.
ლუკა მშობლებთან და 9 წლის ძმა გიორგისთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. "სარკესთან" შესახვედრად თბილისში სპეციალურად ჩამოიყვანეს, თუმცა ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილი პატარა მედოლე ინტერვიუს დროს სიტყვაუხვობით არ გამოირჩეოდა.
ლუკას მამა, ლაშა სვანიძე, მოცეკვავეა, 25 წელი ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა. მამის კვალს უფროსი ვაჟი, გიორგი გაჰყვა. ოჯახის დიასახლისი თამუნა კაპანაძე პროფესიით ფარმაცევტია და, როგორც გვითხრა, კარგადაც მღერის.
– თქვენმა 4 წლის შვილმა საზოგადოება გააოცა. როდის აღმოაჩინეთ მასში მუსიკის ნიჭი?
თამუნა: ლუკა დაახლოებით 2 წლის იქნებოდა, როცა ტაძრიდან დაბრუნებულმა ეკლესიის ზარების ხმა ააწყო ოთხკლავიშიან სათამაშო პიანინოზე. მელოდია ზუსტად ისე გაიმეორა, როგორც ეკლესიის ზარები რეკდა. მაშინ მივაქციე მის ნიჭს ყურადღება. ამის შემდეგ ხელსაწყოებს – ბრტყელტუჩას, ჩაქუჩს, ჯოხებს, ფანქრებს, ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა, მაგიდაზე, სკამზე, იატაკზე ურტყამდა და რაღაც მელოდიებს აწყობდა. შემდეგ პატარა ტამტამი ვუყიდეთ. როცა ინტერნეტით მუსიკას მოვასმენინებდით, მელოდიას აწყობდა.
– რა რეაქცია გქონდათ, როცა 2 წლის ბავშვში ასეთი ნიჭი აღმოაჩინეთ?
თამუნა: ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ ძალიანაც არ გაგვიკვირდა, რადგან უფროსი ბიჭისგანაც ნიჭით განებივრებულები ვართ. ის მღერის კიდეც, მაგრამ ცეკვას გაჰყვა. გიორგი 9 წლისაა, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავს, მამის კვალს გაჰყვა.
– როგორ გადაწყვიტეთ, რომ ლუკა "ნიჭიერში" მონაწილეობის მისაღებად მიგეყვანათ?
თამუნა: ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობთ. როცა "ნიჭიერის" კასტინგი ქუთაისში ჩატარდა, გამოგვეპარა და ქობულეთში დავეწიეთ. ლუკა კასტინგზე რომ გავიდა, 4 წლის არც იყო, მერე გახდა. კასტინგის შემდეგ 2 კვირა პედაგოგ გოგი ძოწენიძესთან დამყავდა, მანამდე არსად გვიტარებია. პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ კი რევაზ ედგარიძესთან ვამზადებდით დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ლუკა სანამ "ნიჭიერში" გავიდოდა, ტელევიზორის ეკრანს ხელს მიადებდა და ამბობდა, მე აქ გამოვალო. ჩვენც ბავშვს ნატვრა ავუსრულეთ.
– წარმატების იმედი გქონდათ თუ უბრალოდ ბავშვს ნატვრა აუსრულეთ?
თამუნა: არ ველოდი, ხალხის რჩეული თუ გახდებოდა. პირველ ეტაპზე რომ გვითხრეს, შემდეგ ტურში გადახვედითო, რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ უფრო დიდი სიხარული ის იყო, ლუკა ხალხის რჩეული რომ გახდა. ქუჩაში რომ გავდივართ, სულ ეფერებიან, მის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისა და სითბოსთვის.
– ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალში რომ გადავიდა, ლუკას ამაზე რეაქცია აბსოლუტურად არ ჰქონია. ალბათ ნაკლებად ხვდება, რა ხდება მის თავს. არა?
თამუნა: კი, ასეა და ძალიან მიხარია, რომ არ ნერვიულობს. ვერც კი ხვდება, მის თავს რა ხდება. რეპეტიციებზე მეკითხებოდა ხოლმე: "დედა, გადავედი? დედა, მოვიგე?". რომ არ ენერვიულა, ჩვენც ვეუბნებოდით, რომ მოიგო, რომ გადავიდა. საერთოდ, თავიდანვე არ უყვარდა მოფერება, ახლა კიდევ – განსაკუთრებით.
– ლუკა, ახლა ცოტა შენც გველაპარაკე. სანამ კასტინგზე გახვიდოდი, ბევრი იმეცადინე?
ლუკა: კი, დიდი ხანი ვმეცადინეობდი. მუსიკა და დოლი მიყვარს.
– ბაღში უკრავ ხოლმე?
ლუკა: კი, კარგი ბიჭი ხარო და მიყვარხარო, მეუბნებიან. ქუჩაში მეფერებიან ხოლმე.
– ქალბატონო თამუნა, ლუკას ასეთი ნიჭი ვისგან გამოჰყვა? 4 წლის ბავშვს ნამდვილად ვერ ასწავლი, როგორ დაუკრას.
თამუნა: მე მუსიკალური განათლება – არა, მაგრამ კარგი სმენა მაქვს. სკოლაში ცეკვის და სიმღერის მხრივ აქტიური ვიყავი და, როგორც მეუბნებოდნენ, ეს არცთუ ისე ცუდად გამომდიოდა. ამიტომ ვიტყოდი, რომ ლუკას მუსიკის ნიჭი ორივე მშობლისგან გამოჰყვა. ორივეს ნიჭი ერთმანეთს შეერწყა და უფრო უკეთესი გამოვიდა.
– ძალიან შთამბეჭდავი იყო ლუკას პირველი გამოსვლა პატარა ჩოხით, მისი დამშვიდობება მაყურებელთან... ეს ვისი იდეა იყო?
თამუნა: ამ ნომერზეც პედაგოგთან ერთად ვიმუშავეთ. რადგან დოლზე უკრავდა, ლოგიკური იყო, ქართული ნაციონალური სამოსი სცმოდა. ბოლოში ხელის აწევა პედაგოგმა ასწავლა და კარგად გამოუვიდა, მაგრამ რაც უნდა ამეცადინო, თუ თვითონ არ აქვს ნიჭი, ვერ ასწავლი, რამდენი თვლის და დარტყმის შემდეგ რა გააკეთოს. სულში უნდა ჰქონდეს რიტმის შეგრძნება.
– მზადების პროცესი როგორი იყო? ნახევარფინალში მან ბევრ მუსიკალურ საკრავზე დაუკრა.
თამუნა: ძალიან შრომატევადი და რთული იყო, რადგან მეტისმეტად იღლებოდა. ღამის პირველ–ორ საათამდე გვიწევდა რეპეტიციები, ბევრჯერ სარეპეტიციო ოთახში ჩასძინებია. მართლა ძალიან ბევრს მუშაობდა. ახლა ფინალისთვის ვემზადებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს.
– როგორ ასწავლიდით ასეთ პატარა ბავშვს ამდენ ინსტრუმენტზე დაკვრას?
თამუნა: მუსიკას რომ მოუსმენდა, თვითონ აჰყვებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, პედაგოგიც ბოლომდე იხარჯებოდა და ასწავლიდა. პედაგოგის თქმით, ლუკა ძალიან ნიჭიერი რომ არ ყოფილიყო, მასთან მუშაობა გაუძნელდებოდა. ყოველ რეპეტიციაზე სულ სხვადასხვანაირად უკრავდა, როგორც დიდი მუსიკოსი. მას ამ ნომრისთვის დაახლოებით ერთი თვე ვამეცადინებდით. ხან ჯოხი მოეწონა სტუდიაში, ხან სხვა რაღაცეები და ასე თამაშ–თამაშ ისწავლა ეს კომპოზიცია.
– ფინალისთვის რას ამზადებთ?
თამუნა: ლუკას ფინალში ძალიან კარგი ნომერი ექნება, მაგრამ ამას სიურპრიზად დავტოვებთ. ძალიან, ძალიან ვღელავთ, 4 წლის ბავშვს მაყურებელმა ვირტუოზი შეარქვა და არ გვინდა, მათ მოლოდინი გავუცრუოთ. ღამე რომ დავწვები, ლუკას სიმღერა და დოლები მესიზმრება.
– მუსიკალურობის გარდა, კიდევ რა ნიჭს ამჩნევთ თქვენს შვილს?
თამუნა: სიმღერაც უყვარს, მაგრამ მის ხმას დამუშავება სჭირდება, ამიტომ ჯერ ყველაზე კარგად რაც გამოსდის, იმას ვაკეთებინებთ, სხვა რამეს არ ვეჭიდებით, აკეთოს ის, რაც გამოსდის. ძალიან მოუსვენარი და ცელქია. ზღვა უყვარს ძალიან. ცელქობს, ხან ბებოს აბრაზებს, ხანაც ბაბუას.
– ამ პროექტმა ალბათ ბევრი რამ შეცვალა მთელი თქვენი ოჯახის ცხოვრებაში.
თამუნა: ხალხისგან ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენით. უფრო განმიმტკიცდა რწმენა, რომ ლუკა რაღაცას მიაღწევს. ნელ–ნელა ვრწმუნდები, რომ ის ნიჭიერია. რადგან შვილია, ხანდახან მშობელი ყველაფერს განსაკუთრებულად ხედავს. არ მინდოდა, მეც ასე დამმართნოდა, ამიტომ ლუკას პედაგოგს ვთხოვე, სიმართლე ეთქვა ლუკას ნიჭთან დაკავშირებით.
– ლუკა სახლშიც უკრავს ხოლმე?
თამუნა: კი. დოლს, ტამტამებს, ყველა დასარტყამ ინსტრუმენტს რომ გამოალაგებს, ვეხვეწები, ოღონდ ახლა არ დაუკრა–მეთქი. სტუდიაშიც რომ მიდის, პირდაპირ ინსტრუმენტებისკენ გარბის. საკრავი ინსტრუმენტი თუ არ არის, მაგიდაზე ხელებით უკრავს.
ის უნდა გითხრათ, რაც აქამდე სხვა ინტერვიუში არ მითქვამს. ერთხელ თმას ჩქარ–ჩქარა ვვარცხნიდი, ბაღში აგვიანდებოდა. "დედა, იცი, ახლა შენ თმა როგორ დამვარცხნე? აი, სიმღერა რომ არის, "რა დილა თენდება" – მიმღერა და ვარცხნის ხმა იმ მელოდიას მიამსგავსა. ერთხელ კიდევ, ჩიფსის ჭამის დროს მითხრა, ჩიფსს რომ ვჭამ ახლა და ხმა ისმის, იცი, რა ავაწყვეო? და წამიღიღინა – "საქართველო, მე პირობა მომიცია". ფოთლების შრიალი იქნება თუ რაღაც სხვა, ყველაფერს მელოდიასთან აკავშირებს და აწყობს. თუ მაშინვე სიმღერის სახელი არ გაახსენდება და ის სხვა დროს სადმე გაჟღერდება, მახსენებს ხოლმე, აი, მაშინ რომ შრიალებდა ფოთოლი, რაღაც რომ ჟღარუნობდა, ხმაურობდა, ეს მელოდია იყოო. ახლა მთლიანად ლუკაზე ვართ გადართული, ცოტა არ იყოს, უფროს ბიჭს ყურადღება მოვაკელით და გული გვწყდება, მაგრამ არა უშავს, მალე ყველაფერი გამოსწორდება.
– მშობლები რას საქმიანობთ?
თამუნა: მე ფარმაცევტი გახლავართ. ფარმაკოლოგიური ფირმის წარმომადგენელი ვარ. მეუღლე მოცეკვავეა, 25 წელი ცეკვავდა და ახლა მცირე ბიზნესითაა დაკავებული.
– ლუკა, როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებ?
ლუკა: კი.
– რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს, ვისაც ძალიან მოეწონე და უყვარხარ?
ლუკა: მეც მიყვარხართ!
ეკა ლემონჯავა