გოჩა ძასოხოვის ძმას, „რემბოს“ მკვლელობისთვის, 9 წელი მიუსაჯეს

  07:48:08     25-06-2012

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ყოფილი წევრის, გოჩა ძასოხოვის ძმას, 39 წლის  რიჩარდ ძასოხოვს, რომელიც აჭარის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ელგუჯა ჯინჭარაძის, იგივე „რემბოს“ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, დოროგომილოვსკის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

როგორც „რუსპრესი“ იუწყება, ძასოხოვი დარწმუნებული იყო, რომ დაუსჯელი დარჩებოდა და ამ იმედით, სასამართლოზეც კი იმაზე წუხდა, რომ არ მიეცა შესაძლებლობა... მანიკური გაეკეთებინა.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ცნობით, მკვლელი და მსხვერპლი დიდი ხანია იცნობდნენ ერთმანეთს. 2010 წლის 9-10 სექტემბრის ღამეს, ორივენი სასტუმრო „უკრაინაში“, ბანკეტზე აღმოჩნდნენ. როცა ბანკეტი დასრულდა, მამაკაცები ერთად გავიდნენ ტარას შევჩენკოს სანაპიროზე, - წერს გაზეთი, - სადაც შელაპარაკება მოუვიდათ. საბოლოო ჯამში კი, რიჩარდმა ამოიღო სტეჩკინის პისტოლეტი და ორჯერ ესროლა ჯინჭარაძეს, რის შემდეგაც ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. ჯინჭარაძე მიღებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებამ დამნაშავის დადგენა იოლად მოახერხა. იმ დღეს ძასოხოვი ოქროსფერ პიჯაკსა და შავ შარვალში იყო გამოწყობილი, ის კარგად დაამახსოვრდათ მოწმეებს. მაგრამ ძასოხოვის დაკავება მხოლოდ 2011 წლის აგვისტოში მოხერხდა. იზოლატორში ყოფნისას, როგორც რუსული მედია რიჩარდი მუდმივად ჩიოდა ცუდ პირობებზე და წუხდა, რომ კამერაში არ ჰქონდა პლაზმური ტელევიზორი; ადვოკატებს სთხოვდა ციხის სეირნობებისთვის  მისთვის დოლჩე და გაბანას სამოსი მიეტანათ. ძასოხოვს ამ შინაარსის წუწუნი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისასაც პერიოდშიც კი არ შეუწყვეტია.

რუსული მედია მკვლელობის მოტივებზე მხოლოდ ვერსიების დონეზე წერს და მიუთითებს, რომ ძასოხოვისა და ჯინჭარაძის დაპირისპირების რეალური მიზეზი გამოძიებისთვისაც უცნობი დარჩა.  თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ არაფერი ახსოვს.

გამომძიებლები თვლიან, რომ რიჩარდი და „რემბო“ ძველი კონფლიქტის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა უფრო კონკრეტიკისკენ ეს ვერსია ვერ მიდის. ერთ ვერსიად  ჩრდილოვან ბიზნესს ასახელებენ, რომელშიც უმცროსი ძასოხოვი და ძმები ჯიჭარაძეები ერთად მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, ჯინჭარაძის ძმაც, მამუკაც, 2005 წელს მოსკოვში მოკლეს, ელგუჯას თვალწინ. როგორც მაშინ „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერდა, სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი ძმების „ოჯახური, შავი ბიზნესი იყო“. სასამართლომ რიჩარდ ძასოხოვს 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.