
ბელორუსში ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააპატიმრეს
13:28:18     23-06-2012
ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ანდრეი პოჩობუკი 21 ივნისს საღამოს ბელორუსიის ქალაქ გროდნოში ისევ დააპატიმრეს. ამჯერად მას ბრალად ედება პრეზიდენტ ლუკაშენკოზე ცილისწამების განმერებით გავრცელება.
ბელორუსიის მილიციისა და პროკურატურის თანამშრომლები მასთან ბინაში სწორედ იმ დროს მივიდნენ, როცა იგი დაპატიმრებულ ბელორუს ადამიანის უფლებათა დამცველ, ალეს ბელიაცკიზე სტატიას წერდა.
ჟურნალისტის მეუღლის, ოქსანა პოჩობუკის თქმით, სამართალდაცველებმა მათ მაშინვე განუცხადეს, ანდრეის დასაპატიმრებლად მოვიდნენ და ბინაში ჩატარდება ასევე ჩხრეკა, რომელიც დიდხანს არ გასტანს.
მილიციის განმარტებით, ანდრეი დასაკითხად მიჰყავდათ. მათ თან მისი კომპიუტერიც გაიყოლეს.
როგორც ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, პროკურატურაში ანდრეი პოჩობუკმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და იგი გროდნოს ციხეში გადაიყვანეს.
ოქსანა პოჩობუკის მტკიცებით, ჩხრეკის დროს მის მეუღლეს უჩვენეს დადგენილება, რომელშიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზად მითითებული გახლდათ ბელორუსიის პრეზიდენტის მიმართ ცილისწამებლური სტატიები, რომლებიც განთავსებული იყო ოპოზიციურ საიტებზე „ხარტია–97“ და „ბელორუსკი პარტიზან“.
ნიშანდობლივია, რომ ის მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წაუყენეს, მისთვის ახალი ნამდვილად არ არის. „ამ მუხლით გასულ წელს სასამართლომ მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასჯელის ორი წლით გადავადებით. ახლა მითითებულია 367–ე მუხლის მეორე ნაწილი – განმეორებითი ცილისწამება, რაც უკვე 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – განმარტა ჟურნალისტის მეუღლემ.
ასე რომ ბელორუსიაში ლუკაშენკოს ხალხმა ოპოზიონერ ჟურნალისტებზე ნადირობა განაახლა. ანდრეი პობოჩუკი უკვე დაპატიმრებულია. ვინ იქნება შემდეგი?