ლადო ასათიანი - „ჩემი სამშობლო“
10:37:34     23-06-2012
1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი.
ლადო ასათიანის მთელი ცხოვრება პოეზიაა. გარდაცვალებაც არა ერთი პოეტისათვის დამახასიათებელი ჰქონდა, ნაადრევი და ავადმყოფობით ტანჯული... ის ხომ ოცდაექვსი წლისა გარდაიცვალა ჭლექით.
ლადო ასათიანი წერდა: „დიდუბის საავადმყოფოში ვინახულეთ ახალგაზრდა პოეტი ვასო ლომიძე, - ვლადიმერ უბილავამ წაგვიყვანა. სანთელივით ჩამომდნარს, სახეზე მიწის ფერი ედო. სიცხისაგან ისედაც გათანგული, ცხელ ქვეშაგებში იწვა და სქელ ლეიბზე კიდევ ცხვრის ტყაპუჭი ეგო: მცივაო, შემოგვჩივლა, - არაფრით არ იქნა ჩემი გათბობაო.
გათხელებული, გამჭვირვალე ცხვირი... ჩამოღვენთილი თითები! ჩვენთან საუბარი უნდოდა, მაგრამ სიტყვის თქმა უჭირდა.
რედაქციიდან გამოგზავნილი ფული გადავეცით და, გარეთ რომ გამოვედით, ბაღში გაზაფხული იყო, ალუჩები ჰყვაოდნენ... ის კი ჭლექით კვდებოდა."
არადა ამ დროს, ლადო თვითონაც ჭლექით იყო ავად.
მაინც, დარჩენილი ცხოვრება ვაჟკაცობისა და პოეტური ნიჭის შესანიშნავ გამოვლენაში გაატარა. არ ურიგდებოდა ავადმყოფობას და ცდილობდა მოესწრო სათქმელი - ქართველთა ვაჟკაცობის აპოლოგია და სიყვარულის, ადამიანურობის ქება.
ცხოვრება კი ძალიან რთული ჰქონდა. 1937 წელს, კომუნისტებმა დააპატიმრეს დედამისი, ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - „ხალხის მტრის“ ბრალდებით.
პირადად მას „პროლეტარული კრიტიკოსები“ მისწვდნენ და საჯაროდ გაკიცხეს „მავნე ლაყბობისათვის“. შემდეგ „კონტრევოლუციური ლაყბობის“ ბრალდებით გარიცხეს ინსტიტუტიდან (ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი). ეს ძალიან საშიში იყო, "ხალხის მტრის" შვილი, "კონტრევოლუციურად მოლაყბე" უკვე განწირული იყო.
დაპატიმრებას კი გადარჩა, მაგრამ სამსახურში არსად მიიღეს და უკიდურესად გაჭირვებაში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც იქნა აღადგინეს ინსტიტუტში. მაგრამ, მაინც არ ასვენებდნენ "პროლეტარული კრიტიკოსები", არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია. 1939 წელს ტუბერკულიოზით დაავადების მიუხედავად ჯარში გაიწვიეს, თუმცა მერე შეხვდნენ ნორმალური ექიმები და ავადმყოფობის გამო შინ დააბრუნეს...
როგორც ვთქვით, გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს, სრულიად ახალგაზრდა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
ნამდვილ ხელოვანს უნდა ესმოდეს თუ რა არის ხელოვნება, რა არის გენიალური. თუ ეს ხელოვანს არ ესმის, ალბათ, მისი შემოქმედება მხოლოდ მოდაა, მხოლოდ "მოდერნია" და შემდგომ, "პოსტ-მოდერნისტულ" ეპოქაში მას ისევე დაივიწყებენ, როგორც უამრავი უნიჭო, ან ნახევრად ნიჭიერი, ორიგინალურობის მოყვარული მატრაკვეცა დაუვიწყებიათ.
ჩვენი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანი შესანიშნავად ერკვეოდა ქრისტიანულ თეოლოგიაში, ქართულ კოსმოგონიაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ადამიანურ იდეალებში, ქართულ ტრადიციებში, ასტროლოგიაში, ესთეტიკაში, ისტორიაში, სარაინდო-საგმირო ეპოსში, ხელოვნებაში, პოეზიაში... ლადო ასათიანი გენიოსი იყო და ამიტომ ძალიან უყვარდა და ძალიან აფასებდა უგენიალურეს "ვეფხისტყაოსანს".
ლადო ასათიანი წერდა: “ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე „ოდისეამ“ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები.
ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!”
მერე: „აქილევსს რუსთაველის გმირები მირჩევნია: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - აქილევსმა არ იცის. ოღონდ ცოცხალი იყოს, მკვდართა სამეფოში არ დარჩეს და... მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი ურჩევნია. ამის მსგავსი უთხრა მან რაღაც აიდესში ჩასულ ოდისევსს“.
და კიდევ: „მწერალთა სახლის ბაღში ერთი მწერალი იჯდა - რაფიელის “სამშობლო ხევსურისა” ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო, შოვინიზმის სუნი უდისო. სულ სულელი ვუძახე: უნდა მეცემნა, ძლივს გამასწრო...“
და ბოლოს, - მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები აუმღერებიათ, მასზე არა ერთ ადამიანს დაუწერია აღფრთოვანებით და მისი პოეზია ბევრს უყვარს, - ლადო ასათიანი, მაინც არ არის ჯეროვნად დაფასებული.
შესანიშნავი ქართველი პოეტის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ჩვენს მკითხველს ვთავაზობ
ჩემი სამშობლო
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, -
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
1936