ანა ახმატოვა - „მე დავიბადე არც ადრე, არც გვიან“

  10:36:44     23-06-2012

1889 წლის 11 (ახალი სტილით 23) ივნისს, ოდესაში, დაიბადა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი და მთარგმნელი ანა ახმატოვა (А́нна Андре́евна Ахма́това). მისი ქალიშვილობის გვარია გორენკო (Го́ренко).

პოეტის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1911 წელს. მისი პირველი ლექსების კრებული „საღამო“ გამოქვეყნდა 1912 წელს. 1914 წელს გამოვიდა მისი წიგნები  „კრიალოსანი" (1914), "თეთრი გუნდი" (1917)...

ანა ახმატოვა დედის მხრიდან თავს თვლიდა დიდი ურდოს ყაენის - აჰმადის შთამომავლად. აქედანაა მისი ფსევდონიმიც - ახმატოვა. დიდი ურდო შეიქმნა ოქროს ურდოს დაშლის შედეგად მეთხუთმეტე საუკუნეში.

ანა ახმატოვას რთული ცხოვრება ჰქონდა. მისი ყოფილი მეუღლე, პოეტი, კრიტიკოსი და ოფიცერი ნიკოლოზ გუმილიოვი დახვრიტეს 1921 წელს. სხვათა შორის, ნიკოლოზ გუმილიოვმა ბავშვობის რამდენიმე წელი ტფილისში გაატარა. ის და ანა ახმატოვა დაქორწინებული იყვნენ 1910-1918 წლებში.

1922 წლიდან, ანა ახმატოვას წიგნები ცენზურის მკაცრი თვალით მოწმდებოდა და ბევრი რამ, რა თქმა უნდა, აღარ ქვეყნდებოდა. 1964 წლამდე საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში წასვლა ეკრძალებოდა.

ანა ახმატოვას მეორე მეუღლე, ნიკოლოზ პუნინი, 1930-იან წლებში სამჯერ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკების მიერ. გარდაიცვალა 1953 წელს გადასახლებაში. ანა ახმატოვას ერთადერთი ვაჟი, ლევ გუმილიოვი არა ერთგზის იყო დაპატიმრებული და გადასახლებული 1930-1950-იან წლებში. მან პატიმრობაში გაატარა 10 წელზე მეტი. ანა ახმატოვას პოემა „რექვიემი“ ამ მოვლენებითაა შთაგონებული.

ანა ახმატოვა ცხოვრებაშივე რუსული ლიტერატურის კლასიკოსად ითვლებოდა. თუმცა ბოლშევიკები პირადადაც არ სწყალობდნენ მას და დიდ წნეხს განიცდიდა მათ მხრიდან. 1946 წელს მის შესახებ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმაც კი „იმსჯელა“.

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 5 მარტს.

ანა ახმატოვასთან არა ერთ ქართველ ხელოვანს ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა.

გავიხსენოთ ანა ახმატოვას რამდენიმე ლექსი, ქართულად თარგმნილი.

* * *

(თარგმნა გია ჯოხაძემ)

მე გუგულივით საათში ვცხოვრობ
და სხვა სულდგმულთა არ მხიბლავს სორო.

დამქოქავენ და გავარღვევ უკუნს,
ჩემს ძველ სიმღერას დავძახებ - “გუგუ!”

და მართლაც, უნდა ვიყო უსულო,
ჩემი ბედი რომ ვინმეს ვუსურვო!.

* * *

(თარგმნა ლელა მეტრეველმა)

მოკლე და მკვეთრი მისი სახელი
მესმის. მუხლები მეკვეთებიან,
ხოლო თვალები ღამენათევი,
შეგვიბრალეო, მევედრებიან.

დავხეტიალობ.

ბილიკს დავეძებ
მოჭრილ მორებში, მინდვრებზე, ხნულზე,
ნიავს კი ახლავს ის სურნელება,
როგორც სჩვევია მას გაზაფხულზე.

აღარ მიდგება გული საგულეს,
ფიქრით დავყვები შორეულ გზებზე:
ის ცოცხალია, ის მხიარულობს,
ის ბედავს, სულაც არ წუხდეს ჩემზე...

* * *

(თარგმნა ლელა მეტრეველმა)

სიტყვა - სასტიკი, ცივი და ბასრი
ჯერ ცოცხალ გულზე დამეცა ლოდად,
მე გადავიტან.

ამას ველოდი
და არც არაფრის იმედი მქონდა.

დღეს ბევრი საქმე მელის. დღეს უნდა
წავშალო, რაც კი ახსოვს გონებას,
მთლად გავიქვავო სული და გული,
მერე ვისწავლო ისევ ცხოვრება.

გარეთ კი უდგას ზეიმი ზაფხულს,
ფანჯრის მინაში მზის სხივი ბრწყინავს...
დიდი ხანია, გული ხედავდა
ამ ნათელ დღეს და ცარიელ ბინას...

* * *

(თარგმნა ეკა ჯიქიამ)

მე დავიბადე არც ადრე, არც გვიან
ეს მადლიანი დროა ერთი.
მაგრამ ღალატის გარეშე ყოფნა
გულს არ ეწერა ღმერთით.

ნათელი ოთახი ახლა ბნელია,
ამიტომაც ჩემი მეგობრები,
როგორც მოწყენილი მწუხრის ჩიტები,
არშემდგარ სიყვარულზე
სიმღერებს მღერიან..