კაიროში ისევ სამხედრო ტექნიკა იყრის თავს, რამაც ეგვიპტელებს შარშანდელი რევოლუცია გაახსენა

  09:16:47     22-06-2012

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება, რაც დღეს უნდა მომხდარიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის მიზეზად საჩივრების დიდი რაოდენობა დასახელდა, რომლებიც საარჩევნო კომისიებს ჯერაც არ განუხილავთ.

ორი კანდიდატი - მუბარაქის მთავრობის პრემიერი ახმედ შაფიკი და ისლამისტური მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ წარმომადგენელი მოჰამედ მურსი საკუთარ გამარჯვებაზე საუბრობენ.  წინასწარი მონაცემებით, მათ, შესაბამისად, ხმების 48% და 52% მოაგროვეს, თუმცა შაფიკი მურსის მილიონ ხმას ედავება.

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო  ღია კონფრონტაციაში შევიდა ისლამისტებთან: დაითხოვა პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას სწორედ „ძმები-მუსულმანები“ ფლობდნენ და საკანონმდებლო უფლებამოსილება საკუთარ თავზე აიღო. გარდა ამისა, გამოსცა დროებითი კონსტიტუცია, რომელიც არმიას ყველაზე ფართო უფლებებს აძლევს.

და ვიდრე ახალ კონსტიტუციას დაწერენ, აღნიშნული დოკუმენტი თავად ეგვიპეტსა და ქვეყნის გარეთაც, აღქმულ იქნა, როგორც გადატრიალება და სამხედრო მმართველობის შემოღება, რადგან პრეზიდენტს აღარანაირი უფლება, ამ კონსტიტუციით აღარ აქვს და თუკი პრეზიდენტად მურსი დასახელდება, ის, პარლამენტის გარეშე მოკლებული იქნება მხარდაჭერას, რამაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა, არმიასა და ხალხში პოპულარულ ისლამისტებს შორის ვითარება კრიტიკულად დაძაბოს. ეგვიპტეში ისევ რევოლუციასა და დაპირისპირებაზე საუბრობენ.

გუშინ დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ „მოსამართლეები ეგვიპტისათვის“, რომელსაც არც არმიის გენერალიტეტთან აქვს კავშირი და არც „ძმებ-მუსულმანებთან“, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მურსიმ გაიმარჯვა. ამის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ არმიის დანაყოფები და ჯავშანტექნიკა,  განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები დაიძრა. სამხედროები არ განმარტავდნენ სად და რისთვის მიემართებოდა ეს ტექნიკა, რომლის რაოდენობამ და მასშტაბებმა მოსახლეობას 2011 წლის იანვარ-თებერვლის რევოლუცია გაახსენა, რამაც ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდება განაპირობა.

მოგვიანებით კი თავად სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით (გამოცხადება ჯერ არ იყო გადადებული) სუეცის არხის დაცვას აძლიერებდნენ. ამის შესახებ გენერალმა ადელ რიფაატმა განაცხადა. მისი თქმით, დაცვას განახორციელებს 3 ათასი სამხედრო, რომლებმაც  5 პორტის, ასევე ნავთობტერმინალებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, წუხელვე ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა 50 ერთეული ჯავშანტექნიკა თავდაცვის სამინისტროსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დასაცავად გამოყვეს. კაიროში პოლიციაც გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული და სახელმწიფო შენობებთანაა მობილიზებული. განსაკუთრებულ დაცვაზეა აყვანილი პარლამენტის შენობაც.

მართალია, დღეისთვის დაგეგმილი არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაიდო, რის გამოც, თითქოსდა, ქუჩებში ტექნიკა და სამხედროები ჩააყენეს, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, კაიროში კვლავ დენთის სუნი ტრიალებს.