
პროკურორი ნორვეგიელებს დაპირდა, რომ ბრეივიკი ვერასოდეს გავა ციხიდან
09:04:08     22-06-2012
ნორვეგიელი ტერორისტის მიმართ სასამართლო პროცესი ოსლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ის უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. პროკურორებმა გუშინ საბრალდებო დასკვნა წაიკითხეს, დღეს კი თავის სათქმელს დაცვის მხარე იტყვის. სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში მიიღებს. თუ ბრეივიკს შეურაცხადად სცნობენ, მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობას მიუსჯიან, ხოლო თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ის ფსიქიურად ჯანმრთელია, 21 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. ურთიერთსაწინააღმდეგო სამედიცინო დასკვნებს შორის არჩევანი საბოლოოდ მოსამართლემ უნდა გააკეთოს.
პროკურორმა ბრეივიკისათვის ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა მოითხოვა. ბრალდება მიიჩნევს, რომ ნორვეგიელი ტერორისტის ქცევა და განცხადებები მიუთითებს, რომ ის ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის. და რაც მთავარია, პროკურორ სვენი ჰოლდენის თქმით, „უმჯობესია ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი გაგზავნო სამკურნალო დაწესებულებაში, ვიდრე დაავადებული - ციხეში“.
ცნობილი ნორვეგიელი ადვოკატი ჰარალდ სტაბელი მიიჩნევს, რომ ბრეივიკის სულიერად ავადმყოფად გამოცხადება საზოგადოებაში პროტესტს გამოიწვევს, რადგან თუ მას იძულებით მკურნალობას დაუნიშნავენ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ბრეივიკმა ფსიქიური შემოწმება უნდა გაიაროს. ხოლო თუ ერთი ასეთი შემოწმების დროსაც კი აღმოჩნდება, რომ ის განიკურნა, მას გათავისუფლების უფლება კანონით ეძლევა, რაც, ადვოკატის აზრით, უდიდესი დარტყმა იქნება იმ ადამიანთა ახლობლებისთვის, რომლებიც მის მიერ მოწყობილმა ტერაქტებმა შეიწირა.
ხოლო თუ ბრეივიკს ჯანმრთელად სცნობენ, მას 21-წლიანი სასჯელი ემუქრება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, თეორიული შანსი ვადამდე გათავისუფლებისა პატიმარს აქვს. ნორვეგიის კანონმდებლობა, ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლებას უშვებს 10 წლის შემდეგ, - თუკი პატიმარი სამაგალითო ქცევით გამოირჩევა. და ეს წესი ყველაზე სასტიკ დამნაშავეებზეც კი ვრცელდება. მაგალითად, მედიცინის ძმა არნფინ ნესეტი, რომელიც 1983 წელს 22 მოხუცებულის მოწამვლის ბრალდებით გაასამართლეს და 21 წელი მიუსაჯეს, ციხიდან 12 წლის შემდეგ გავიდა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, 2000 წელს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმიაში“ ვოლონტერადაც ჩარიცხეს.
პროკურორები ირწმუნებიან, რომ ბრეივიკს არცერთ შემთხვევაში არ ექნება ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება. მათი თქმით, არსებობენ დამნაშავეები ფსიქიური გადახრებით, რომლებიც მთელ ცხოვრებას გისოსებს მიღმა ატარებენ და თანაც, მაქსიმუმ, ორი ადამიანი ჰყავთ მოკლული. ბრეივიკმა კი 77 ადამიანი მოკლა. და ამდენად, არც ციხიდან და არც ფსიქიატრიული კლინიკიდან მისი გათავისუფლება არ მოხდება.
თუ რა სასჯელი სურთ ნორვეგიელებს ბრეივიკისთვის, ამაზე გამოკითხვაც ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ნორვეგიელთა უმრავლესობა, გამოკითხულთა 74% დარწმუნებულია, რომ ტერორისტი სრულიად ჯანმრთელია ფსიქიურად და ის ციხეში უნდა ჩაჯდეს. მხოლოდ 10% მიაჩნია, რომ ის შეურაცხადია და მკურნალობას საჭიროებს. 15% კი ამ კითხვაზე პაუსიხს გაცემა გაუჭირდა.
თავად ბრეივიკი ცდილობს, თავი დააღწიოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. მან ერთხელ უკვე განაცხადა, რომ იძულებით მკურნალობას სიკვდილით დასჯა ურჩევნია.
თუმცა პროკურორმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კანონიერების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული და არა საზოგადოების სურვილებიდან გამომდინარე.