Le Figaro: პუტინი საქართველოში შეჭრისთვის მიზეზს ეძებს

  14:25:30     21-06-2012

„რუსეთის სამხედრო მანევრები კავკასიაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება“ - წერს გაზეთი Le Figaro. სტატიის ავტორის იზაბელ ლასერის თქმით, რუსი დისიდენტები თვლიან, რომ კრემლმა კავკასიაში სამხედრო წრთვნა საშემოდგომოდ იმიტომ გადაიტანა, რომ საქართველოში შეჭრის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ვლადიმერ პუტინს აქ გავლენის აღდგენა და რეგიონის ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ხელის შეშლა სურს - ნათქვამია სტატიაში, თუმცა როგორც რუსეთის ოპოზიციასთან დაახლოებული პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს, პუტინი „ვერ გაბედავს საქართველოში საბაბის გარეშე შეჭრას“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერშია დანიშნული, შესაძლოა, ალიბად იქცეს - წერს ლასერი. მისი აზრით, მეორე სცენარიც არსებობს: ისრაელის შესაძლო დარტყმა ირანზე და როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასეთი შემთხვევისთვის გეგმა უკვე მზად აქვს - პასუხი ირანში შეჭრისთვის.

პიონტკოვსკი კი ფიქრობს, რომ თუკი ობამა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას დაპირდა, რომ თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ზომიერ პოლიტიკას გაატარებს, პრეზიდენტად აღარ იქნება არჩეული, ისრაელი შეტევას მიიტანს ირანზე. „და პუტინი ამას ელოდება“ - დარწმუნებულია ანალიტიკოსი.

Le Figaro რუსული არმიის მზადყოფნაზეც წერს: რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგიონში მომძალვრდნენ: 58-ე არმია გადაიარაღდა, აქვთ ახალი რაკეტებიც. რუსეთის ინტერესებიც რეგიონში არ შეცვლილა და იგივე რჩება. როგორც ფელგენგაუერი ამბობს, რუსეთს შეუძლია სამხედრო ოპერაციით კავკასიის ყველა სახელმწიფოზე დაამყაროს კონტროლი, ისევე როგორც კასპიის რეგიონზე, რომელიც ადრე მისი გავლენის ზონაში შედიოდა. და ეს ხელსაყრელი იქნება მაშინ, როცა დასავლეთი ირანით იქნება დაკავებული.

„თანაც, მცირე, გამარჯვების მომტანი ომი ერს კრემლის ირგვლივ გააერთიანებდა და დემოკრატიული მოძრაობის ნარჩენებისთვის ბოლოს მოღების საშუალებასაც მისცემდა“ - ამბობს ფელგენგაუერი.

როგორც სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი წერს, სამხედრო ექსპერტი შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2008 წელს სწორედ პაველ ფელგენგაუერმა იწინასწარმეტყველა რუსეთის შეჭრა საქართველოში.