
ნუგზარ წიკლაური: ალდამოვი კრემლის მიერ შეკვეთილ სიმღერას ასრულებს...
13:49:52     21-06-2012
ქართული მხარის მოლოდინი გამართლდა. რუსეთმა საქართველოს მიმართ ახალი კამპანია, საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის ყოფილი წარმომადგენლის, ხიზრი ალდამოვის საშუალებით წამოიწყო. წარმოშობით ქისტის და არა ჩეჩენი – ალდამოვის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ამბოხებულებს რუსეთში ტერაქტების მოწყობაში ეხმარებოდა, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, ახალ „იჩქერიის მთავრობას“ ქმნის. ქართული მხარისთვის, ალდამოვის ეს განცხადება მოულოდნელი არ აღმოჩნდა, რადგან ოფიციალური თბილისი მისგან პროვოკაციული განცხადებების მოსმენას ელოდა.
როგორც პრესა.ჯი–ს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების მიერ იჩქერიის მთავრობის შექმნაზე, ხიზრი ალდამოვის განცხადება პროვოკაციულია.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ალდამოვმა საკუთარ წარსულსა და პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს დაუახლოვდა, ქართული მხარე, მისი მხრიდან ასეთ განცხადებებს ელოდა.
„ალდამოვის მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, ვვარაუდობდით, რომ ის სწორედ ამ ტიპის პროვოკაციული განცხადებებით გამოვიდოდა. ამიტომ, არ გაგვკვირვებია, როდესაც მან დაიწყო ძალიან ტრივიალური და პრიმიტიული განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. ეს ძველი სიმღერაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ათასჯერ მოგვისმენია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ხიზრი ალდამოვი, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ მათი მითითებებით მოქმედებს, ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს“, – დასძინა კანონმდებელმა.
წიკლაურის განცხადებით, ქართულ მხარეს არაერთხელ მოუსმენია საქართველოში საიდუმლო სამხედრო ბაზების არსებობისა და ტერორისტების მომზადების შესახებ განცხადებები, თუმცა ამის აღარც მათ სჯერათ, ვინც მსგავს ინფორმაციებს ავრცელებს.
„ცნობილია, რომ ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ როგორც პანკისის ხეობაში, ასევე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მონიტორინგი განახორციელონ, რათა ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას“, – აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ხიზრი ალდამოვი საქართველოს, წლების განმავლობაში აფარებდა თავს. ცოტა ხნის წინ კი, ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს შეხვდა და აღიარა, რომ „სურს, დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გაატაროს და საკუთარი ხალხისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს“. სწორედ ამ ნაბიჯის გამო, ქართული მხარე ელოდა, რომ მას რუსეთის მიერ დაკვეთილი „სიმღერის“ შესრულება მოუწევდა, რაც მალევე გამართლდა კიდეც. რაც შეეხება ალდამოვის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ის აცხადებს, რომ სააკაშვილი და ქართული სპეცსამსახურები ნაბიჯებს დგამენ, რომ შექმნან ე.წ. „იჩქერიის მთავრობის“ ახალი შემადგენლობა იმისათვის, რომ რუსეთზე ზეწოლის ორგანიზაცია და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების აქტივიზაცია მოახდინონ.
მისი მტკიცებით, ახალი „იჩქერიის მთავრობის“ წევრები „პანკისის ჯამაათის“ საქმიანობაში მონაწილეობენ, რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების სერია, აშშ-ის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.