ბელა ჩეკურიშვილის პოეზიის საღამო

  07:58:15     21-06-2012

პარასკევს, 22 ივნისს, 19 საათზე, წიგნის მაღაზიაში - „დიოგენე“,

გაიმართება

ბელა ჩეკურიშვილის პოეტური კრებულის

„შეკითხვად სიზიფეს“

პრეზენტაცია.

ბელა ჩეკურიშვილს იცნობს პრესა.გე-ს მკითხველი, მისი ლექსები ადრე გამოვაქვეყნეთ. ავტორისეული ბოლოთქმა წიგნისა ასეთია:

„თუ სამყარო სეზონებადაა დაყოფილი და შენ გადამფრენი ხარ? თუ ყველაფერი სქესის მიხედვით ნაწილდებდა და სახელებად იყოფა? თუ შენი სიტყვა მხოლოდ ხმაურია და არა ღმერთი, თუნდაც წარსული დროის კატეგორიით?”

- მსგავს შეკითხვებზე პასუხი სიზიფესთან ვიპოვე: ჩვენი ქვა იმდენჯერ უნდა ავიტანოთ მთაზე, რამდენჯერაც ჩამოგორდება.

სამყაროში, სადაც ყველაფერი თითქოს ქვიშად ქცეულა და სიმყარე აღარაფერს აქვს, ჩემი ქვის მოძებნას მაინც შევეცადე“...

მისამართი: აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის უკან)

გთავაზობთ სამ ლექსს ბელა ჩეკურიშვილის ახალი წიგნიდან.

ჭრელი

ასეთი ჭრელი შეიძლება იყოს ტყული, გველი, კრაზანა,
მძაფრი შხამით, მკვეთრი ფერებით
და ჩემი სიტყვა - ერთი სიტყვა, კანს რომ გაარღვევს და სისხლში ისე ჩაიბუდებს, ვეღარ განდევნი...
ასეთი ჭრელი შეიძლება იყოს მხოლოდ სურვილი - დაყრუების და დაბრმავების - როგორც ღამის ცა სოფლის  თავზე, ანდა  პლაჟი საზაფხულო სეზონებისას.
არჩევანი შენზეა,- ვამბობ, - თუ გამოჰყვები ამ სიჭრელეს,  გაგაფერადებს,
ჩემს პოვნას კი  რატომ ცდილობ, მე ხომ შენში ვარ,
შხამად და სიტყვად დალექილი, მოელვარე, მანათობელი,
და გაგიხარდეს, (გაგიხარდეს), სიცარიელე რომ ამოგივსე...
ასეთი სავსე შეიძლება იყოს ფიცი, ძუძუ ანდა სულაც ნაგვის ბუნკერი,
მეტად საჭირო თბილ-თბილი და მკვდარი პროდუქტით,
და  არ არსებობს არჩევანი - თუკი იღებ, კიდეც ითვისებ, ძღები, ბრუვდები და ზუსტად ისეთ თვისებებს იძენ, რაც შენს სისავსეს გაამართლებს, გამოადგება.
ასეთი სავსე შეიძლება იყოს მხოლოდ თვალები ( თუ დახუჭვას არ გაიძულებენ ),  როგორც ახალდაქორწინებულთა გულები, ანდა საარჩევნო ხმების ყუთი - დღის ბოლოს.
 გაფრთხილებ , - ეჭვი ყველგან აღწევს, კარგად შეფუთე,
თუ შემოგიჩნდა, მთელ დაგროვილ ხარახურას გაგინიავებს
ნებიერა და ნაბოლარა ვაჟიშვილივით
და ასე წმინდად გარანდულს და პარკეტივით  გაპრიალებულს
სადმე ბეტონის იატაკზე ჩაგაწებებენ.

ფრანი

ბოლოს ხდები ძაფისკუდა  ყვითელი ფრანი, უდარდელ ხელებში, მინდობილი ნიავს და ზეცას, გაღიმებული პირით და დაჭყეტილი თვალებით.
ხვდები, რომ ხდები ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, რომლისთვისაც სულ ერთია, ვის ხელს უჭირავს, მთავარია, იფრინოს და ძირს არ დაეშვას, მთავარია, გრძნობდეს, როგორ შეჰყურებენ ქვევიდან ზევით, მოლივლივეს, კისერმოღრეცით, კერპივით. ..
ჰო, ხვდები, რომ ხდები ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, ვისთვისაც ვარდნა დამსხვრევას ნიშნავს, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი დაბრეცილი სახისა და ძაფისკუდა ტანის დამსხვრევას,
ხვდები და ცდილობ, არ დაეშვა - არ დაუშვა ხელი გაგიშვან, არ დაუშვა დაიღალონ, მოიწყინონ, ანდა თვალი სხვისკენ გაექცეთ, არ დაუშვა კერპი დაიმსხვრეს, კისრები გასწორდეს, თავები დაბლა დაიხაროს, თვალებმა მიწის ფერი იგუონ,
ხვდები, გაგწირეს, შენ, დაბრეცილი, ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, იმ წუთიდან, როგორც კი მაღლა აგტყორცნეს და ნიავს მიგანდეს, უდარდელად აგალილვლივეს, ამოგხედეს და მზერას ნატვრაც ამოაყოლეს ზევით, ზეცისკენ... 
 შენ, დაბრეცილი, ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, ატყორცნილი, მოლივლივე, კერპადქცეული,  ხანდახან თვალებს კიდევ უფრო ფართოდ ახელ და იმ პატარა ბიჭის ხელს ეძებ, გულისსიმად რომ უტოკდი კვირადილობით,  მზითგამთბარი ქალაქის თავზე.

იისფერი თოვლი, ანუ ასჯერ გაზომილი

ფიქრობთ: ხელები ისე გამიშლია, და ჰაერშიც ისე ვირწევი, სადაცაა გადავფრინდები.
ფიქრობთ : აი, იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
ფიქრობთ: თვალსაც გამაყოლებთ, აივნიდან ნასროლი სიგარეტის ნამწვივით, უხმოდ.
მე კი, ხელები გამიშლია და ვზომავ, და მინდა გითხრათ, გაჭრას არც ვცდილობ,
ფიქრობთ: აი, ერთი ნაბიჯიც და მტრედის ფრთასავით აფარფატდება,
ფიქრობთ: ვერ უძლებენ ქალები ტკივილს, როგორც მთები მოწოლილ ზვავებს, ფანჯრები - ბურთს,
მიწა - ბალახს, რძეს - ძუძუები.
ფიქრობთ: ეს ამდენხანს რატომ აყოვნებს?
ფიქრობთ: იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა! და რა საამოდ ერთნაირად ვარდებიან ბიწიერებიც და ქალწულებიც!
მე კი ხელები გამიშლია და ვითვლი და ვითვლი, ასჯერ უკვე გავზომე და კიდევაც  ვმარცვლავ, ასწლეულების გამოცდილებით.
სკოლასაც სულ ხუთიანებზე ვაბულბულებდი, ჭრა-კერვაშიც ხელმარჯვე ვარ და გარწმუნებთ, არ შემეშლება,
აი, ჰაერშიც ვირწევი უკვე, ესეც მოვსინჯე და ახლა ვიცი, სად დავადგა ფეხი მყარად, ვინ ვიმარჯვო მტკიცე საყრდენად...
ფიქრობთ: როგორ: თოვლი, ხიდი, ქალწულები, უმანკონი და მანკიერნიც!
ფიქრობთ: სად გაქრნენ?