აკაკი წერეთლის დაბადების დღე
07:54:19     21-06-2012
1840 წლის 9 (ახალი სტილით 21) ივნისს დაიბადა დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი აკაკი წერეთელი.
დაიბადა სოფელ სხვიტორში, ზემო იმერელი შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში.
მამის შესახებ აკაკი წერდა: „„მამაჩემი... ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც“. აკაკის დედა, ეკატერინე აბაშიძე, გახლდათ დიდი ქართველი ხელმწიფის, იმერეთის გმირი მეფის, სოლომონ I-ის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის, ვაჟის, ივანე აბაშიძე ასული. ივანე აბაშიძე ერთ-ერთი ლიდერი იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებისა.
ოჯახში ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).
როგორც ვიცით, სიყრმე, 6-7 წლამდე, მომავალმა პოეტმა გაატარა სოფელ სავანეში, ძიძასთან, ფარსადან ყანჩაველის მეუღლე მანო სადუნიშვილთან.
ამა წლის 9 ივნისს, ძველი სტილითაც აღვნიშნეთ აკაკის დაბადების დღე და პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზეთ წერილი: „აკაკი - ქვასთან, ხესთან, ყვავილებთან მოსაუბრე, როგორც მინდია“. წერილის ბოლოს მოვიტანეთ ნაწყვეტი აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობიდან „ჩემი თავგადასავალი“.
აკაკი წერეთელზე არა ერთ შესანიშნავ მწერალს თუ ლიტერატორს დაუწერია და ძალიან კარგადაც. მათ შორის ნოდარ დუმბაძის პატარა ნააზრევი („აკაკი, ერის სინათლე და სიამაყე“) შეიძლება აღინიშნოს, მოკლე, ლაკონური და ძალიან გასაგები. სადაც ძალიან მარტივად არის გადმოცემული აკაკის გენიალურობა და განსაკუთრებულობა:
„მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ: ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი.
ახლა მე მზეზე კი არა, აკაკიზე მოგახსენებთ.
ალბათ, 7 თუ 8 წლის ვიქნებოდი, კარგად არც კი მახსოვს, აკაკის „განთიადი“ რომ მასწავლეს. ვისწავლე და გავოცდი იმიტომ კია არა, რომ აკაკის გენიოსობა შევიგრძენი, არა – ავხედე ცას და ფირუზის ფერი იყო, დავხედე ხმელეთს და ზურმუხტის ფერი იყო, სამშობლოსთვის რომ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს დედისგან ვიცოდი და გამიკვირდა ასე თავისუფლად, ასე უბრალოდ, ასე გასაგებად ამას ხომ მეც ვიტყვი – მეთქი. . . და აი უკვე 40 წელია ვეჯიბრები აკაკი წერეთელს, რომ „განთიადის“ მსგავსი ერთი ლექსი მაინც დავწერო და ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი შემოქმედება ამ ლექსის ერთი სტრიქონის ფასადაც არ ღირს.
და მე კიდევ ერთს მივხვდი, კერძოდ, იმას, რომ „განთიადი“ კაცის დაწერილი არ არის, ასეთ ლექსებს ადამიანები არ წერენ, ეს მათ ძალღონეს აღემატება. დიახ, ეს ლექსი ღვთის ბაგიდან არის გამოსული და ნაკარნახევი.
ერი და ერისკაცი ზიარ ჭურჭელს ჰგავს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.
როგორც დღე მისდევს დღეს, ისე მიდიან თაობები და ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ აკაკი, ბულბული საქართველოსი, შუამავალი ცისა და მიწისა, უცვლელია. იგი ყოველ დილას ამოდის საქართველოს ცაზე ბრდღვიალა მზესავით, რომ ნათელი მოჰფინოს სულ ახალ და ახალ თაობებს“.
პრესა.გე-ს მკითხველებს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ აკაკის დაბადების დღეს!
ახლა კი გავიხსენოთ დიდი აკაკის ბრწყინვალე ლექსი „ჩანგური“. ჩანგური განსაკუთრებული სიმბოლოა მის შემოქმედებაში. ეს ლექსიც არ არის უბრალოდ ადამიანის დაწერილი, ეს ლექსი ერის წინამძღოლის, თავისი ხალხისთვის თავდადებული კაცის, გენიალური პოეტის შექმნილია ღვთის მიერ მინიჭებული მადლიანი ტალანტისა და მოვალეობის შეგნებით.
ჩანგური
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!
ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!
აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმას,
რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს!
მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება,
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!
გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...
რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო, -
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!
სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!..
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!
1871 წელი