ივანიშვილმა, დახარჯული ფული, კოალიციაში შემავალ პარტიებს უკან მიატანინა

  07:09:25     21-06-2012

ბიძინა ივანიშვილის გარშემო ფულის აღებ-მიცემობამ ისეთი სახე მიიღო, ამ მაქინაციებში ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გარკვევა საკმაოდ ძნელია, მხოლოდ ერთი რამ არის ძალიან თვალშისაცემი - ივანიშვილი იმ ათიათასობით თუ ასიათასობით ლარს, რომელსაც გარშემომყოფ პარტიებს ურიგებდა, უკან სთხოვს. ოლიგარქი კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერებს ამ ფულს ან ‘’ქართულ ოცნებაში’’ აბრუნებინებს, ან საკუთარი პარტიების ანგარიშებზე, რომ თანხა თავისივე პოლიტიკური აქტივობებისთვის გამოიყენოს.

კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა პარტიებისა და შემომწირველების ნუსხა, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილის კოალიციის წევრები კოალიციის ანგარიშს სოლიდური თანხებით ავსებენ.

გარდა იმისა, რომ (ამაზე პრესა.ჯი უკვე წერდა) პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ ‘’ქართულ ოცნებას’’ 10,562,50 ლარი, ნოდარ ხადურმა 11,361.00, თემურ კობახიძემ 2,000.00, ზურაბ აზმაიფარაშვილმა - 20 000, ‘’ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა 30 000, ირაკლი სესიაშვილმა 22 890, გიორგი ვოლსკიმ 9 841, კარლო კალაძემ და ნოე ქინქლაძემ 60-60 ათასი ლარი შესწირეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ივანიშვილის დარიგებული ფულები კოალიციის წევრებმა საკუთარი პარტიების ანგარიშებზეც შეიტანეს ივანიშვილის პოლიტიკური პიარ კამპანიის განსახორციელებლად.

მაგალითად, ‘’კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, მიმდინარე წელს საკუთარ პარტიას ორჯერ შესწირა სოლიდური თანხა12 000 და 45 640 ლარი.

იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ცოლ-ქმარი უსუფაშვილ-ხიდაშელი. ‘’რესპუბლიკური პარტიის" ანგარიშზე წელს სულ 147,456.60 ლარი ჩაირიცხა შემოწირულობის სახით, აქედან 30 000 ხიდაშელ-უსუფაშვილს ეკუთვნით. კერძოდ: 20 000 ლარის შეწირულობა დავით უსუფაშვილს ეკუთვნის, 10 000 კი - თინა ხიდაშელს.

შემომწირველთა სიაშია პარტიის სხვა წევრებიც, მათ შორის დავით ბერძენიშვილი.

სხვა სიტუაციაა ‘’ეროვნულ ფორუმთან’’ მიმართებაში. სანიკიძის პარტია ივანიშვილის კოალიციაში ძლივს შეაძვრინა ‘’ქართუ ბანკის’’ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე მოუგვარა სიტუაცია ოლიგარქთან, რადგან კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში, აღნიშნული პარტიის ანგარიშზე დაფიქსირებული ყველაზე სოლიდური შემოწირულობა - 20 000 ლარის ღირებულების (არაფულადი), განხორციელებულია ალექსანდრე ივანიშვილის მიერ, რომელიც ალბათ ოლიგარქის ძმა გახლავთ, მან ‘’ფორუმს" 20 000 ლარის საჩუქარი გაუკეთა.

კონტროლის პალატამ მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა მონაცემები თუ რა თანხები მიიღეს ივანიშვილისგან მისმა თანაგუნდელებმა, მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა 95 097 ლარი ჩაურიცხა ირაკლი ტრიპოლსკის, არჩილ კბილაშვილს, გიორგი ვოლსკისა და გიორგი გეგეჭკორს - 12 500-12 500 ლარი. გიორგი უძილაურს - 11 250, დავით ზურაბიშვილსა და ელისო ჩაფიძეს - 6 250-6 250, ვასილ ჯანიკაშვილს - 12 500, ზაზა ფირალიშვილს - 25 000, ზაქარია ქუცნაშვილს, ზურაბ ბიგვავას, ირაკლი სესიაშვილს, თედო ჯაფარიძეს, რატი ამაღლობელს და შალვა თადუმაძეს - 12 500-12 500 ლარი, თეა წულუკიანსა და მაია ფანჯიკიძეს - 6 250-6 250 ლარი, ნოდარ ხადურს - 21 250 ლარი, ნონა ყანდიაშვილს - 10 000... სულ, მის მიერ ჩარიცხულმა თანხამ 406 525,3 ლარი შეადგინა, ახლა კი ივანიშვილი, როგორც ჩანს, დახარჯულ მილიონებს იბრუნებს.