სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე ბიძინას მიეკედლებიან

  15:19:03     20-06-2012

ხანგრძლივი დაპირისპირებებისა და ბრალდებების წაყენების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნება“, „სახალხო კრებასთან“ თანამშრომლობას აპირებს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი, მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მათი რიგებიდან „კრების“ წარმომადგენლებმა – ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა, კენჭი მაჟორიტარ კანდიდატებად იყარონ. იმისათვის, რომ საარჩევნოდ, ამ პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი დაზუსტდეს, „კრების“ წევრები, მილიარდერთან შეხვედრასაც გეგმავენ, თუმცა, ამ ეტაპზე, უცნობია ივანიშვილი ბურჯანაძის გუნდის წევრებს როდის მიიღებს. შესაბამისად, ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება, თუ სად იყრიან კენჭს – კინორეჟისორი და ყოფილი სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ ოპონენტების თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ბურჯანაძესა და ივანიშვილს ერთნაირი  პოლიტიკური გემოვნება აქვთ.    

როგორც „პრესა.ჯი–ს“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა, ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხედვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, შესაბამისად, „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის თანამშრომლობა გასაკვირი არ არის.

მისი თქმით, ივანიშვილსა და ბურჯანაძეს, პოლიტიკური უთანხმოება, სამოქმედო მეთოდებთან დაკავშირებით ჰქონდათ, მაგრამ მათ ძირითად პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით,  აბსოლუტური კონსესუსი აქვთ.

„მათ პოლიტიკური ინტერესები და გემოვნება ერთნაირი აქვთ, დანარჩენ ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდებიან თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ ბლოკებისა და კოალიციების შექმნის უფლება აქვთ. კარგად ვიცით, ბურჯანაძეს, რაც უნდა. გვახსოვს,  როგორ საუბრობდა იმის შესახებ, რომ ქართულ ჯარს „გრუს“ სპეცრაზმთან ერთად დაუპირისპირდებოდა. მართალია, ივანიშვილი ასეთი მკვეთრი არ არის და ის ამბობს, რომ მიზნებს საარჩევნო გზით უნდა მიაღწიოს, მაგრამ, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე უნდა იყოს და ისინი ამას, არც მალავენ“, – აცხადებს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრების“ წარმომადგენლების მიმართ თავისი დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა და საქართველოს წინაშე მათი დამსახურების შესახებ ისაუბრა. რაც შეეხება ივანიშვილსა და ბურჯანაძის ურთიერთობას, მას შემდეგ, რაც მილიარდერი  პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, მათ შორის ადგილი არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა. მედიის ფურცლებიდან თუ ტელევიზიებიდან ისმოდა ბრალდებებიც. კერძოდ, ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ პარლამენტის ექს–სპიკერი ისევ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და მასთან ურთიერთობა არ სურდა. ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის, ყინულის „ლღობა“ ცოტა ხნის წინ დაიწყო. კერძოდ, სამების საკათედრო ტაძარში მისულმა ოლიგარქმა, ბურჯანაძეს ხელი ჩამოართვა, რაზეც ბურჯანაძემ იმით უპასუხა, რომ 27 მაისს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად გამოცხადდა. რითი დასრულდება, „ქართულ ოცნებასა“ და „კრებას“ შორის დაწყებული ურთიერთობა,  მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ივანიშვილი ბურჯანაძის გუნდის წევრებს უმასპინძლებს.