
კობა ხაბაზი: „ქართული ოცნება“ შავბნელი ძალაა
11:32:54     20-06-2012
მმართველი გუნდის წევრი, კობა ხაბაზი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებს უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე, ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს და თვისობრივად არაფერი იცვლება. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ შავბნელი მოთამაშეები არიან, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, "პრესა.ჯი" კობა ხაბაზს ესაუბრა:
- სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 74 325 065 ლარით დააჯარიმა, თუმცა, მილიარდერი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს. რა მეთოდით ამოიღებთ ამ თანხას?
- პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენისას, მითი შეიქმნა თითქოს, ის კანონმორჩილია, მაგრამ სინამდვილეში ოლიგარქი თუ რას წარმოადგენს, ამას ყველა კარგად ხედავს. ივანიშვილი თავისი ზრახვებითა და გეგმებით ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიდის. რაც შეეხება ჯარიმებს, ფინანსური სანქციების ამოღების ბევრი მექანიზმი არსებობს, რომელიც გამოყენებული იქნება. ეს იქნება - ქონების დაყადაღება, გაყიდვა თუ კიდევ სხვა მექანიზმი. მას ვაიძულებთ, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ივანიშვილი საზოგადოებას იმისკენ კი არ უბიძგებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის იზრუნონ, არამედ მისი მიზანი დაძაბულობის შექმნაა. ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი იმ დავალების შესასრულებლად ემზადებიან, რაც მათ კრემლისგან აქვთ მიცემული, ანუ, მათი ამოცანა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნაა.
- ანუ, ივანიშვილს აიძულებთ, რომ ჯარიმები დაფაროს?
- რა თქმა უნდა. მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ ინსტანციაში გაასაჩივროს. ქვეყანაში კანონი ყველამ უნდა დაიცვას, რადგან ჩვენი საქართველოს ქვაკუთხედი – კანონის პატივისცემაა.
- თქვენ მიიჩნევთ, რომ ივანიშვილი „რუსული პროექტია“, თუმცა, მან ქვეყნის მასშტაბით უკვე სამი აქცია გამართა, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი დაესწრო. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მას მხარს?
- „ქართული ოცნების“ აქციებზე ის ხალხი მიდის, ვინც ყოველთვის ოპოზიციურად იყო განწყობილი. თუ თქვენ ისეთ ხუთი ათას ადამიანს მომიყვანთ, რომელიც ხელისუფლების მომხრე იყო და ახლა ივანიშვილის მხარდამჭერი გახდა, გეტყვით, რომ არაფერი ვიცი, თუმცა, ასე ხდებოდა მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა, ოქრუაშვილმა და გაჩეჩილაძემ პარტიები დააფუძნეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ პარტიაში ათასობით ადამიანი წევრიანდებოდა, მაგრამ მათ როგორ დასრულეს პოლიტიკა – კი იცით. ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს და თვისობრივად არაფერი იცვლება.
- მმართველი გუნდი, ანუ, ივანიშვილის კოალიციას სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამს?
- რა თქმა უნდა - არა. ეს გაერთიანება, არჩევნებზე, სავარაუდოდ, მეორე ადგილს დაიკავებს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობით ჩვენ მოვალთ. ამის თქმის საფუძველს კი, ის მაძლევს, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს. საქმიანობას თუ იმ ტემპით გავაგრძელებთ, როგორც ახლა ვმუშაობთ, რა თქმა უნდა უმრავლესობით მოვალთ. ივანიშვილისა და მისი გუნდის ამოცანა - ქვეყნის ნგრევაა, ხოლო ჩვენი - შენება. შესაბამისად, ოქტომბერში, ქართული საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს.
- თქვენ ვარაუდობთ, რომ მომავალ პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება?
- ეს დამოკიდებულია ასევე „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „მემარჯვენეების“ აქტიურობაზე, ისინი თუ როგორ შეძლებენ კამპანიის წარმართავს.
- თუმცა, მათ საზოგადოება „სატელიტ“ პარტიებად მიიჩნევს. . .
- კვლევები ადასტურებს, რომ ქდმ-ს ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. მართალია, ჩემი აჭარული წარსულიდან გამომდინარე, მათდამი სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მოსახლეობის დადებითი განწყობით სარგებლობენ.
- რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, აქტიური და დაძაბული პოლიტიკური შემოდგომა იქნება?
- ვფიქრობ, რომ ოპოზიცია არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დავალებას მიიღებს, რომ სიტუაცია არიონ, მაგრამ უილიამ ფოლკნერის სიტყვებს მოვიშველიებ და გეტყვით, რომ ოპონენტები „შავბნელ მოთამაშეებს გვანან, რომლებიც ვერ მიმხვდარან თავისი ბოლო ხელის წაგების გარდუვალობას“. „ქართულ ოცნებაშიც“ არიან ასეთი მოთამაშეები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან.