ჰაინრიხ ჰაინეს ორი სონეტი
08:08:16     20-06-2012
დიდი გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine) დაიბადა 1797 წლის 13 დეკემბერს, დიუსელდორფში, ბოლკენშტრასეზე. იმ პერიოდში დიუსელდორფი ხან ფრანგების ხელში იყო, ხან გერმანელების. 1815 წელს გერმანის, კერძოდ პრუსიის შემადგენლობაში შევიდა.
დიდი პოეტი წარმოშობით ებრაული ოჯახიდან გახლდათ. მისი მამა, სიგიზმუნდ სამსონის ძე ჰაინე ვაჭარი იყო, ვაჭრობდა ქსოვილებით. თუმცა ვაჭრობაში დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. დედა, ბეთი ვან გელდერნი ექიმის ქალიშვილი გახლდათ, მეტად განათლებული და ერუდირებული მანდილოსანი. ოჯახში ოთხი შვილი ჰყავდათ. მიუხედავად კარგი განათლებისა, ბეთის არ უყვარდა ლიტერატურა.
დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ კათოლიკურ ლიცეუმში. პატარა ჰარი (მონათვლამდე ასე უწოდებდნენ ჰაინრიხს), გატაცებით კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე „დონ-კიხოტს“. დიუსელდორფის პრუსიასთან შეერთების შემდეგ ჰაინე სწავლობდა ეკონომიკურ სასწავლებელში.
1816 წელს ოჯახმა იგი ჰამბურგში ბიძასთან, ბანკირ სოლომონ ჰაინესთან გააგზავნა. სოლომონი ცდილობდა ბიზნესით დაეინტერესებინა ძმისშვილი, თუმცა ჰაინეს პოეზია იტაცებდა და ვაჭრობაში და ბუღალტერიაში არაფერი გამოსდიოდა. მას არ უყვარდა ჰამბურგიც, რომელსაც „ჩარჩების ქალაქს“ უწოდებდა, „სადაც ვერ ნახავ პოეტური გრძნობის ნატამალსაც კი“ - წერდა ის მეგობარს.
სამი წელი ცხოვრობდა ბიძია სოლომონთან ახალგაზრდა პოეტი. ამ დროს შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი ამალია. ამალიასადმი ცალმხრივი სიყვარული არა ერთი შედევრის შექმნის შთაგონების წყარო გახდა რომანტიკოსი პოეტისათვის („სიმღერების წიგნი“).
როცა მილიონერი ბიძა დარწმუნდა, რომ მისი ძმისშვილი კომერსანტი ვერ გამოვიდოდა, 400 ტალერი დაუნიშნა წლიური შემოსავალი. ახალგაზრდა პოეტს ბონის უნივერსიტეტში უნდა შეესწავლა იურისპრუდენცია. თუმცა თანხა ძალიან მცირე იყო, ამიტომ დედამ ძვირფასეულობა გაყიდა და ასე შეუგროვდა ფული სასწავლებლად. იურისპრუდენციის ნაცვლად გერმანული ენისა და პოეზიის ლექციების მოსმენა ამჯობინა სტუდენტმა.
1820 წელს გადავიდა გეტინგენის უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტიდან გამორიცხეს, ვინაიდან ერთ-ერთი სტუდენტი დუელში გამოიწვია. 1821-1823 წლებში სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც იმ დროს ჰეგელი მოღვაწეობდა. დაუახლოვდა ბერლინში მოღვაწე ლიტერატურულ წრეებს. სტუდენტობის პერიოდში იყო კულტურული და სამეცნიერო კვლევის საზოგადოების წევრი, რომელიც შეისწავლიდა იუდაიზმს ( "Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes").
1824 წელს ჰაინრიხ ჰაინე იძულებული გახდა ლუთერანულად მონათლულიყო, სხვაგვარად ვერ მიიღებდა დოქტორის ხარისხს. თუმცა ამან ვერ გაუხსნა გზა სახელმწიფო სამსახურში.
ამ დროისათვის ახალგაზრდა ჰაინრიხ ჰაინე უკვე ცნობილი პოეტი გახლდათ. მან ლექსების გამოქვეყნება 1817 წლიდან დაიწყო. პირველი კრებული 1821 წელს გამოსცა, მეორე 1823 წელს.
1827-1828 წლებში იმოგზაურა ინგლისში, ჰოლანდიაში, იტალიაში. რის შედეგადაც დაიწერა მისი „მოგზაურობის სურათები“, რაც ითვლება მეცხრამეტე საუკუნის გერმანული მხატვრული პროზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნად.
სამშობლოში ცენზურა გასაქანს არ აძლევდა. 1830 წელს მიესალმა ივლისის რევოლუციას და გადასახლდა პარიზში. 1835 წელს მისი ნაწარმოებები აიკრძალა გერმანიაში (ერთი საუკუნის მერე ნაცისტებმაც აკრალეს მისი წიგნები და დაწვეს). მხოლოდ 1843 წელს მოახერხა სამშობლოში ჩასვლა ცოტა ხნით.
1846 წელს, დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა... თუმცა მაინც წერდა. 1851 წელს შეიქმნა მისი კრებული „რომანსერო“, 1853-1854 წლებში კი „აღიარებანი“.
ჰაინრიხ ჰაინე გარდაიცვალა 1856 წლის 17 თებერვალს, პარიზში. დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაოზე.
ჰაინრიხ ჰაინემ დიდი გავლენა იქონია გერმანულ და არა მარტო გერმანულ ლიტერატურაზე. მისი შესანიშნავი ლექსების საფუძველზე მუსიკა დაწერეს შუბერტმა, შუმანმა, ვაგნერმა, ბრამსმა, ჩაიკოვსკიმ და სხვებმა.
უყვარდათ და უყვართ ჰაინე საქართველოშიც. მის შემოქმედებას პირველად ილია და აკაკი გამოეხმაურნენ. მოსწონდათ მისი პუბლისტური ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული ნაწარმოებები თარგმნა იოსებ ბაქრაძემ (ამის შესახებ ვუამბეთ პრესა.გე-ს მკითხველს). მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა.
დღეისათვის ქართულად თარგმნილია ჰაინრიხ ჰაინეს ბევრი ნაწარმოებები. მის შემოქმედებას საქართველოში მიეძღვნა არა ერთი მონოგრაფია.
მკითხველს ვთავაზობთ ჰაინრიხ ჰაინეს ორ სონეტს, „ა. ვ. ფონ შლეგელს“ და „ჰ. შ.-ს“, რომლებიც თარგმნა აკაკი გელოვანმა.
ა. ვ. ფონ შლეგელს *
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
ხაბარდიანი, მოქარგული კაბით მორთული,
ზიზილ-პიპილით, მოლაპლაპე ძოწის ღაწვებით,
ცხვირწვეტიანი ფეხსაცმლითა და ცხვირაწევით,
კოშკისმაგვარი ვარცხნილობით ახალმოდურით
გამოპრანჭული მოგვევლინა უნდილი მუზა,
რომ სიყვარულით მოეხიბლე, გულს ჩაეკარი,
მაგრამ შენ გვერდით აუარე, არ გაიკარე,
გაჰყევი გზასა ბუნდოვანსა, ოცნებით თქმულსა.
ძველ უდაბნოში ნახე შემდეგ ციხე ციური,
შიგ მარმარილოს ქანდაკივით ნაზი, მზიური
მზეთუნახავი ქალიშვილი იწვა მძინარე.
რომ მიესალმე, გაქრა მყისვე ჯადო-თილისმა;
ის იყო მუზა ჭეშმარიტი გერმანიისა
და სიყვარულით მოგეხვია პირმომცინარე.
ჰ. შ.-ს * *
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
როგორც კი შენი კოხტა წიგნი გავშალე, ვნახე,
რა გულითადი, ლაღი, ოქროს სურათებია!
კვლავ მესალმება, რასაც შვებით უნათებია -
ყრმობის ოცნება, სიამენი ბავშვობის დღეთა.
ვხედავ ხელახლა, დგას ამაყი, ცად აღმართული,
რწმენით ნაგები გერმანიის დიდი ტაძარი,
მესმის შორი ხმა: ქუხს ორღანო, ქორო და ზარი, -
ხმა, სიყვარულის ტკბილ ჩივილთან გადახლართული.
ვხედავ იმ თავხედ არსებებსაც, უხეშს და უხამსს,
ტაძრის გარშემო ერთობიან მარჯვე ჯუჯები
ყვავილ-ჩუქურთმის წეწვა-გლეჯით და გაფუჭებით.
მაგრამ რაც უნდა მოაგლიჯონ ფოთლები მუხას,
სულაც განძარცვონ სხივმოსილი შენი ოცნება, -
მოვა მაისი და ხელახლა შეიმოსება.
---------
* - ა. ვ. ფონ შლეგელს - ავგუსტ-ვილჰელმ შლეგელი - ადრეგერმანული რომანტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი. იყო ხელოვნებისა და ლიტერატურის თეორეტიკოსი, კრიტიკოსი, პოეტი და მთარგმნელი. ჰაინრიხ ჰაინე ბონის უნივერსიტეტში ისმენდა შლეგელის ლექციებს 1819-1820 წლებში და დიდ პატივს სცემდა მას. თუმცა მერე მკაცრად აკრიტიკებდა.
* * - ჰ. შ.-ს - სონეტი ეძღვნება ჰაინრიხ შტრაუბეს - გამომცემელს ჟურნალ „ჯადოსნური ჯოხისა“ (Wünschelrute), რომელშიც მონაწილეობდნენ არნდტი, ბრენტანო, ძმები გრიმები და სხვები.