მიხეილ კინწურაშვილი - „უფალს“ და „პოეტს“

  08:07:08     20-06-2012

პოეტი მიხეილ პავლეს ძე კინწურაშვილი დაიბადა 1885 წელს.

მიხეილ კინწურაშვილის ფსევდონიმები იყო - იასამანი, იალონი, ჟგიმარიონი. ლექსებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მწყემსში“, „მოგზაურში“, „ჩვენ ხმაში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“ და სხვა. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა კრებულებში.

მუშაობდა პედაგოგად. წლების მანძილზე ინდუსტრიულ ინსტიტუტში მოღვაწეობდა ქართული და რუსული ენების კათედრის გამგედ. თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურ ნაწარმოებებს.

მიხეილ კინწურაშვილის თხზულებების პირველი ტომი დაიბეჭდა 1922 წელს.

მიხეილ კინწურაშვილი გარდაიცვალა 1955 წელს.

პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ მის მშვენიერ ლექსებს: „პოეტს“ და „უფალს“. ამ ლექსებში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ზოგადად პოეზიისადმი, პოეზიის დანიშნულება. მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ის, პოეტი, მზადაა შეეწიროს მსხვერპლად, ოღონდ „სხვათ მაინც საიდუმლო შეიგნონ“, სხვებს მაინც მიეცეთ უფლის წყალობა...

პოეტს

თუ სიმებად გაიხადე
დაჩაგრული ხალხის გული
თუ თითებს ზედ ათამაშებ,
წმინდა გრძნობით გამსჭვალული...

თუ რომ კალმით აღარ ხაზავ
შენ ორმაგად ბედის ქაღალდს,
ხალხს თუ ძველსაც შეაყვარებ
და გარდასცემ რასმე ახალს;

თუ ორჭოფად აღარა ჰყეფს
რჩეულთ ხვედრი - შენი ჩანგი,
და ერთს საგანს მსახურებენ
მისი ხმები, მისი ჰანგი;

გაიხარე! შენი არის
ამოდენა ხალხის გული,
წმინდა ნაყოფს გამოიღებს
თესლი, მასში ჩანერგული!..

(„ივერია“, 1904 წ., # 237)

უფალს

1

შენს საუკუნოდ მიბნედილს და მიჭედილს კარებს
დავუახლოვდი, ვდგევარ მარტო სასო მიხდილი...
თავი დავხარე... მომიტევე... ლიბანის ჩრდილი
სევდას ვერ ამხსნის, ღრუბლიან ცას ვერ გამიდარებს.

2

ამ ქვეყნის ტანჯვით მე ვერ მივსცემ ანგარიშს ბეჯითს, -
იდუმალია, მოკლებული კაცთა ცნობასა...
არ გამოითქმის, ვეღარ ვპოებ მოთხრობას ბედითს,
რომ განსაზღვრული მსჯავრი დავდო ძულვილ-გმობასა.

3

მეწამული ზღვით ნიავი ჰქრის მაგრილებელი,
ლიბანის მთებში ბზა იშლება, სხივი კიაფობს...
აწ შენს კარებთან სდგას ის, შენი მადიდებელი,
უფალო ცათა, და უსწორო თვის გზათ გიამბობს.

4

მოწყალე იქმენ... და ვედრება უკანასკნელი
ისმინე მისი, განდგომილის, განკითხვის დროსა: -
გაარე ეგ ბჭე გარდუვალი, გულის მომკვლელი, -
და სასწაული მოუვლინე ბნელს უდაბნოსა...

5

მასინ მე თუნდაც წარვიშალო და ქვათ შევერთო,
სხვამ მაინც იცნოს ზეციური შენი ხატება...
მე არ ვიქნები და არცა-რა მომენატრება,
მაგრამ სხვათ მაინც საიდუმლო შეიგნონ, ღმერთო! –

6

მეწამული ზღვით ნიავი ჰქრის მაგრილებელი,
ლიბანის მთებში ბზა იშლება, სხივი კიაფობს...
აწ შენს კარებთან სდგას ის, შენი მადიდებელი,
უფალო ცათა, და უსწორო თვის გზათ გიამბობს.

(„ცისარტყელა“, 1920 წ., # 3)