
ბიძინა ივანიშვილს, დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა, დღეს ეწურება
12:29:52     19-06-2012
ბიძინა ივანიშვილს, კონტროლის პალატის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა, დღეს ეწურება.
უკვე ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღნიშნული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ხვალიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ვადა ამოიწურება, კონტროლის პალატა, აღსრულების ფურცლით სასამართლოს მიმართავს. ამის პარალელურად კი, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
აღსრულების ეროვნული ბიურო, თავის მხრივ, ვალდებულია, ბიძინა ივანიშვილს აცნობოს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ. ამისთვის, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ხუთი დღის ვადა აქვს.
თუკი ბიძინა ივანიშვილი, მომდევნო ხუთ დღის განმავლობაშიც არ გადაიხდის მისთვის დაკისრებულ ჯარიმას, აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იძულების წესით ამოიღებს აღნიშნულ თანხას.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უფლება აქვს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქონებას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ყადაღა დაადოს.
ივანიშვილის გარემოცვაში არ იციან, რა ქონებას ფლობს ოლიგარქი საქართველოში. ამ შემთხვევაში, ქონებაში ითვლება უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი არჩილ კბილაშვილი, არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქონების მფლობელია ბიძინა ივანიშვილი. კბილაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხით არასდროს არ დაინტერესებულა.
კონკრეტული პასუხი არ აქვთ აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც. ბიუროს ხელმძღვანელი ნიკა მელია განმარტავს, რომ მათთან საქმის წარმოება ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ უჭირს პასუხის გაცემა, ყადაღა დაედება ივანიშვილის ქონებას, თუ სხვა იძულების წესს გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და ის 74 325 065 ლარით განისაზღვრა.