მიმომხილველთა მოსაზრებით, ობამასა და პუტინის შეხვედრის ტონალობა ცივი და მშრალი იყო

  11:02:24     19-06-2012

მექსიკაში, ქალაქ ლოს–კაბოსში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტზე,  ნავსი გატყდა და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა აშშ–ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამასა და კრემლში პრეზიდენტად მობრუნებული ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, შეხვედრისას ლიდერთა ტონი იყო საკმაოდ მშრალი, ხოლო  სახეებზე  ღიმილი თითქმის არ გასჩენიათ.

„ჩვენ ვილაპარაკეთ საერთაშორისო პრობლემებზე სირიის ჩათვლით და შეხების მრავალი წერტილი ვიპოვეთ“, – თქვა პუტინმა განცხადების ხელმოწერის შემდეგ. თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და გაურკვეველი დარჩა დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათიანი შეხვედრა დაეხმარა თუ არა მათ პოზიციების დაახლოებაში.

ცნობილია, რომ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიელ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს „დამოუკიდებლად, დემოკრატიული გზით აირჩიოს საკუთარი მომავალი“.

ორივე ლიდერმა მხარეებს ყოველგვარი ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და გაეროს სპეცწარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შეთავაზებული  მშვიდობიაბი დარეგულირების გეგმის შესრულებისკენ მოუწოდა.

ამას გარდა, ერთობლივ განცხადებაში პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა სტრატეგიული იარაღისა და თავდასხმითი შეიარაღების  შეზღუდვის, ტერორიზმთან და ნარკოტრაფიკთან ერთობლივად ბრძოლის, ასევე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თაობაზე დიალოგის გაგრძელების შესახებ.

პუტინისა და ობამას ეს შეხვედრა დროში დაემთხვა ჯერჯერობით დაუდასტურებელ ფაქტს იმის თაობაზე, რომ ორი რუსული ხომალდი ემზადება სირიის მიმართულებით გაცუროს. შესაძლოა, ამ გემი–ამფიბიების ამოცანას  შეადგენდეს რუსეთის მოქალაქეთა დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ტარტუსის სამხედრო–საზღვაო ბაზიდან აღჭურვილობის ევაკუირება.

როგორც „ბი–ბი–სის“ კორესპონდენტი თავდაცვის საკითხებში, ჯონათან მარკუსი აღნიშნავს, თუ იქით გემების გაგაზავნის თაობაზე ინფორმაცია დადასტურდება, იმის მაჩენებელი იქნება, რომ რომ რუსეთი წინასწარ სიფრთხილეს იჩენს იმ შემთხვევისათვის, თუ სირიის რეჟიმი დაეცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 18 ივნისს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, არც ობამას და არც პუტინს, საერთოდ არ უხსენებიათ ბაშარ ასადის სახელი, მით უმეტეს, მისი პოსტიდან წასვლის აუცილებლობაზე არ ულაპარაკიათ. ობამა  წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, მოუწოდებდა „ პოლიტიკური პროცესისკენ“, რომელიც სირიაში ძალადობას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ამის გამო უნდა წავიდეს ასადი.

მოგვიანებით, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბენ როუდსმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ აშშ კვლავინდებურად გამოდის იქიდან, სირიაში ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ასადის ხელისუფლებიდან წასვლას.

შეხვედრის ბოლოს ობამამ და პუტინმა თავშეკავებულად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი, ხოლო მათი გამოსვლების ტონი იყო ცივი და საქმიანი.    მეთვალყურეთა მოსაზრებით, ორივე ლიდერი საკმაოდ შებოჭილი გახლდათ, ერთმანეთს თვალებში თითქმის არ უყურებდნენ, ხოლო სახეებზე ღიმილი არ შეტყობიათ.

ობამამ აღნიშნა, რომ აშშ–სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში შენარჩუნებულია უთანხმოებანი, მაგრამ, მისი თქმით, ისინი პუტინთან  ერთად შეძლებენ ნებისმიერ ორმხრივ უთანხმოებას გაუმკლავდნენ.

ორი ლიდერის მიერ ხელმოწერილ ექვსგვერდიანი დოკუმენტი ასევე შეიცავს ორი ქვეყნის პოზიციას ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე.

„მშვიდობიანი მიზნით ბირთული ენერგიის გამოყენების შესახებ ირანის უფლებათა გათვალისწინებით, ჩვენ მივიჩნევთ, ირანისთვის აუცილებელია ყველა ძალისხმევა მოანდომოს, რათა საერთაშორისო ნდობა აღიდგინოს, რომ ქვეყნის ბირთული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიმართულებისაა. ამისათვის აუცილებელია, რომ თეირანმა სრულად შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოსა და „მაგატეს“ რეზოლუციიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება, ასევე ითანამშრომლოს „მაგატესთან“ და დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ყველა არსებული საკითხი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პრეზიდენტებმა მიანიშნეს, რომ მათ საერთო მიზანს შეადგენს დარეგულირება, რომელიც მოლაპარაკებათა გზით მიიღწევა და მოელიან, რომ ირანსა და ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენელთა შორის ამჟამად მოსკოვში მიმდინარე ორდღიან მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულ დიალოგს.