რობერტ ბერნსის ერთი ლექსის ორი ქართული თარგმანი
08:42:58     19-06-2012
დიდი შოტლანდიელის - რობერტ ბერნსის რამდენიმე ლექსი უკვე შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს. დღეს გვინდა მისი ერთ-ერთი შესანიშნავი ლექსის ქართული თარგმანის ორი ვარიანტი შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს. პირველი, სათაურით „ჩემი სიყვარული წითელი ვარდია“, ეკუთვნის ღვაწლმოსილ მთარგმნელსა და ლიტერატორს თამარ ერისთავს, მეორე ვარიანტი, სახელწოდებით „წითელი, წითელი ვარდი“, ეკუთვნის ნათია ჩუბინიძეს. ვფიქრობ, ნათია ჩუბინიძე კარგად აგრძელებს თამარ ერისთავის საქმეს. სხვადასხვა გამოცემებში ლექსს My Love is Like A Red, Red Rose ეწოდება, ზოგჯერ Red, Red Rose. დაიწერა ხალხურ მოტივებზე 1794 წელს.
ამ დიდებულ ლექსზე შექმნილია სიმღერაც, რომელსაც ასრუებდა და ასრულებს მრავალი მომღერალი. ქვემოთ გთავაზობთ ამ სიმღერას შესანიშნავი შოტლანდიელი მომღერალი ქალის, კარენ მათესონის შესრულებით.
დიდი შოტლანდიელი პოეტის, ფოლკლორისტისა და პატრიოტის, რობერტ ბერნსის (Robert Burns, გელურად - Raibeart Burns) დაბადების დღე, 25 იანვარი შოტლანდიელი ხალხისათვის დღესასწაულია - ის აღინიშნება მთელს შოტლანდიაში და მსოფლიოში, მისი პოეზიის თაყვანისმცემლების მიერ - Burns supper.
XVIII საუკუნე შოტლანდიური კულტურის აღმავლობის ხანაა. ამ მოვლენის დაგვირგვინებად ითვლება რობერტ ბერნსის შემოქმედება. მან საბოლოოდ დაუმკვიდრა ეკლესიისა და სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ უარყოფილ „ჩრდილოურ დიალექტს“ თავისი ადგილი პოეზიაში, ისევ აქცია შოტლანდიური ენა, - რომელიც უკვე ინგლისურის დიალექტად ქცეულიყო, - პოეზიის ენად.
როგორც ვთქვით, დიდი პოეტი დაიბადა 1759 წლის 25 იანვარს პატარა დაბა ალოუეიში, ეირშირის საგრაფოს ქალაქ ეირთან (გელურად Inbhir Àir) ახლოს. მამამისი, უილიამ ბერნესი (William Burness) ღარიბი გლეხი იყო. ოჯახს უჭირდა. მომავალი პოეტი უფროსების მხარდამხარ შრომობდა.
1783 წლიდან წერდა ლექსებს. 1784 წელს გარდაიცვალა პოეტის მამა. რობერტმა სცადა მეურნეობისათვის მიეხედა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1786 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი: „პოემები, უმეტესად შოტლანდიურ დიალექტზე“ („Poems, Chiefly in the Scottish dialect“... ამას მოჰყვა სხვა წიგნებიც. მალე მთელს შოტლანდიაში გაითქვა სახელი.
რობერტ ბერნსს პატიოსანი სიღარიბის მომღერალს უწოდებენ. მისი აზრით, უბრალო, ღარიბი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელით აკლიათ, სასმელიც, ტანსაცმელით, უფრო მეტად მორალურნი და ხშირ შემთხვევაში გონიერნიც არიან, ვიდრე გაქსუებული დიდკაცები. ამაზეა ლაპარაკი იმ ნაწარმოებშიც, რომელსაც დღეს ვთავაზობთ მკითხველს. ამავე ნაწარმოებში არისტოკრატიული წოდებების გაუქმება, ადამიანთა გათანასწორებაც იწინასწარმეტყველა.
ბერნსის პოეზია ძალიან შეუყვარდა უბრალო ხალხს, ის მათთვის გასაგებ ენაზე წერდა, მათთვის გასაგებ პრობლემებზე, მათ უმღეროდა. ის ხომ უბრალო შოტლანდიელების ფოლკლორით და ცხოვრებისეული სიბრძნით აღზრდილი პოეტი გახლდათ. სწორედ ამაში ხედავდა გოეთე მისი პოეზიის სიდიადის საიდუმლოს.
1787 წელს გადავიდა ედინბურგში. იქ გაიცნო ფოლკლორისტი ჯეიმს ჯონსონი, რომელთან ერთადაც გამოსცემდა კრებულს: „შოტლანდიური მუსიკალური მუზეუმი“ („The Scot’s Musical Museum“). ამ გამოცემაში გამოაქვეყნა მის მიერ გადამუშავებული არა ერთი შოტლანდიური ბალადა და თავისი ნაწარმოებები.
ცოტაოდენი ქონებაც დააგროვა. უნდოდა თავისი პატარა ქონება ფერმაში დაებანდებინა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. 1791 წელს დაიწყო მუშაობა აქციზების შემგროვებლად.
ჰყავდა სამი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი. 1787 წელს დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე - ჯინ არმორზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.
პოეზიისთვის უფრო მეტს მოიცლიდა, რომ ჰქონოდა საარსებო შემოსავალი, სამუშაო კი ბევრ დროს ართმევდა. მაინც ღარიბად ცხოვრობდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ვალების გამო, კინაღამ ციხეში მოხვდა,
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1796 წლის 21 ივლისს დამფრისში, 37 წლის ასაკში. ერთ-ერთ მიზეზად, დაავადებებთან ერთად, ბავშვობაში გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა მიაჩნიათ ბიოგრაფებს.
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია
(თარგმნა თამარ ერისთავმა)
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია, -
ტოტებზე აწვდილი,
ჩემი სიყვარული სიმღერის ჰანგია, -
ნაზი და ხმატკბილი.,
რაც უფრო კეკლუცობ, რაც უფრო ლამაზობ,
ნაზად იმზირები, -
უფრო ვიძირები მე შენს სიყვარულში,
უფრო ვიძირები.
მანამ მეყვარები, ვიდრე დაცხრებიან
დრო-ჟამის ქარები,
ვიდრე ზღვა დაშრება, ვიდრე კლდე დადნება,
მანამ მეყვარები.
სადაც არ წავიდე ცხოვრების გზებით და
ცხოვრების მრუდებით,
გჯეროდეს ისევე შენ დაგიბრუნდები,
შენ დაგიბრუნდები.
წითელი, წითელი ვარდი
(თარგმნა ნათია ჩუბინიძემ)
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია,
ბაღნარში ლამაზად გადაშლილი,
ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია,
მელოდია, ჰარმონიით აღვსილი.
როგორც ხელოვნება, მარად მშვენიერი,
ღრმაა სიყვარული ჩემი,
მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა,
სანამ მთლად დაშრება ზღვები.
სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები
და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი,
მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული,
სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი.
ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო,
გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ,
მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის,
თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა..