
აფხაზმა ექსპერტმა მოსკოვის იმედებს ხაზი გადაუსვა: სერბეთს სოხუმი და ცხინვალი არც ახსოვს
07:45:49     19-06-2012
სერბეთი არ აპირებს აფხაზეთის აღიარების საკითხის განხილვას. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა აფხაზ ექსპერტსა და გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორს ინალ ხაშიგს, რომელიც გასულ კვირას აფხაზ ჟურნალისტებთან ერთად სერბეთში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, სერბეთის ახალი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი, ცოტა ხნის წინ, არჩევისთანავე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსული მედიის ინფორმაციით განაცხადა, რომ სერბეთის პარლამენტს, შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების საკითხის განხილვა დაეწყო.
ამ ინფორმაციას „აპლოდისმენტებით“ შეხვდა მოსკოვი, ისევე როგორც, მარიონეტული რეჟიმები. მაგრამ აფხაზი ექსპერტი ინალ ხაშიგი ეჭვობს, რომ ნიკოლიჩის განცხადება მოსკოვში მხოლოდ კრემლის საამებელი სიტყვები იყო და სხვა არაფერი, რადგან ბელგრადში არც სოხუმი და ცხინვალი ახსოვთ და არც მათი აღიარება.
თანაც, ინალ ხაშიგის თქმით, სერბეთს ახლა საკუთარი პრობლემები აქვს. პარლამენტი ნიკოლიჩის პოლიტიკური მოწინააღმდეგებითაა სავსე, ქვეყანა კი ახლადნაომარს ჰგავს. ამ ფონზე კი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სერბეთის საზოგადოებისთვის არააქტუალურია.
თანაც, აფხაზი ექსპერტი იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ ტომისლავ ნიკოლიჩმა ზემოაღნიშნული განცხადება, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის საამებლად გააკეთა და მისი სიტყვები, რომელიც კრემლმა, სოხუმმა და ცხინვალმა თითქმის დაპირებად აღიქვა, „რევერანსი იყო რუსეთისათვის“.
„მე ვეკონტაქტე იქ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მაგრამ აფხაზეთის აღიარების საკითხი, როგორღაც, არ განიხილება. საინფორმაციო გადაცემებსაც ვუყურებდი, გაზეთებსაც ვათვალიერებდი, მაგრამ აფხაზეთზე ერთი სიტყვაც არ მინახავს“ - განაცხადა ხაშიგმა.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვში წარმოთქმული სიტყვები ნიკოლიჩმა სერბეთში ჩასვლისთანავე დაივიწყა.
„ნიკოლიჩმა ეს თქვა მოსკოვში და მაქვს შთაბეჭდილება, რომ ჩასვლისას (სერბეთში) აღარც ახსოვდა ამის შესახებ. ეს, ერთგვარი, რევერანსი იყო რუსეთისთვის. ველაპარაკე ადგილობრივ ექსპერტებს და ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის უმრავლესობაში ნიკოლიჩის ოპონენტები არიან. და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი რომც დადგეს პარლამენტში, საეჭვოა, რომ ისინი ხმას მისცემენ ამ გადაწყვეტილებას“ - ამბობს აფხაზი ექსპერტი.