
ივანიშვილი ბურჭულაძის ყიდვას 50 მილიონად აპირებს
17:13:41     18-06-2012
ბიძინა ივანიშვილი ბუნებით კოლექციონერია. ზოგადად, შეგროვების მანია, მილიარდერების ახირებაა. ზოგი აგროვებს ფერწერულ ტილოებს, არქიტექტურულ ნიმუშებს, იახტებს, ავტომობილებს. ბიძინას ახირებას, ადამიანების შემგროვებლობა ჰქვია.
ჭორვილელი ოლიგარქი იშვიათ და ფასდაუდებელი ნიჭის ადამიანებს აგროვებს. ახლა შეიძლება ეს პოსტულატი საკამათოდ მოგეჩვენოთ. დავით უსუფაშვილი და თინიკო ხიდაშელი რა ფასდაუდებელი განძიაო, მაგრამ ჩვენ ადამიანებზე ვსაუბრობთ და არა პოლიტიკურ რობოტებზე, რომლებსაც სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა ძალები ქოქავენ და მერე ისევ თიშავენ.
მოკლედ, ჩვენ, გივი ბერიკაშვილისნაირებსა და სხვა ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომელთაც მიუხედავად მათი პროფესიული სიდიადისა, ადამიანური სისუსტეები მაინც აღმოაჩნდათ და ფულის ცდუნებას ვერ გაუძლეს. ახლა კი, ბიძინას „მოსასყიდ–შესასყიდთა“ რიგში პაატა ბურჭულაძეც გამოჩნდა.
ბურჭულაძის გვარმა, პირველად არ გაიჟღერა რუსეთუმე ივანიშვილის სახელთან. თუმცა, ეტყობა აქამდე ვერ მოერია ბიძინა მომღერლის თავმოყვარეობას. ბურჭულაძის გაპოლიტიკოსებით, მსოფლიო კი დაკარგავს საოპერო მომღერალს, მაგრამ სამაგიეროდ, ივანიშვილი მიიღებს არშემდგარ პოლიტიკოსს.
როგორც ჩანს, ბიძინამ თავიდან ვერ გათვალა და ბურჭულაძის ბერიკაშვილის ფასად ყიდვა გადაწყვიტა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გაჭიანურდა ბატონი პაატას „ქართულ ოცნებაზე“ მიერთების პროცესი. თუმცა, ახლა, „შუშის კოლბიდან“ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.
ბიძინა პაატა ბურჭულაძეს 50 მილიონს სთავაზობს იმის სანაცვლოს რომ იგი „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდეს. ასეთი უცნაურია კაცია ივანიშვილი. აქამდე პოლიტიკოსებს იმას აყვედრიდნენ, ფული მიაქვთ პარტიებში, რომ საარჩევნო სიაში მოხვდნენო. ილიგარქი კი, იქით იხდის მილიონებს, რომ ხალხი სიებში ჩასმას დათანხმდეს. ამასაც მოესწრო მრავლისმნახველი ქართული პოლიტიკა.
პაატა ბურჭულაძის საარჩევნო სიაში ჩასმასთან დაკავშირებით, ოლიგარქის პრესსამსახურის უფროსმა ორაზროვნად გვიპასუხა, ასეთი მნიშვნელოვანი და გრანდიოზული ინფორმაციის გამჟღავნების პრეროგატივა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვსო.
„პრესა.ჯი“ პაატა ბურჭულაძესაც დაუკავშირდა. მან ამ ეტაპზე, პოლიტიკაში წასვლა გამორიცხა.
„პრესა. ჯი“: აპირებთ თუ არა, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდეთ და მისი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოთ?
პაატა ბურჭულაძე: მე მაგათთან ნამდვილად არ ვარ და საერთოც არაფერი მაქვს - პოლიტიკურ მხარეს ვგულისხმობ.
- თქვენ ოლიგარქ ივანიშვილს შეხვდით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიძინას ოცნების“ რიგებს უერთდებოდით. ამავე დროს, კოალიციის წევრები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ და თავიანთ გუნდში გელოდებიან... თქვენი სახელით სპეკულირებენ?
- მან კარგი საქმე გააკეთა და დაგვეხმარა, როცა პარიზში საღამო ჩატარდა. სხვათაშორის, მაშინ, საქართველოს კულტურის სამინისტროც ძალიან დაგვეხმარა. ივანიშვილთან მადლობის სათქმელად მივედი. ეს იყო და ეს.
- პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავთ?
- ამ ეტაპზე, ნამდვილად გამოვრციხავ.
მოკლედ, დიდი მომღერალი უარზეა. თუ გავითვალისწინებთ ბიძინას ამბიციურობას, იგი 50 მილიონს, ერთ იმდენს კიდევ დაუმატებს, რომ როგორმე ბურჭულაძე დაითანხმოს. ეყოფა თუ არა, ნებისყოფა მომღერალს, ამას მკითხველი თავად დაინახავს.